Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პრეზიდენტი დაიკარგა“ - აფხაზი გმირი საქართველოდან ბილ კლინტონის წიგნში


ბილ კლინტონის რომანი ბევრ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის რუსულადაც, თუმცა, საიტებზე გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთში ამერიკის პრეზიდენტის წიგნი არ მოეწონათ. მასში რუსეთი კარგად სულაც არ არის წარმოჩენილი.
ბილ კლინტონის რომანი ბევრ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის რუსულადაც, თუმცა, საიტებზე გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთში ამერიკის პრეზიდენტის წიგნი არ მოეწონათ. მასში რუსეთი კარგად სულაც არ არის წარმოჩენილი.

„პრეზიდენტი დაიკარგა“ - ბილ კლინტონის ეს რომანი 2018 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერი გახდა. წიგნში კლინტონი საქართველოზეც წერს, მთავარი გმირებიდან ერთ-ერთი კი აფხაზი ქალი - ნინა შინკუბაა.

წიგნი ამერიკის პრეზიდენტის კაბინეტში გამართული სხდომით იწყება. პრეზიდენტს ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებენ და დანაშაულებსაც ჩამოუთვლიან:

„აფეთქება ბრიუსელში, „ბელვუდ არმს ჰოტელში“, რომელმაც 57 ადამიანი შეიწირა, მათ შორის სახელმწიფო დელეგაცია კალიფორნიიდან. საქართველოს საჰაერო სისტემის დაცვის გატეხა, რის გამოც თვითმფრინავები ჩამოვარდა, ერთში იჯდა საქართველოს ელჩი აშშ-ში“...

პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.

ამბავი კიდევ 600-მდე გვერდზე გრძელდება. სულ წიგნში 128 თავია. დაწერილია პირველ პირში. მთავარი მოქმედი პირი წიგნშიც ამერიკის პრეზიდენტი ჯონათან ლინკოლნ დუნკანია. სახელიც და ყველაფერი დანარჩენიც მწერლის ფანტაზიას ეკუთვნის, უფრო სწორად - მწერლების.

წიგნს ორი ავტორი ჰყავს, ამერიკელი ჯეიმს პეტერსონი, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორი მსოფლიოში, რომელიც მისტიკისა და ტრილერის ჟანრში წერს, და ბილ კლინტონი, აშშ-ის პრეზიდენტი 1992-2001 წლებში. კლინტონი იცნობდა როგორც საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, ასევე მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც პრეზიდენტი 2004 წელს გახდა. სააკაშვილი თავის მოგონებებში იხსენებს, რომ კლინტონს რამდენჯერმე შეხვედრია ქართულ რესტორანში ამერიკაში. კლინტონი ვეგეტარიანელი იყო და ფხალეულობა მოსწონდაო, - წერს სააკაშვილი.

გელა ჩარკვიანი, ედუარდ შევარდნაძე და ბილ კლინტონი თეთრ სახლში
გელა ჩარკვიანი, ედუარდ შევარდნაძე და ბილ კლინტონი თეთრ სახლში

საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა ბილ კლინტონის მეუღლე ჰილარი კლინტონი, რომელმაც მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტის პოსტზეც იყარა კენჭი.

ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი
ჰილარი კლინტონი და მიხეილ სააკაშვილი

წიგნი სათავგადასავლო ჟანრისაა. ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს, მინისტრთა კაბინეტში მოღალატეს მიაგნოს და თავიდან აირიდოს კიბერშეტევა, რომელიც აშშ-ის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას ჩამოქცევით ემუქრება.

„რაც კი ხდება ამ წიგნში, კიბერშეტევა იქნება თუ სხვა რამ, მართლაც რომ მომხდარიყო, ასე მოხდებოდა. ამით არის ეს წიგნი საინტერესო“, - თქვა, პეტერსონმა წიგნის ერთ-ერთ განხილვაზე.

რამდენად იმეორებს წიგნის პერსონაჟი პრეზიდენტი ნამდვილს. კლინტონს ეს შეკითხვა ბევრჯერ დაუსვეს, ისიც ყოველთვის ამბობდა, რომ არა, ეს ორი პრეზიდენტი ორი სხვადასხვა ადამიანია: „ის, მე არ ვარ, მაგრამ ისიც კარგი პრეზიდენტია“.

ტერორისტებთან დევნაში არცთუ იშვიათად საქართველოც ჩანს. ერთხელაც პრეზიდენტს მოახსენებენ:

„ბატონო პრეზიდენტო, - ამბობს ლიზ გრინფილდი, - ის გოგო, ნინა, მისი თითის ანაბეჭდები ისევ გამოჩნდა. ნინა შინკუბა ჰქვია. ბევრი არაფერი ვიცით მასზე, ვფიქრობთ, რომ სადღაც 26 წლის წინ აფხაზეთის რეგიონში დაიბადა, საქართველოს რესპუბლიკაში“.

„სეპარატისტულ ტერიტორიაზე“, - ვამბობ. - „საკამათო ტერიტორიაზე“ რუსეთმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის სურვილს საქართველოსგან ავტონომიური ყოფილიყო. ამის გამო, ყოველ შემთხვევაში თითქოსდა ამის გამო, 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომიც იყო.

„დიხ, სერ, ნინა შინკუბა საქართველოს ხელისუფლებას ეჭვმიტანილი ჰყავს იმაში, რომ 2008 წელს სადავო საზღვარზე მატარებლის სადგური დაბომბა, ქართველების მხარეს. თავდასხმების სერია იყო ორივე მხრიდან, სანამ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ომი ატყდებოდა“.

ეს რუსეთსა და საქართველოს შორის ომში გადაიზარდა.

„ის სეპარატისტი იყო?“

როგორც ჩანს. საქართველო მას ტერორისტს უწოდებს“... [სტილი დაცულია - რ.თ.]

ნინა შინკუბა რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირია, თუმცა ნაკლებად ჩანს, მუდმივად იმალება, ხან ევროპაშია, ხან - ამერიკაში. მოგვიანებით კლავენ კიდეც. სანამ ცოცხალია, პროგრამულ კოდებს წერს, კომპიუტერული ვირუსით ამერიკის დაქცევა უნდა. თან დევნამაც დაღალა და სადღაც იმის იმედიც აქვს, იქნებ პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან მიშუამდგომლოს და სახლში დამაბრუნონო.

ერთ-ერთ გადამწყვეტ ეპიზოდში, პრეზიდენტი და მისი გუნდი ცდილობენ გამოიცნონ პაროლი ნინას კომპიუტერზე, რომელშიც დამღუპველი ვირუსია ჩატვირთული და გარკვეული დროის შემდეგ ქსელში ავტომატურად უნდა გავრცელდეს.

რა შეიძლება იყოს პაროლი? სცადეს ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა: „საქართველო“, „აფხაზეთი“, „შავი ზღვა“ (იქნებ, შავი ზღვა ენატრებაო), ახლობლების სახელები, სიტყვა „თავისუფლებაც“ კი. ბოლო წამებია დარჩენილი და ბოლო მცდელობა არის სიტყვა „სოხუმი“. ჭრის. ამერიკა გადარჩა.

რომანი ბევრ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის რუსულადაც, თუმცა, საიტებზე გამოხმაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთში ამერიკის პრეზიდენტის წიგნი არ მოეწონათ. მასში რუსეთი კარგად სულაც არ არის წარმოჩენილი. „ტიპური ამერიკული ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაარჩინეს მსოფლიო“, - წერს ერთ-ერთი კომენტარებში.

თავად ამერიკაში წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ლიტერატორებისგან, ისე იუტუბერებისა და უბრალო მკითხველებისგან. იყვნენ კრიტიკოსებიც, მაგალითად, ბრიტანულმა „გარდიანმა“ დაწერა, რომ რომანს დამაჯერებელი სიუჟეტი არა აქვს, არც დაძაბულობა იგრძნობა და არც პაროლების გამოცნობის სცენაა დიდად სარწმუნო.

წიგნი გამოიცა 2018 წელს. დაგეგმილი იყო სერიალის გადაღებაც.

წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა, პირველივე კვირას 250 ათასი ცალი გაიყიდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG