„ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ პოლიტიკური პროცესები ქუჩაშია გადასული. პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მსაზღვრელი, ერთგვარი ახალი „ბაზვორდი“, კი არის სიტყვა „არაძალადობრივი“. დღეს ქუჩაში მდგომი უკვე თითქმის ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საუბრობს არაძალადობრივ წინააღმდეგობაზე და ხელისუფლების მშვიდობიან იძულებაზე,საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების შინაარსი აბსოლუტურად სამართლიანია და არჩეული გზაც, ერთი შეხედვით, სავსებით მისაღები, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც არ უერთდება არაძალადობრივ მოძრაობას.
მოსახლეობის პასიურობას ყველა დაინტერესებული მხარე საკუთარი პოზიციიდანხსნის. საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით არსებობს სამი ვერსია. პირველი ვერსიის თანახმად, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ესმის საარჩევნო სისტემის მნიშვნელობა და ხალხი არ და ვერ რეაგირებს ასეთ „ტექნიკურ და ცივი გონების“ საკითხებზე. ქუჩისთვის საჭიროა ემოცია. შესაბამისად, უნდა მოხდეს ხალხში გასვლა და მათი „განათლება.“ ჩემი აზრით, ეს მიდგომა ელიტისტური და პრობლემურია. მესმის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება არ იცოდეს, თუ რა თეორიული და სამართლებრივი განსხვავებებია პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის, მაგრამ ხალხი სწორედაც, რომ ძალიან კარგად ხვდება, რომ ხელისუფლებამ 14 ნოემბერს „გადააგდო.“ ამიტომაც არ მგონია, რომ პრინციპი „ხალხი ვერ ხვდება“ ძლიერი არგუმენტი იყოს ამ შემთხვევაში.
მეორე ვერსიის თანახმად, მოსახლეობაში ჯერ კიდევ ძლიერია შიში და სიძულვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამ ვერსიის მიხედვით, ვინაიდან დღეს ენმ გვევლინება საპროტესტო მუხტის და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერად, სწორედ ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რატომაც არ გამოდის ხალხი აქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრებაშიც გარკვეული ლოგიკა შეიძლება დავინახოთ, ბოლო არჩევნების შედეგები ამ ვერსიის გასაქარწყლებლად გამოგვადგება. ფაქტია, რომ 2018 წლის არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიღო დაახლოებით 800 ათასი ხმა. რაც იმას ნიშნავს, რომ ენმ-ის მიმართ შიში და სიძულვილი შეიძლება არსებობდეს საზოგადოების ერთ ნაწილში, მაგრამ არა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში.
მესამე ვერსიის მიხედვით კი, ხალხი დაღლილია. აქციებმა: „ნუ მომკლავ“, „ჩვენ ერთად ვცეკვავთ“ და „გავრილოვის ღამემ“ დემონსტრაციებისთვის საჭირო ენერგია მთლიანად გამოფიტა. ამ ყველაფრის ფონზე დაღლილი და იმედგაცრუებული ხალხი არ და ვერ გამოდის საარჩევნო რეფორმის ჩაგდების გასაპროტესტებლად. ჩემი აზრით, ეს ვერსია ყველაზე ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან. არაძალადობრივი მოძრაობების ერთ-ერთი მკვლევარი, ბილ მოიერი ამბობს, რომ ნებისმიერი არაძალადობრივი მოძრაობა შედგება რვა ფაზისგან. აქედან მეხუთე არის „დაღლა და წარუმატებლობის განცდა“, რომელიც არის ბუნებრივი და ხშირად გარდაუვალი. მიუხედავად ამისა, ეს ეტაპი ძალიან ადვილად გადაილახება ცვლილებების აგენტების და მოძრაობების ლიდერების მიერ, რომლებიც საბოლოოდ ცვლიან უმრავლესობის აზრს და აღწევენ წარმატებას არაძალადობრივი გზით.
ქართულ რეალობაში დღეისათვის არ ჩანს მოსახლეობის დაღლის და არსებული წარუმატებლობის განცდის გადალახვის ნიშნები. შესაბამისად გთავაზობთ ჩემს ვერსიას, თუ რატომ არ უერთდება მოსახლეობის დიდი ნაწილი შინაარსით და ფორმით სამართლიან, არაძალადობრივ მოძრაობას.
არაძალადობრივი მოძრაობა პოლიტიკურია, მაგრამ არა პარტიული
არაძალადობრივი მოძრაობა პოლიტიკურია. უფრო მეტიც, არაძალადობრივი მოძრაობა სხვა არაფერია, გარდა პოლიტიკურისა, მაგრამ არაძალადობრივი მოძრაობა თითქმის არასდროს არის პარტიულად პოლიტიკური. ისტორიაში თითქმის ყველა წარმატებული არაძალადობრივი მოძრაობა იყო დამოუკიდებელი (ან წარმატებით აჯერებდა მოსახლეობას, რომ იყო დამოუკიდებელი) პარტიული პოლიტიკის გავლენებისგან. უფრო მეტიც, არაძალადობრივი მოძრაობები ხშირად აერთიანებდნენ და ქმნიდნენ კოალიციებს სხვადასხვა პარტიებს შორის სამოქალაქო აქტივისტების მეთაურობით და არა პირიქით.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა არაძალადობრივი მოძრაობა მიზნად ისახავს არსებული ხელისუფლების შეცვლას ან მათთვის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების (ან არ მიღების) იძულებას, როცა ხალხი გრძნობს, რომ არაძალადობრივი მოძრაობის სათავეში დგანან პოლიტიკოსები, ან პირდაპირ თუ ირიბად მართავენ არაძალადობრივ მოძრაობას და მიმდინარე პროცესებს პარტიული ინტერესებისთვის, მაშინ ხალხის უმრავლესობა ვერ ახდენს თვითიდენტიფიკაციას და მიკუთვნებას ამ მოძრაობისთვის.
დღემდე ორგანიზებული ქრესტომათიული თუ მცირე მასშტაბის არაძალადობრივი მოძრაობების ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ არაძალადობრივი მოძრაობა - იქნებოდა ეს განდის „სატიაგრაჰა“, აფრო-ამერიკელების მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის თუ Otpor-ის მოძრაობა ყოფილი იუგოსლავიის სერბეთში, - იყო მშვიდობიანი იძულება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად პოლიტიკური ელიტების, დამორჩილებოდნენ ხალხის და სამოქალაქო აქტივისტების მმართველობას დროის კონკრეტულ მონაკვეთში მაინც.
ამ კუთხით საქართველოში ვითარება ცალსახად განსხვავებულია. ჩვენთან მიმდინარე არაძალადობრივი მოძრაობის მებაირაღედ გვევლინებიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ქმნიან ფორმალურად დამოუკიდებელ არაძალადობრივ მოძრაობებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ და ცალსახად ებმებიან პარტიული პილიტიკის დომინაციის ქსელში.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, მიმდინარე არაძალადობრივი მოძრაობის ასეთი კაფკასეული „მეტამორფოზის“ გამოკვეთილად არტიკულირება და კრიტიკა საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეუძლია, ხალხი საკუთარ პოზიციას და პროტესტს, მიმდინარე პროცესების მიმართ, მაინც გამოხატავს აქციებში არ მონაწილეობით. პოლიტიკოსები კი ჯიუტად განაგრძობენ სიტყვა „არაძალადობრივის“ გამოყენებას და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სარგებლის მიღებაზე ფიქრს.
რა თქმა უნდა, წერილის მიზანი არ არის, ოპოზიციის და მიმდინარე აქციების გაკრიტიკება. უფრო მეტიც, მგონია, რომ ოპოზიცია ვალდებულიცაა, რომ არსებულ სიტუაციაში გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საბოლოოდ მიაღწიოს სამართლიან და თანასწორ არჩევნებამდე. ამისთვის საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, იქნებოდა პარტიული აქტივის მობილიზაცია და არა საკუთარი რესურსების მინიმალური დანახარჯებით და არაძალადობრივი მოძრაობის რიტორიკის გამოყენებით პასუხისმგებლობის ხალხზე აკიდება. რადგანაც ეს უკანასკნელი არ მუშაობს პოლიტიკოსებისთვის და არც იმუშავებს, თუნდაც იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიის არაძალადობრივი დემონსტრაცია თვისებრივად განსხვავდება არაძალადობრივი მოძრაობისგან. როგორც იტყვიან, არაძალადობრივი მოძრაობა იუპიტერისაა, ხარს ეს არ გამოსდის.