შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.
ცრუ ბრალდებებს შორის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასახელებს ნარატივს, რომლის თანახმადაც აშშ და დასავლელი მოკავშირეები „ზეწოლას ახდენენ საქართველოზე, რათა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად“ და თითქოს აშშ-ს „მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების ორ მცდელობაში“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას „დასანანი“ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავს წვრთნებს „სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის“.
პენტაგონის თანახმადვე, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა 2024 წლის 30 მაისს დაიწყო.
ამას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ის დადანაშაულება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ხელშეწყობაში; ამასთან, საზოგადოების საყოველთაო წინააღმდეგობის, ასევე, დასავლეთიდან მოწოდებების მიუხედავად, „აგენტების კანონის“ მიღება და 28 მაისს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
პენტაგონი აცხადებს, რომ „შეერთებული შტატების მთავრობამ განსაზღვრა, რომ ახლა შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად“.
„ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ „ღირსეული პარტნიორის“ მსგავს წვრთნებს. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს, მათ შორის მათ შორის წვრთნების, AGILE SPIRIT-ის ჩატარებას“, - აცხადებს პენტაგონი.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რადგან ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
გასულ წელს, 2023 წლის მაისში, საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ევროპაში აშშ-ის ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, „მცველი 23“ (Defender 23).
2022 წლის აგვისტოში საქართველომ მეექვსედ უმასპინძლა „ღირსეულ პარტნიორს“.
საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებდა.
„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ს, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
ფორუმი