მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები იუწყებოდნენ, რომ პრორუსული ძალები ქვეყანაში არეულობის მოწყობას აპირებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მარტის დასაწყისში მათ კიშინიოვში „ვაგნერის“ წევრი დააკავეს.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გავრცელებული დოკუმენტი შეისწავლა. მასში საუბარია, რომ მიუხედავად გამოაშკარავებისა, რუსეთს თავის გეგმაზე ხელი არ აუღია. 2022 წლის ნოემბერში, The Washington Post-მა უკრაინის უშიშროების მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი მოლდოვაში არეულობას აქციების მეშვეობით გეგმავს. 13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს. მისი თქმით, გადატრიალება ე.წ. ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად უნდა მომხდარიყო.
„ამ გეგმით მოლდოვაში შემოვიდოდნენ რუსეთის, ჩერნოგორიის, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები. მათი მიზანი საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება იქნებოდა, კანონიერი ხელისუფლების უკანონო, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლებით შეცვლა“, - განაცხადა სანდუმ.
რამდენიმე დღით ადრე, ევროპის საბჭოში გამოსვლისას, მსგავს გეგმაზე ილაპარაკა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„ჩვენს უშიშროებას ხელში ჩაუვარდა რუსეთის დეტალური გეგმა - პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია მოლდოვაში. რუსული დოკუმენტი აჩვენებს, როდის და რანაირად აპირებენ გატეხონ მოლდოვა, ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და დაამყარონ მასზე კონტროლი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოლდოვის ხელისუფლება ირწმუნება, რომ არეულობა ქვეყნის ახალი პროდასავლელი მმართველის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უნდა მოწყობილიყო. ეს აქცია 12 მარტს, კიშინიოვში გაიმართა. რადიო თავისუფლების მოლდოვის ბიუროს ინფორმაციით, პრორუსული პარტიისა (პარტია „შორი“) და ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა ხალხისთვის“ მხარდამჭერები პრეზიდენტის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, მათ ელექტროენერგიის მაღალი ფასიც გააპროტესტეს.
მიტინგის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტებს მთავრობის სახლის შესასვლელი გადაუკეტა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ, გაერღვიათ. მოლაპარაკების შედეგად პოლიციამ მთავრობის სახლში პარტია „შორის“ სამი დეპუტატი შეუშვა, რომლებმაც იქ აქციაზე მიღებული რეზოლუცია მიიტანეს. ამის შემდეგ მანიფესტაცია დაიშალა.
პრიგოჟინთან კავშირი
როგორც 28 თებერვლით დათარიღებულ პენტაგონის დოკუმენტშია ნათქვამი, მოლდოვის წინააღმდეგ შეთქმულებიდან ზოგიერთი ფიგურა მაინც აპირებს, გააგრძელოს თავისი საქმიანობა ამ მიმართულებით.
ამერიკის სამხედრო უწყების მონაცემებით, დესტაბილიზაციის დაგეგმვას ხელმძღვანელობდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია Vegacy Strategic Services და თანამშრომელი, „რომელიც დაკავშირებული იყო „ვაგნერის“ გავლენის ჯგუფთან“. ეს ჯგუფი დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც The Farm – „ფერმა“. აშშ-ში, სასამართლოს დოკუმენტებშიც კი, ამ სახელწოდებით პრიგოჟინის ტროლების ქარხანას მოიხსენიებენ.
Vegacy-ზე ბევრი არაფერია ცნობილი, ისევე როგორც „ვაგნერზე“. როგორც 2019 წელს, Conflict Intelligence Team-ის გამომძიებლებმა დაადგინეს, Vegacy-ს დაქირავებულები 2016 წელს, სირიის ქალაქ ალეპოს ალყისას რუსეთის სამხედროებთან თანამშრომლობდნენ. სამი წლის შემდეგ კი სირიაში პალესტინის დიასპორის დაჯგუფების „ლივა ალ-ქუდესის“ წევრებს წვრთნიდნენ. ეს დაჯგუფება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ ლოიალურია.
ამ წვრთნების ფოტოებზე, დაქირავებულების ფორმებზე ჩანს ნაქარგი წარწერები - Vega Strategic Services-ი. 2011 წლის აპრილში, უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ამავე სახელწოდების კომპანია დაარსდა. ის რუსეთისა და უკრაინის ელიტური და სპეცგანყოფილებების ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს. Vega Strategic Services-ი, როგორც ამას მის საიტზე ვკითხულობთ, კერძო პირებსა და კომპანიებს მომსახურებას სთავაზობდა იმ სფეროებში, რომლებიც მაღალ რისკს უკავშირდება. ასევე მუშაობდნენ მცველებად გემებზე.
დაარსებიდან წელიწადში კომპანია კვიპროსზე გადავიდა და სახელწოდება შეიცვალა, გახდა Vegacy Strategic Services Ltd. როგორც კვიპროსის რეესტრიდან ჩანს, კომპანია 2012 წლის ივნისში დარეგისტრირდა, 2018 წლის მაისში კი გაუქმდა. მაშინ ფირმა სანახევროდ უკრაინის მოქალაქეს ეკუთვნოდა - ანატოლი სვოლინს, რომელიც მისი დირექტორი იყო.
2022 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Vegacy-ის წევრები ვენესუელაში წვრთნიდნენ ძალოვნებს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიმართ ლოიალურები იყვნენ. მისი ლეგიტიმურობა ვენესუელის პარლამენტმა არ აღიარა, ასევე მოიქცნენ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის აშშ.
თავის მხრივ, „ვაგნერიც“ აქტიურად მონაწილეობდა სირიის ომში. სამხედროებს ვენესუელაში აგზავნიდა მადუროს დასახმარებლად. უკრაინის უშიშროების სამსახური 2019 წელს ირწმუნებოდა, რომ კერძო სამხედრო ორგანიზაცია Vega, დამოუკიდებელი კომპანია არ არის და სინამდვილეში „ვაგნერის“ საქმიანობის შესანიღბად შეიქმნა. Vega-ს ერთ-ერთი დაქირავებული დიმიტრი ჯინიკაშვილი, რომლის შესახებაც Conflict Intelligence Team-ის გამოძიებაშია საუბარი, ახლა უკრაინაში იბრძვის. ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება მისი სოციალური ქსელიდან - „ვკონტაქტე“.
ჩაშლილი წვრთნები
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეთქმულების ორგანიზატორები გეგმავდნენ, მოლდოვის არეულობის მონაწილეები თურქეთში, 24 და 28 თებერვალს გაეწვრთნათ, მაგრამ იძულებულები გახდნენ, წვრთნის ადგილი რუსეთში გადაეტანათ. მიზეზი „მგზავრობის მხრივ შეფერხება“ იყო, ასევე ისიც, რომ თურქეთის სამართალდამცავები რუს მამაკაცებს ახლა განსაკუთრებით აკვირდებიან. ასევე გადაწყვიტეს, წვრთნების ხანგრძლივობა ერთ ან ორ თვემდე გაეზარდათ. იგეგმებოდა 150 კაცის გაწვრთნა. მათთვის უნდა ესწავლებინათ, როგორ წამოეწყოთ საპროტესტო აქციები; რა შეიძლებოდა მოემოქმედებინათ მოლდოვის სამართალდამცავებს; როგორ უნდა აღმოეჩინათ პირველი სამედიცინო დახმარება მათთვის, ვინც მიტინგის დარბევისას დაშავდა; როგორ უნდა მოქცეულიყვნენ დაკავების შემთხვევაში.
9 მარტს კიშინიოვში, ოპოზიციის მიტინგამდე ცოტა ხნით ადრე, მოლდოვის დედაქალაქში „ვაგნერის“ წევრი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სასაზღვრო პოლიციამ გაავრცელა. დაკავებული კიშინიოვში თვითმფრინავით ჩავიდა. მას დეპორტაცია გაუკეთეს და ისევ იმ ქვეყანაში გაუშვეს, რომლიდანაც ჩამოფრინდა. ქვეყანა არ სახელდება. პოლიციელებმა გამოაქვეყნეს მისი ტატუების ფოტოები „ვაგნერის“ სიმბოლოებით. ასევე ფოტო მისი ტელეფონიდან. მასზე რამდენიმე ადამიანი სამხედრო ფორმებში პოზირებს. ერთ-ერთს ხელზე ნაქარგი აქვს, რომელიც Vegacy-ის ნაქარგის მსგავსია. მეორეს აქვს ჯვარი, რომლითაც „ვაგნერის“ დაქირავებულებს აჯილდოებენ.
როგორც მოლდოვის პოლიციის ხელმძღვანელმა ვიორელ ჩორნეუციანუმ ჟურნალისტებს მოუთხრო, დაკავებული იყო რუსეთის მოქალაქე და „მისი მიზანი იმ ხალხის გაწვრთნა გახლდათ, რომელიც მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა“.
მოლდოვის ახალი მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 40 ადამიანი დააკავეს. 7-ს ბრალი წაუყენეს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. აპრილში მათ პატიმრობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელეს. ჩორნეუციანუმ ჟურნალისტებს აცნობა, რომ არეულობის ორგანიზატორებმა 10 ჯგუფი შექმნეს, თითოში 10 კაცით, რომლებსაც აქციებისთვის რუსეთიდან ამზადებდნენ და ხელმძღვანელობდნენ. ეს შეესაბამება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს იმ დოკუმენტის მონაცემებს. ჩორნეუციანუს თქმით, არეულობის მოწყობაში თითოეულ გადაბირებულს 10 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ.
პენტაგონიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე დააკავეს ამერიკელი სამხედრო ჯეკ ტეიშეირა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში ინტერნეტით გავრცელებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.