Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კრიზისი“? „კობახიძის გუნდის შიდა გამარჯვება“? - რას ამბობს „ოცნების“ სიის ოცეული მმართველ პარტიაზე


„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - რას ამბობს სია მმართველი გუნდის მოლოდინებსა და სტრატეგიაზე
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - რას ამბობს სია მმართველი გუნდის მოლოდინებსა და სტრატეგიაზე

ბიძინა ივანიშვილი, პრემიერი, ექსპრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ერთგული კადრები, სახელოვანი სპორტსმენები და ახალი სახეები - „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული "სტაჟიანი და ახალი" წევრებისგან შედგება.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს გუნდი იქნება „საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის“ გარანტი.

პოლიტიკის კომენტატორები კი ვარაუდობენ, რომ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის შემადგენლობა, რომელიც პარტიამ 10 სექტემბერს დაასახელა, აჩვენებს, „თუ რამდენად ცუდად აქვს საქმე „ქართულ ოცნებას“, როგორ კრიზისშია - როგორც რეიტინგის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით“.

ივანიშვილი - პირველად სიაში

„ქართული ოცნების“ 13-წლიანი არსებობისა და ოთხი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში, პარტიის დამფუძნებელი, ამჟამად საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველად არის საარჩევნო სიაში - ბუნებრივია, პირველ ნომრად.

2012 წელს მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდა და არ შეეძლო არათუ კენჭისყრა, საკუთარი პარტიის თავმჯდომარეობაც კი.

ბიძინა ივანიშვილი პარტიული სიის ოცეულის წარდგენაზე. 2024 წლის 10 სექტემბერი
ბიძინა ივანიშვილი პარტიული სიის ოცეულის წარდგენაზე. 2024 წლის 10 სექტემბერი

ივანიშვილს პრემიერობა „ოცნების“ გამარჯვებამ მოუტანა და ამის შემდეგ იგი რამდენჯერმე წავიდა პოლიტიკიდან და შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ყოველი მოსვლა კრიზისთან იყო დაკავშირებული. ბოლო დაბრუნების შემდეგ, ვხედავთ, რომ შუშის „კოლბით“ დაატარებენ საარჩევნო შეხვედრებზე. ასე რომ, სახალხო აქტივობა რამდენად [არ] სურს ივანიშვილს, ყველამ იცის“, - ამბობს გიორგი რუხაძე, მოძრაობის, „აირჩიე ევროპა“, თანადამფუძნებელი.

2012-დან 2023 წლამდე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა, ორჯერ წავიდა და ორჯერ დაბრუნდა - ორივეჯერ პარტიულ თანამდებობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე.

„რახან ამხელა მსხვერპლის გაღება უწევს, ეს მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ კარგად არ აქვს საქმე. და მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კვლავ საკუთარი რეპუტაციით, - როგორც თავად ამბობს, „საზოგადოების ჭარბი ნდობით“ - უნდა მეოთხე ვადით გაიხანგრძლივოს ხელისუფლება“, - ეუბნება გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლებას.

პერსონალური პოლიტიკური რეიტინგების ბოლო, 2024 წლის ივლისის კვლევის თანახმად, - რომელიც Edison Research-მა ჩაატარა ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით, - ბიძინა ივანიშვილი გამოკითხულთა მხოლოდ 36%-ს მოსწონს.

ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსები, ამ კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი და გიორგი მარგველაშვილი არიან 63-63%-ით. „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის კი პირველ ადგილს კახა კალაძე იკავებს 40%-ით.

„ქართული ოცნების“ 2012 წლის კოალიციურ სიაში პირველი ნომერი სწორედ კახა კალაძე იყო, 2016 წელს - გიორგი კვირიკაშვილი, 2020 წელს კი - გიორგი გახარია. კვირიკაშვილი და გახარია, ორივე პრემიერმინისტრობის დროს ედგნენ სიას სათავეში.

პრემიერი - სიის მეორე ნომერი

მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - საარჩევნო სიის მეორე ნომერია.

„ეს სია აჩვენებს კობახიძის გუნდის გამარჯვებას. მისმა გუნდმა აიღო ძალაუფლება ხელში“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი და "ოცნების" კაბინეტის მინისტრი 2016 წლამდე.

„ბიძინა ივანიშვილი ფსონს დებს ირაკლი კობახიძეზე. როგორც იქნა, გამოჩნდა გუნდი, ვისაც შეიძლება ენდოს“, - მიიჩნევს იგი.

ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი

საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

სწორედ კობახიძის პრემიერობისა და პაპუაშვილის სპიკერობის პირობებში მიიღეს საქართველოში „აგენტების კანონი“, რამაც ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაჩერა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაყინა.

პარლამენტიდან ოცეულში კიდევ რამდენიმე დეპუტატი მოხვდა. მაგალითად:

  • მამუკა მდინარაძე (#5) - უმრავლესობის ლიდერი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, „აგენტების კანონზე“ მთავარი მომხსენებელი;
  • მაკა ბოჭორიშვილი (#9) - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 2020 წლიდან. „აგენტების კანონს“ მანაც, ყველა სხვა თანაგუნდელის მსგავსად, ხმა მისცა;
  • ანრი ოხანაშვილი (#13) - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
  • ნიკოლოზ სამხარაძე (#14) - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ასევე პარლამენტიდან სიაში მე-17 ნომრადაა განწესებული ერთ-ერთი ახალი სახე, ლევან მახაშვილი, - ის ამჟამად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსია.

„ასევე, ანგარიში გაეწია სოზარ სუბარის გუნდს, - „ოცნება“ უკიდურესად მემარჯვენე ამომრჩეველზე მუშაობს“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„ხალხის ძალა“

ოცეულში მოხვდნენ „ქართული ოცნებიდან“ ორი წლის წინ „მეტი სიმართლის თქმის“ საფუძვლით ფორმალურად გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრები.

ეს ჯგუფი, - რომელსაც ივანიშვილთან დაახლოებული პირები ლიდერობენ, - მთლიანად „ოცნების“ სიით გადის არჩევნებზე.

ოცეულში მათგან მოხვდნენ:

  • სოზარ სუბარი (#11) - ყოფილი სახალხო დამცველი და დევნილთა ყოფილი მინისტრი;
  • მიხეილ ყაველაშვილი (#18) - ყოფილი ფეხბურთელი.

ოცეულში არ არის, მაგრამ „ოცნების“ წარდგენილ 22 „დელეგატს“ შორისაა ამავე გუნდის ლიდერი - ივანიშვილის ყოფილი პირადი ექიმი - დიმიტრი ხუნდაძე. წელს მაჟორიტარული ოლქები აღარ არსებობს და „დელეგატებიც“ სრულ საარჩევნო სიაში იქნებიან განწესებულები, თუმცა ჯერ უცნობია, რომელ ადგილებზე.

„თუმცა, როგორც ჩანს, კახა კალაძის გუნდიდან არავინ არ არის პირველ ოცეულში“, - ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. „ვფიქრობ, აშკარად ჩანს, რომ კალაძე ჩაჩოჩებულია. საინტერესოა, მომდევნო ადგილობრივ არჩევნებში როგორ დაუჭერს მხარს „ოცნება“ კალაძეს მერობის კანდიდატად“, - ამბობს ის.

სპორტსმენები

სიის ოცეულში ახალ სახეებს შორის ორი წარმატებული სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია:

  • თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი
  • და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

„მე ეს ივანიშვილის იდეა მგონია. სპორტსმენებს, ვვარაუდობ, რომ სთხოვეს, შეექმნათ ანტურაჟი, რომ „სპორტსმენები მხარს უჭერენ მმართველ გუნდს“. მათი დამატების მიზანია, აჩვენონ, რომ „ქართული ოცნება“ არც ისეთი „ჩაძირულია“, როგორც სინამდვილეში“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე
ბიძინა ივანიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე

„ქართული ოცნება“ ყოველი არჩევნებისას იმატებს გუნდში ახალ-ახალ სპორტსმენებს. პარალელურად, იგი ოპონენტებს და კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ „სპორტი და პოლიტიკა გამიჯნონ“.

პროპაგანდის ფორმას, რომელიც სპორტსა და სპორტსმენებს პოლიტიკოსების რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებს, „სპორტსვოშინგი“ ჰქვია.

„ალბათ, ეს გაგრძელებაა "ოცნების" წიაღში არსებული კრიზისისა, რომ ოლიმპიელებს, ოლიმპიურ მედლებს ეფარებიან და ამით ცდილობენ დაკარგული რეიტინგი აღიდგინონ, მათი რეიტინგით ცდილობენ დაბალი რეიტინგის კომპენსირებას“, - ამბობს გიორგი რუხაძე.

„პარლამენტი, პირველ რიგში, არის დისკუსიისა და პოლიტიკის განსაზღვრის ადგილი და მეორე რიგში - კანონების შექმნისა. ლაშა ტალახაძის და გენო პეტრიაშვილის აზრები ან კანონებზე, ან პოლიტიკაზე არა მგონია რეალურად საინტერესო იყოს“, - მიიჩნევს რუხაძე.„ოცნების“ რიგებში სპორტსმენები არიან: კახა კალაძე, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მორაგბე დავით კაჭარავა, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი, ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი და სხვები.

ოცეულში/სიაში არ დაუსახელებიათ, თუმცა „ქართული ოცნების“ 10 სექტემბრის ღონისძიებაზე იყვნენ:

  • პარტიის წევრები, მათ შორის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი;
  • კულტურის სფეროს წარმომადგენლები: მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, კომპოზიტორი დათო ევგენიძე, „იმედის“ წამყვანები, ირაკლი მაკალათია და ნოე სულაბერიძე;
  • ასევე, ძიუდოისტი ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. „იმედმა“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც იგი ბიძინა ივანიშვილს ეხუტება.

„ადამიანური რესურსის ნაკლებობა“

პარტიის ახალი სახეები, სპორტსმენების გარდა, ექვსი ადამიანია ბიზნეს- თუ აკადემიური წარსულით.

მაგრამ, მატების მიუხედავად, პოლიტიკოს კომენტატორთა ნაწილი მმართველი პარტიის რიგებში ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე მიანიშნებს:

„როდესაც მმართველი პარტია ხარ, ქვეყანაში ფაქტობრივად დარჩენილი არ არის ინსტიტუტი, სივრცე, რომელსაც არ აკონტროლებ და ახლა უკვე კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებას ცდილობ, და ამ დროს ხუთ ისეთ ადამიანსაც კი ვერ პოულობ, რომელსაც ფართო საზოგადოება იცნობს, ამით, ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი რუხაძე.

„ამ ადამიანებს არაფერს ვერჩი, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, ამ ადამიანებზე არაფერი მსმენია. და არც ვინმეს ვიცნობ, ვისაც რაიმე სმენია. ეს ჩემთვის ინდიკატორია“, - ამბობს იგი.

ოცეულში ახალ სახეებს შორის არიან:

  • ვახტანგ თურნავა (#8) - ბიზნესმენი; საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია SKILWILL-ის დამფუძნებელი. მის ერთ-ერთ კომპანიას პროკურატურისთვის აქვს გაწეული პროგრამული უზრუნველყოფის სერვისი;
  • ეკა ჭიჭინაძე (#15) - კობახიძემ საზოგადოებას წარუდგინა როგორც ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ტაბლოიდურ მედიაში ეკა ჭიჭინაძის განცხადებებიდან ჩანს, რომ ის საუბრობს, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი;
  • შოთა ბერეკაშვილი (#16) - ბიზნესმენი, სამშენებლო ინდუსტრიის კომპანია BK Construction-ის დამფუძნებელი და „ბ.კ. კაპიტალ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი; ამავე დროს, „ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის დის ქმარი.
  • ლევან მახაშვილი (#17) - შალვა პაპუაშვილის კაბინეტის უფროსი; ევროპისმცოდნეობის დოქტორი. ამბობს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში თავი წარმოუდგენია საგარეო პოლიტიკისა და, ასევე, განათლების მიმართულების გუნდების წევრად.
  • გიორგი გაბუნია (#19) - ადვოკატი. 2024 წლის აპრილში დააფუძნა „საზოგადოება ქართული“. „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციას აქვს ინიციატივა „საჯარო სკოლებში ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის საგნად შეტანაზე“; ასევე, სურთ „ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლად შექმნილი და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა“.
  • ლიკა შარტავა (#20) - ფსიქოლოგი. მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მის კავშირებს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარე, 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემისას მოკლულ ჟიული შარტავასთან.

ღარიბაშვილი - #3

ორგზის ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიის მესამე ნომერია.

„მართალია, პირველ ოცეულში ყველაზე მეტი გვარი რაც ჩანს, არის კობახიძის გუნდიდან, თუმცა ეცადნენ, დაეკმაყოფილებინათ სხვა ჯგუფებიც. პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„ღარიბაშვილის გუნდიდან ოცეულში არავინ არის. ის, ფაქტობრივად, მარტოა. მას მიეცა მესამე ადგილი, რათა, სავარაუდოდ, დაეკმაყოფილებინათ მისი და მისი გუნდის ამბიციები“, - ვარაუდობს იგი.

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პირველი საარჩევნო ოცეულის წარდგენაზე
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პირველი საარჩევნო ოცეულის წარდგენაზე

როდესაც 2023 წლის ბოლოს, 30 დეკემბერს, ივანიშვილმა გამოაცხადა პოლიტიკაში „შემობრუნების“ შესახებ, ეს გადაწყვეტილება, სხვა მიზეზებთან ერთად, მმართველ გუნდში „კორუფციის რისკების საგანგებო დაზღვევის საჭიროებით“ ახსნა.

მაშინ სამჯერ გაიმეორა, რომ პრემიერი „არ შეიცვლება“. ზუსტად ერთ თვეში კი 41 წლის ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი - უკვე მეორედ. მან და ირაკლი კობახიძემ პოზიციები გაცვალეს.

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებშია დაკავებული „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის პოპულარიზაციით.

თეა წულუკიანი - #6

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სიის მეექვსე ნომერია.

თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ყველაზე მეტხანს, რვა წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოსტს - 2012-20 წლებში ის იუსტიციის მინისტრი იყო.

2012 წელს წულუკიანი არა პარტია „ქართული ოცნების“, არამედ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო და სწორედ ასე მოხვდა პარლამენტში, - როგორც კოალიციის წევრი პარტიის წარმომადგენელი. პარლამენტში შესვლისთანავე ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. 2014 წელს მან პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა - მას შემდეგ, რაც „თავისუფალ დემოკრატებს“ განხეთქილება მოუვიდათ „ქართულ ოცნებასთან“.

2020 წელს მინისტრი წულუკიანი „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მეოთხე ადგილზე წარადგინეს. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად პოსტიდან გადადგა. შემდეგ გახდა დეპუტატი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.

თუმცა რამდენიმე თვეში კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - 2021 წლის მარტიდან ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრია.

თეა წულუკიანი და მიხეილ ყაველაშვილი
თეა წულუკიანი და მიხეილ ყაველაშვილი

მას ჯერ არ უთქვამს, რა გეგმები აქვს ამ არჩევნების შემდეგ.

„თეა წულუკიანი ძალიან ამბიციური პოლიტიკოსია. არა მგონია, რომ ის რიგითი დეპუტატი იყოს. ამას გამოვრიცხავ. მას ან პრეზიდენტობა მოუნდება, - თუ, რა თქმა უნდა, ამის შანსი მიეცემა „ოცნებას“, ან პარლამენტის სპიკერობა, ან ვიცესპიკერობა“, - ვარაუდობს მისი ყოფილი თანაგუნდელი, პაატა ზაქარეიშვილი.

საარჩევნო სიის ოცეულში არის 15 კაცი და 5 ქალი:

  • თეა წულუკიანი - #6
  • მაკა ბოჭორიშვილი - #9
  • მარიამ ქვრივიშვილი - #12
  • ეკა ჭიჭინაძე - #15
  • ლიკა შარტავა - #20.

სიაში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არის წარმოდგენილი მარიამ ქვრივიშვილიც - ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.

იგი 2020 წლის საარჩევნო სიაშიც იყო, თუმცა პარლამენტში მოხვედრიდან ერთ წელიწადში დატოვა დეპუტატის მანდატი და იმ სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ, რომლის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, 2019-2020 წლებში ხელმძღვანელობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG