Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ოქროს პალმის” ძველი ლაურეატები - შაბათ-კვირას


შაბათს, 25 მაისს, გვიან ღამით გავიგებთ კანის 72-ე კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობას. წლევანდელი კინოფორუმის საკონკურსო პროგრამა არაა ისეთი ძლიერი, როგორიც შარშან იყო. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამარჯვებულებს შორის ისევ ვიხილავთ “კანის პოლიტბიუროს”, ანუ ცოცხალ კლასიკოსებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს უკვე მოიპოვეს კინოს მთავარი ჯილდო - “ოქროს პალმის რტო”. მინდა გაგახსენოთ ეს ფილმები და გირჩიოთ, სიმბოლურად, სანამ კანის 72-ე კინოფესტივალის გამარჯვებულებს ვიხილავთ, “გადავიმეოროთ” ისინი:

კენ ლოუჩი (წლევანდელ კონკურსში უჩვენეს მისი ფილმი “თქვენ ადგილზე არ დამხვდით”) - 82 წლის ბრიტანელი რეჟისორი ორჯერ იყო “ოქროს პალმის რტოს” მფლობელი

“ქარი, რომელიც ქერს არხევს” ( 2006. The Wind That Shakes the Barley)

ჩემი პირველი კანის ფესტივალი ამ ფილმის გამარჯვებით აღინიშნა. ჟიურის თავმჯდომარე იყო ვონგ კარვაი. კონკურსი - საკმაოდ ძლიერი. ჩემი ფავორიტი ამ პროგრამაში იყო ალმოდოვარის “დაბრუნება” და აკი კაურისმიაკის “გარეუბნის შუქი”, თუმცა კენ ლოუჩის გამარჯვებამ ყველა გაგვახარა - სოციალური კინოს მაესტროს დიდი ხანია ეკუთვნოდა “პალმა”.. “ქარი, რომელიც ქერს არხევს”, ფილმი, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების ირლანდიას აღადგენს, ლოუჩის ეს პაციფისტური ფილმი, ანტიკოლონიალისტური პათოსით, არ ჰგავს ბრიტანელი რეჟისორის სოციალურ დრამებს.

“მე, დანიელ ბლეიკი” (2016, I, Daniel Blake)

ამბავი 59 წლის მარტოხელა დურგალზე, რომელსაც ინფარქტის მერე უკრძალავენ მუშაობას, თუმცა სოციალური დახმარების გაფორმება მისგან ჯოჯოხეთურ ბიუროკრატიასთან ბრძოლას მოითხოვს... სისტემა მარტოხელა ადამიანის წინააღმდეგ - ტიპიური კენ ლოუჩი, მაგრამ უფრო ემოციური, ვიდრე სხვა ფილმებში, გულგრილს მართლა ვერავის რომ დატოვებს. ლოუჩმა ამჯერად მოუგო კონკურსის ნამდვილ მარგალიტს, ჯიმ ჯარმუშის “პატერსონს”, ასევე კრისტიან მუნჯიუს “კურსდამთავრებულს” და ალმოდოვარის “ხულიეტას”.

ტერენს მალიკი (წლევანდელ კონკურსშია მისი ფილმი “საიდუმლო ცხოვრება”

“სიცოცხლის ხე” (2011 The Tree of Life)

ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება კანის ფესტივალის ისტორიაში - ჟიურიმ, რომელსაც რობერტ დე ნირო ხელმძღვანელობდა, “ოქროს პალმით” აღნიშნა უძლიერესი კონკურსის ლამის ყველაზე სუსტი ფილმი - პათეტიკური კვაზიპოემა, “ნეშენალ ჯეოგრაფიკის” დიზაინით. მალიკის სურათმა მოუგო თანამედროვე კინოს ისეთ შედევრებს, როგორებიცაა აკი კაურისმიაკის “ჰავრი”, ძმები დარდენების “ბიჭი ველოსიპედზე”, ტაკასი მიიკეს “ჰარაკირი”, ჯეილანის “ერთხელ, ანტალიაში”, ტრიერის “მელანქოლია”, ნანი მორეტის “Habemus Papam”... არ ვიცი, როგორ ამართლებენ ჟიურის ამ გადაწყვეტილებას მალიკის თაყვანისმცემლები, რომლებიც თავად აღიარებენ, რომ “სიცოცხლის ხით” ამერიკელ რეჟისორს შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო

ძმები დარდენები (წლევანდელი ფესტივალის კონკურსშია მათი “ყმაწვილი აჰმედი”)

“როზეტა" (1999 Rosetta)

ცნობილ კანადელ რეჟისორს დევიდ კრონენბერგს, რომელიც 1999 წლის კანის ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობდა, კინოს მოყვარულებმა ძეგლი უნდა დავუდგათ - მიუხედავად ძლიერი საკონკურსო პროგრამისა, ჟიურის არ შეეშინდა გამარჯვებულად გამოეცხადებინა იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ბელგიელი რეჟისორები, ძმები დარდენები, რომლებმაც გადაიღეს კამერული, მცირებიუჯეტიანი სოციალური დრამა. ცნობილი ამბავია, რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ პედრო ალმოდოვარმა, რომლის “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, საყოველთაო აზრით, “პალმის” ფავორიტი იყო, საჯაროდ დაგმო ჟიურის გადაწყვეტილება და “როზეტას” უწოდა “სუსტი ფილმი, უნიჭო მსახიობებით”. იმხანად ალმოდოვარი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ძმები დარდენები რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ მოიპოვებდნენ “პალმას”.

“ბავშვი” (L'Enfant 2005)

2005 წლის კანის ფესტივალი ისტორიაში შევა როგორც “უცნაურობა” - ჟიურის თავმჯდომარე ემირ კუსტურიცაა, ჟიურის რიგითი წევრი კი ფრანგული “ახალი ტალღის” ერთ-ერთი ლიდერი, იმხანად კინოს ცოცხალი კლასიკოსი ანიეს ვარდა. საინტერესოა, რომ დარდენებმა ამ კონკურსში ის კაცი დაამარცხეს, რომელმაც პირველმა გაუთქვა სახელი - დევიდ კრონენბერგი. კანადელი რეჟისორის ფილმი “გამართლებული სისასტიკე” პრიზის გარეშე დატოვა ჟიურიმ, ისევე როგორც არაერთი სხვა ძლიერი ფილმი. “ბავშვი”, დარდენების მორიგი სოციალური დრამა, ჩემი აზრით, არაა ბელგიელი რეჟისორების საუკეთესო ფილმი. თუმცა ყველაზე უფრო დაფასებულია კინოს სამყაროში

კვენტინ ტარანტინო (წლევანდელ კონკურსში ჩართულია მისი ფილმი “ერთხელ ჰოლივუდში”)

“მაკულატურა” (1994 Pulp Fiction)

1994 წლის ფესტივალი დასრულდა, პირველ რიგში, ქშიშტოფ კიშლოვსკის მარცხით; მისი პროდიუსერები ვარაუდობდნენ, რომ “სამფერა ტრილოგიის” მესამე ფილმი გაიმარჯვებდა კანში და კიშლოვსკი თავისებურ რეკორდს დაამყარებდა კინოს ისტორიაში (ტრილოგიის პირველმა ფილმმა, “ლურჯი”, მოიგო ვენეციის ფესტივალი, მეორემ, “თეთრმა”, - ბერლინის ფესტივალის “ვერცხლის დათვი”, მაგრამ “წითელმა” -არაფერი. კლინტ ისტვუდის ჟიურის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ნიკიტა მიხალკოვი, რომელიც ჯერ კიდევ ფესტივალის გახსნამდე არწმუნებდა ყველას, რომ მისი “მზით გადამწვარი” კანის “პალმას” მოიგებდა. “მაკულატურის” გამარჯვების შემდეგ მიხალკოვი კანის კინოფორუმის - საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებში გამართული კინოფესტივალების - დაუძინებელი მტერი გახდა.

აბდელატიფ ქეშიში (კანის ფესტივალის კონკურსშია მისი ოთხსაათიანი ფილმი “მეკტუბი, ჩემი სიყვარული 2”

“ადელის ცხოვრება” La Vie d'Adèle, 2013)

უკვე 6 წელი გავიდა ფრანგი რეჟისორის, აბდელატიფ ქეშიშის, “ადელის ცხოვრების” გამარჯვებიდან და მაინც ვერ ვხვდები, რა შეიძლებოდა მოსწონებოდა ქეშიშის ამ პროვოკაციულ, ეროტიკულ ლესბი-დრამაში ჟიურის თავმჯდომარეს, სტივენ სპილბერგს, სახელგანთქმულს თავისი პურიტანული შეხედულებებით და ფილმებით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კანის 66-ე ფესტივალის პროგრამა საკმაოდ სუსტი იყო და ქეშიშს რეალური კონკურენტი კონკურსში არც ჰყავდა. ფრანგებმაც იხარეს - ბოლო დროს ფრანგული კინო “პალმების” გარეშე რჩებოდა ხოლმე. გაამართლა “ადელის ცხოვრების” გაქირავებამაც - ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვისა, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა კინოცენტრმა დაუწესა ამ ეროტიკულ ფილმს, “ადელის ცხოვრება” ფრანგული კინოგაქირავების აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG