რა იარაღით ემუქრება რუსეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს?
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინაში ომის ერთ თვეს დიდი დანაკარგითა და წაგებიანი პოზიციით ასრულებს, დასავლეთი შიშობს, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი. რუსეთის არსენალში სიტყვა „ყველაფერი“ მასობრივი განადგურების იარაღსაც მოიცავს.
დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ, რომ ჩიხში მოქცეული რუსეთი უკრაინაში ქიმიურ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის „ყალბი დროშით“ (არა თავისი სახელით) გამოყენების საფრთხეზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ძალით დაიწყო ლაპარაკი ბიოლოგიური იარაღის უკრაინაში შექმნისა და ფრინველების საშუალებით რუსეთში გავრცელების ჩანაფიქრის შესახებ.
გარდა ამისა, 27 თებერვალს პუტინმა დასავლეთს ამცნო, რომ ის არც ბირთვული იარაღის გამოყენებას მოერიდება და რუსეთის არმიის შეკავების ძალები, ბირთვული იარაღის არსენალით, ე.წ. განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინი ამას ვერ გაბედავს.
რა დარჩა რუსეთს არსენალში? შეძლებს თუ არა დასავლეთი მის შეკავებას? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
რას ამბობენ რუსი სამხედრო ტყვეები და დაეჯერებათ თუ არა მათ?
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 562 რუსი ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ. ისინი ხშირად ჩნდებიან ეკრანზე, ატარებენ პრესკონფერენციებს და პუტინს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. უფლებადამცველები შიშობენ, რომ მათ შესაძლოა არაჰუმანურად ექცევიან.
რუსეთი ომის დასაწყისში აცხადებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ კონტრაქტორი ჯარისკაცები გააგზავნა, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ „შემთხვევით” წვევამდელებიც გაუშვეს. ომის დაწყებიდან თითქმის 4 კვირის თავზე, კრემლს დღემდე არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენი რუსი ჯარისკაცი ჩავარდა ტყვედ.
წინა კვირაში საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა გააკრიტიკეს უკრაინის ხელისუფლება ვიდეოების გამოქვეყნებისთვის. მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ რუს ჯარისკაცებს კამერის წინ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. მეტიც, ზოგიერთ ვიდეოში მათ ღიად ამცირებენ და აშინებენ. უფლებადამცველები მოუწოდებენ უკრაინას, შეწყვიტოს ვიდეოების გამოქვეყნება.
ისინი განმარტავენ, რომ მსგავსი მოპყრობა არღვევს ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეების დაცვის შესახებ. კერძოდ კი, მის მეცამეტე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჰუმანურად მოეპყრონ სამხედრო ტყვეებს, არ აიძულონ ჩვენებების მიცემა და თავი შეიკავონ მათი პირადი მონაცემების გამოქვეყნებისგან.
იჩენს თუ არა უკრაინა სიფრთხილეს რუს ტყვეებთან მიმართებით? წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.
როგორ რჩებიან ძველი მდგმურები უბინაოდ საქართველოში
მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. გაზრდილმა მოთხოვნამ ბინებზე გააორმაგა და გაასამმაგა გასაქირავებელი ბინის ფასები თბილისში. ასე აღმოჩნდნენ წაგებიან მდგომარეობაში ის მდგმურები, ვისაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ნაქირავები ბინა და ძველ საბაზრო ფასს იხდიდა ქირაში, რადგან ახლა ბინის მფლობელებს უფრო ძვირად გაქირავების შანსი გაუჩნდათ.
„18 მარტს ბინის მეპატრონემ დამირეკა და მითხრა: "ბინის ქირა უნდა გაგიზარდო. ხომ იცი, რა ხდება ახლა ბინებზე, მაკლერები მირეკავენ და უფრო ძვირად გაქირავებას მთავაზობენო. რამდენიმე დღე იფიქრე და გამაგებინე, თანხას გაზრდი თუ რას იზამო". როცა ვუთხარი, რომ ამაზე თანახმა არ ვიყავი და უფრო მეტს ვერ გადავიხდიდი, თავს უფლება მისცა, ჩემი ბიუჯეტი დაეგეგმა და მითხრა - ზაფხული მოდის, გაზის საფასური, თვეში 150-200 ლარი გადასახდელი აღარ გექნება და ეგ თანხა ქირაზე დამიმატეო. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 7 მაისს გავალ [ბინიდან]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა გეგიძე.
მსგავს მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს კანონი იცავს, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. მდგმურს უფლება აქვს, გაფრთხილებიდან 3 თვე კიდევ იცხოვროს ნაქირავებ ბინაში, გამოსახლების დაწყებისთვის კი სასამართლო გადაწყვეტილებაა საჭირო.
წაიკითხე მეტი ლანა კოკაიას სტატიაში.
ვითარება უკრაინაში: კვლავ დაიბომბა კიევის ობოლონის რაიონი
დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან 28-ე დღეა. გუშინ კიდევ ერთხელ დაიბომბა კიევის ობოლონის რაიონი. დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა - სამი. ჭურვის მოხვედრის შედეგად ორ შენობას და სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვა სავარაუდოდ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელდა.
"უკრაინსკაია პრავდა" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას რუსეთის არმის დანაკარგების შესახებ.
გენშტაბი აქვეყნებს მონაცემებს 24 თებერვლის შემდგომ პერიოდზე, რაც რუსეთის არმია უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.
ცნობის თანახმად, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაკარგა 15 300 სამხედრო, 500-ზე მეტი ტანკი და 99 თვითმფრინავი. უკრაინის მონაცემები, როგორც ცნობაშია ნათქვამი, ყოველდღიურად ზუსტდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე.
ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის საქმეზე. ამასთან, სასამართლომ მას 1.2 მლნ რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
პროკურატურის განცხადებით, „ანტიკორუფციულმა ფონდმა“ თავისი მხარდამჭერებისგან მიღებული შემოწირულებები გაფლანგა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი და მისი თანამოაზრეები აგროვებდნენ შემოწირულებებს საარჩევნო კამპანიისთვის „მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით“, განკარგავდნენ მათ „პირადი მიზნებისა და საქმიანობისთვის“. ნავალნის ორგანიზაციის შემწირველი 300 ათასი ადამიანიდან დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ ოთხი.
ნავალნის მიმართ გამოტანილი განაჩენი გუშინ თბილისში გააპროტესტეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც თავს ანტიპუტინისტური მოძრაობის წევრებად განიხილავენ და საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ. ისინი რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ.
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად
დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი პრესტიჟულ მედალს ყიდის უკრაინელების დასახმარებლად.
„ნოვაია გაზეტამ“ და მე გადავწყვიტეთ, ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს“, - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს.
„ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის.
ყირიმის ანექსიის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც მოსკოვში ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა, მთავარ სცენაზე, ხმის აპარატურის პულტთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა ყურსასმენებით - ერთს თეთრი ქურთუკი ეცვა, მეორეს - ლურჯი. რადიო თავისუფლებამ მოახერხა ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება: ის აღმოჩნდა არა ხმის ინჟინერი, არამედ სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის (ФСО) პრეზიდენტის პოლკის თანამშრომელი.
რა საერთო აქვს წიწიბურას შეკვრას, მაგიდის ნათურასა და ჟირაფს? - უკრაინელი ოჯახის სამი თილისმა
პავლენკოების შვიდსულიან ოჯახს ეს სამი ნივთი სახლს აგონებს, რომელიც ჟიტომირის ოლქის სოფელში მიატოვეს, როცა უკრაინიდან პოლონეთისკენ გამოიქცნენ. მათ ხომ ბარგში ბევრი ვერაფრის ჩალაგება მოასწრეს.
45 წლის ალიონას და 48 წლის ვიქტორს ხუთი შვილი ჰყავთ: ნადია, ვიკა, იანა, ანდრეი და მიროსლავა - უფროსი 24-ის, ყველაზე პატარა კი 7 წლის. უფროსი გოგოები, იანა და ვიკა დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ; ერთი კიევში, მაგისტრატურაზე სწავლობდა და კერძო სკოლაში, უკრაინულის მასწავლებლად მუშაობდა, 22 წლის ვიკა კი მედდა იყო ჟიტომირში. ვიქტორი პერიოდულად იცვლიდა სამსახურებს, ალიონაც ხან დამლაგებლად მუშაობდა, ხან დიასახლისობდა - პავლენკოებს ხომ პატარა სოფელში დიდი კარი-მიდამო ჰქონდათ: ერთი კერძო სახლის გარდა, ახალ, ორსართულიან სახლსაც აშენებდნენ, ბოსტანი, ძროხები, ქათმები, ძაღლი და კატა. ყველაფერი ერთ მეზობელ ქალს დაუტოვეს, როგორც კი ქალაქის მიტოვების საშუალება მიეცათ.
ეს ღამით მოხდა. ალიონა არეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვება ამბავს. ორი მარტის ღამე თენდებოდა, როცა „გრადების“ ელვარება ძალიან ახლოს დაინახა. მეზობლებთან გავარდა და იქ მინივენი დახვდათ, საზღვართან გაგიყვანთ ამაღამ, თუ გინდათო. სამი ოჯახი წავიდა, ოღონდ არ იცოდნენ, სად. გზაში მსჯელობდნენ, იქნებ რუმინეთი, იქნებ სლოვაკეთი… პოლონეთი იმიტომ გადაწყდა, რომ გზა ყველაზე მოკლე იყო.
როგორ იქცა მრავალშვილიანი ოჯახისთვის უცხო ქვეყანა ახალ რეალობად, შავი დღისთვის შემონახული ბურღულეული კი თილისმად? წაიკითხე და ნახე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.
რადიო თავისუფლების ახალ პროექტში „შვილი“ გაგაცნობთ, როგორ ცხოვრობს ლევან ანწუხელიძე, მასთან ერთად დავათვალიერებთ ოკუპაციის მუზეუმს, მოვუსმენთ ლევანს და მის ყველაზე ახლობელ ადამიანებს.