Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა ანთიძე: „არ შეიძლება ძეგლზე, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს“


მაცხოვრის ფრესკა ყინწვისში, ჩუბინაშვილის ცენტრი
მაცხოვრის ფრესკა ყინწვისში, ჩუბინაშვილის ცენტრი

ყინწვისში დაგებული იატაკის ასაყრელად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პატრიარქთან შეხვედრას აპირებს. სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ უშუალოდ ეპარქიის წარმომადგენლებთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ეს უკვე რამდენჯერმე სცადეს.

ახლადდაგებული მარმარილო ყინწვისის ტაძარში
ახლადდაგებული მარმარილო ყინწვისის ტაძარში

XII-XIII საუკუნეების ყინწვისის ტაძარში მწვანე მარმარილო ისე დააგეს, რომ ეს არც სააგენტოსთან შეუთანხმებიათ, არც საპატრიარქოსთან. ნიკა ანთიძე ამბობს, რომ სამუშაოების დაწყებამდე ადგილზე სპეციალისტები ჩავიდნენ, მაგრამ ტაძრის წარმომადგენლებმა მათ კარებიც არ გაუღეს: „კურთხევა არა გაქვთო“. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ საპატრიარქოს, შექმნეს ერთობლივი საბჭო და კიდევ ერთხელ წავიდნენ ყინწვისში. საპატრიარქოს წარმომადგენელი იყომამა ბესარიონი (მენაბდე). მოლაპარაკება მაინც ვერ შეძლეს.

„მინდა მის უწმინდესობას შევხვდე, რომ საბჭოს მონიტორინგის შედეგად რაც გამოიკვეთა, იმაზე ვისაუბროთ, ანუ ეს იატაკი რომაიყაროს და პროექტი მომზადდეს. ეპარქიასთან ნამდვილად ვეღარ წარმომიდგენია რამის მიღწევა“, - ამბობს ნიკა ანთიძე.

მისივე თქმით, მსგავსი დარღვევები ხშირად ხდება. რაღაცების გამოსწორება მოახერხეს, რაღაცების - ვერა. ანთიძე აცხადებს, რომ მეტ-ნაკლებად ყველა ეპარქიასთან დაალაგეს ურთიერთობა, გარდა რუის-ურბნისისა.

ნიკა ანთიძე
ნიკა ანთიძე

„თან თავად ამბობენ, რომ ძეგლს სხვა პრობლემა აქვს. არავის ჯიბეში არ ვიხედებით, მაგრამ ეს ქვა ძალიან ძვირი დაჯდებოდა. 15 000 ძეგლია საქართველოში. ყველაფერს ვერ გავწვდებით და თუ მონასტრებს შემომწირველი უჩნდება, მეთოდოლოგიის კუთხით რომ ჩავერთოთ, სწორად გადანაწილდება სახსრები. დღეს გარკვეული თანხა - არ ვიცით, რამდენი - იატაკის გამოცვლაზე დაიხარჯა, როცა ძეგლის კედელია დაზიანებულიო. სად არის აქ ლოგიკა?!“ - ამბობს ნიკა ანთიძე. - „რატომღაც უყურებენ, როგორც საკუთრებას. არ შეიძლება კულტურულ ძეგლზე, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს. ეს ქვა საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტიდან. რომ შედიხარ, უნიკალური მე-13 საუკუნის მხატვრობის ნაცვლად იატაკი გხვდება თვალში. რომ მოეცათ ჩართვის საშუალება, სპეციალისტები, მონასტერთან შეთანხმებით, იმ კედლის კონსერვაციაზეც ვიზრუნებდით, ქვასაც შევარჩევდით და ფერსაც“.

ყინწვისის მხატვრობის განსაკუთრებულობა ფერების კომპოზიციაა -ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. მოხატულობა თავისუფალი და დინამიკურია, რაც დამახასიათებელია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შემუშავებული კედლის მხატვრობისთვის. ყინწვისის ანგელოზის ფრესკა შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრად არის აღიარებული.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააშავებს, მკაცრად დაისაჯოს.
ნიკა ანთიძე

ნიკა ანთიძეს სურს პატრიარქთან ამ სფეროში არსებული კანონმდებლობაც განიხილოს. კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 30-ე მუხლით, მსგავსი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, მაგრამ ეს მუხლი არ ვრცელდება რელიგიური კონფესიების საკუთრებასა ან სარგებლობაში არსებულ ობიექტებზე.

„გვინდა უწმინდესთან კანონის ცვლილებებზეც ვისაუბროთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დააშავებს, მკაცრად დაისაჯოს“, - ამბობს ანთიძე.

მისი თქმით, ყინწვისში მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საშუალებას არ იძლევა, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოწერა კი ზემოხსენებული კანონის გამო არ შეუძლიათ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG