“სამწუხაროდ, ამ წლის ანგარიში ცხადყოფს დაღმავალ ტენდენციას მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც თან ახლავს გეოპოლიტიკური დაძაბულობა და გაურკვეველი ეკონომიკური მომავალი”, - წერს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უსაფრთხოების ფორუმის თავმჯდომარე, ქრისტოფ ჰოისგენი მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტში.
ანგარიში 8 თავისგან შედგება და საქართველო აღმოსავლეთ ევროპის თავშია განხილული, რომლის ქვესათაურად ავტორებმა ნაცრისფერი ზონის ჩრდილები შეარჩიეს.
მიუნხენის კონფერენცია 1963 წლის გვიან შემოდგომაზე დაფუძნდა. წელს 16-18 თებერვლის შეკრებაზე უსაფრთხოების ფორუმი საიუბილეო მე-60 წელს აღნიშნავს; მსოფლიოს პოლიტიკური და ბიზნესლიდერები უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებს და პრობლემის გადაჭრის გზებს ყოველი წლის თებერვალში განიხილავენ.
კონფერენციის ანგარიშში, რომელიც შეკრებამდე გამოქვეყნდა, წერია, რომ რუსეთის ომი უკრაინაში და გეოპოლიტიკური კონკურენცია კვლავ განსაზღვრავს სხვა ქვეყნების მოქალაქეების შეხედულებებს, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე 2022-2023 წლებში. ომთან დაკავშირებული Რისკების ინდექსი დაწეულია, მათ შორის, აგრესორის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ენერგომომარაგების შეფერხებებთან მიმართებით.
ბანაკის არჩევა
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროპელები აიძულა, გაეაზრებინათ, რომ გაფართოებამ უკვე „გეოსტრატეგიული ინვესტიციის“ მნიშვნელობა შეიძინა“, - ვკითხულობთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის იმ ქვეთავში, რომელიც უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და, ზოგადად, რუსეთის მიერ გამოწვეულ „ნაცრისფერ ზონებს“ ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპაში.
„რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების წესრიგი საბოლოოდ ჩამოშალა - ქვეყნები, რომლებიც, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ნატოს, მეორე მხრივ კი, რუსეთს შორის აღმოჩნდნენ, იძულებულები გახდნენ, მხარეები აერჩიათ. უკრაინა იქცა მთავარ სამიზნედ რუსეთის იმ იმპერიული ამბიციებისა, რომლის მიზანია ნაცრისფერ ზონაში არსებული ქვეყნების დაჩოქება-დამორჩილება.
ბანაკის არჩევა უწევთ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც, რადგან გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც საერთოდ უბანაკოდ დარჩენას შესაძლოა მოჰყვეს“.
მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ევროპა უარს ამბობდა, გაეზიარებინა რუსეთის ხედვა და ლოგიკა გავლენის სფეროების შესახებ, ომმა ევროპის პერსპექტივა შეცვალა, ევროპას უწევს, თვალი გაუსწოროს რეალობას, სადაც გაფართოება გეოპოლიტიკურ აუცილებლობას წარმოადგენს, მაშინაც კი, როდესაც თავად ევროკავშირის შიგნით არ არსებობს თანხმობა და ერთსულოვანი პოზიცია ახალი წევრების მიღების შესახებ", - წერენ ანგარიშის ავტორები.
ამავდროულად, პრეზიდენტ პუტინის ქმედებებმა, მისმა ჯიუტმა უარმა, უკრაინა ერად ცნოს, ცხადყო, რომ პუტინისთვის სუვერენული უკრაინა, რუსეთის მეზობლად, ვერ იარსებებს. და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე უკანასკნელი წლის განმავლობაში წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, პუტინს არაფერზე ეტყობა, რომ მოლაპარაკებებზე წამომსვლელია.
„შესაბამისად, ნაცრისფერ ზონაში ჩარჩენილი ქვეყნებისთვის ამ ზონიდან თავის დაღწევა ევროპისთვის პრიორიტეტად იქცა, - წერია ანგარიშში, - ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიანიჭა და მათთან გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, თანაც რეკორდულ დროში. კანდიდატის სტატუსი მიიღო საქართველომაც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საფუძვლიანი შეშფოთებები დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში. ამას გარდა, 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე, ნატოში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ უკრაინა და საქართველო, როცა იქნება, ნატოს წევრები გახდებიან.
და მაინც, მიუხედავად ზეპირი დაპირებებისა, რომ აღმოსავლეთი ევროპა ნაცრისფერ ზონას თავს დააღწევს, ბუნდოვანი რჩება ის, თუ რა დრო დასჭირდება ამას და არიან თუ არა მზად ტრანსატლანტიკური პარტნიორები, „საჭირო ფასი“ გადაიხადონ. ნატოს დაპირება კიევისა და თბილისისთვის ბუნდოვნად რჩება, მოკავშირეები თავს იკავებენ კონკრეტული ნაბიჯებისგან და გარანტიების მიცემისგან უკრაინისთვის, რომელიც ცხელ ომშია ჩართული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
რუსული ბანაკი: მიკროიმპერია
ასეთია იმ პარაგრაფის ქვესათაური, რომელიც ბელარუსთან ერთად, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებს მიმოიხილავს - უფრო ზუსტად, რუსეთის მცდელობებს, ამ ორ ქვეყანას დასავლური კურსით სვლაში ხელი შეუშალოს.
„პრორუსი ოლიგარქი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი“, - ასე მოიხსენიებს ბიძინა ივანიშვილს მიუნხენის კონფერენციის ანგარიში, სადაც წერია, რომ სწორედ ივანიშვილს „უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირისგან გვერდზე გადგომის მცდელობებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების უმრავლესობის სურვილებს...“
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ რუსეთი არ ერიდება მუქარას, რომ აფხაზეთსა და ოსეთში სეპარატიზმს კიდევ უფრო გააღვივებს და დესტაბილიზაციას გაამძაფრებს. რუსეთის ჩარევას ვერ გადაურჩა მოლდოვაც, იქნება ეს მუქარა გაზის შეწყვეტის შესახებ თუ უთანხმოების გაღვივება დნესტრისპირეთის რეგიონში.
„უკრაინა უკვე იხდის რუსეთის იმპერიული ამბიციების უძვირეს ფასს, მაგრამ საქართველო, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც გრძნობენ, როგორ ცდილობს მათ გადაბირებას რუსეთი. ახლა ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზეა დამოკიდებული ამ ნაცრისფერი ზონის შემცირება - ეს კი ნიშნავს აქტიურ მხარდაჭერას ამ ქვეყნებისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მათთვის უფრო ამბიციური მიღწევების დასახვას.
მაგრამ პირველ რიგში, ევროკავშირმა და ნატომ უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას - როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო კუთხით, რადგან რუსეთის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინისთვის იქნება კატასტროფა - ბრძოლაში გამობრძმედილი რუსეთი, ომზე მორგებული ეკონომიკით, მალევე შეიარაღდება და ახალ საკბილოს დაადგამს თვალს", - წერია ანგარიშში.
Მიუნხენის უსაფრთხოების ოფიციალურ საიტზე ჯერ არ არის გამოქვეყნებული მონაწილეთა და გამომსვლელთა სია. გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებიდან კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი მონაწილეობენ.