ბუქარესტის სამიტზე თითქმის 11 წლის წინ მიცემული დაპირების რეალიზებამდე, ნატო გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს კიდევ ერთ პაკეტს სთავაზობს - ამჯერად შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და იმ ჩამორჩენის შესავსებად, რომელიც სამხედრო-საზღვაო სეგმენტის მხრივ აქვს თავისი სტატუსით საზღვაო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.
„შევთანხდით ზომების პაკეტზე ვითარების შეფასების გასაუმჯობესებლად და როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის მომზადება, პორტებში შესვლა და წვრთნები, ინფორმაციის გაცვლა. ეს ყველაფერი დაეფუძნება ჩვენს შორის არსებულ ისედაც უკვე მჭიდრო თანაშრომლობას", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ალიანსის 70-ე წლისთავისადმი მიღძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო მუდმივი როტაციით აპირებდეს ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნის გამოგზავნას შავი ზღვის ფოთის აკვატორიის დასაცავად, მაგრამ წამყვანი ქვეყნების საზღვაო ძალებთან ოპერატიული ურთიერთქმედება სულ მცირე იმის სტიმულს მაინც მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ცოტა მეტი ფინანსური რესურსი დახარჯოს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და, პერსპექტივაში, სამხედრო-საზღვაო ძალების, როგორც ცალკეული სახეობის, აღდგენაზე.
ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები იმაზე, რომ სამხედრო ფლოტი ძვირი ფუფუნებაა, არათუ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ უპასუხისმგებლობაა იმ ფონზე, როდესაც ნატოს ქვეყნების საზღვაო ძალები სულ უფრო მეტ დროს უთმობენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან ტერიტორიულ წყლებში ვითარების შეფასებასა და „საზღვაო ფარის“ შექმნას.
ღირს გავიხსენოთ, რომ ნატოს გემებმა შავი ზღვის რეგიონში 2018 წელს 120 დღე დაყვეს, მაშინ როცა შარშანწინ ეს ციფრი მხოლოდ 80 დღეს შეადგენდა. „ეს აჩვენებს ჩვენს ყოფნას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ვაშინგტონში გამგზავრებამდე საქართველოში იმყოფებოდა, რათა ახალი გზავნილით გაემხნევებინა სამხრეთ კავკასიის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 50 % მყარად უჭერს მხარს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.
შავი ზღვის რეგიონში ნატოს „ახალი ზომების პაკეტი“ ამ მხრივ შეიძლება შევადაროთ 2014 წლის უელსის სამიტზე მიღებულ „არსებით პაკეტს“, რომელმაც, შეიძლება ზედაპირზე არ ჩანდეს, მაგრამ ამ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების 15 მიმართულების განვითარებას შეუწყო ხელი.
ცხადია, ამ ყველანაირ პაკეტებს, პატაკებსა და ყურისმომჭრელ განცხადებებს, ერთი ისეთი პროტოკოლი სჯობია, რომელიც თებერვლის დასაწყისში გააფორმეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ნატოს წარმომადგენლებმა.
მაგრამ ასეთი პროტოკოლი საქართველოსა და უკრაინისათვის ჯერ მხოლოდ კეთილი სურვილია.
როგორც 11 წლის წინ, ნატოს წევრებში არც ახლა არსებობს კონსენსუსი საქართველოს ალიანსში მიპატიჟების კონკრეტული თარიღის შესახებ.
ამის მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ, პროცესის ლოგიკიდან გამომდინარე, მათზე საქართველო უფრო ნაკლებს უნდა ფიქრობდეს, ვიდრე ნატოს ალიანსი, რომელსაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირება შესასრულებელი აქვს, შიდა უთანხმოება - დასაძლევი, ეჭვები და ვარაუდები გადაწყვეტილების მიღების პროცეში რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობაზე - გასაფანტი.