მოკლე პასუხი: წმინდა სახით გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს არსებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული (უფრო უარესი) ვარიანტი კი, რომელიც ოპოზიციამ მმართველ პარტიას შესთავაზა, არსებულ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და მისი გადმოტანა სავსებით შესაძლებელია. ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი შესთავაზა. ეს შეთავაზება მმართველმა პარტიამ უარყო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტი მთლად „გერმანული მოდელი“ არ არის, კობახიძის პასუხი დამაკმაყოფილებელი არ არის. კობახიძემ უნდა ახსნას არა ის, ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას, არამედ ის, თუ რაში ხედავს პრობლემას ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდიფიცირებულ ვარიანტში (რომელიც, როგორც აღვნიშნე, მთლად ბოლომდე გერმანული მოდელი არ არის).
ქვემოთ ჯერ განვიხილავ იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგება წმინდა გერმანული მოდელი საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციას. შემდეგ გადავალ იმის განხილვაზე, თუ როგორ იხსნება ეს წინააღმდეგობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული ვარიანტით.
1. წმინდა გერმანული მოდელი
„გერმანული მოდელი“ არჩევნების ისეთი სისტემაა, რომელშიც პარტიის მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა პროპორციულით მიღებული ხმებით „სწორდება“. მაგალითის გამოყენებით ავხსნი, თუ რას ნიშნავს ეს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ საქართველოს პარლამენტი, სადაც ვირჩევთ 150 დეპუტატს: 73-ს მაჟორიტარული სიით, ხოლო 77-ს - პროპორციულით. დავუშვათ, რომელიმე პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიყვანა 73-დან 60 დეპუტატი, ხოლო პროპორციულ არჩევნებში მიიღო მხოლოდ 20 მანდატი. წმინდა გერმანული მოდელის მიხედვით, მაჟორიტარული სიით გაყვანილი დეპუტატები ავტომატურად ხვდებიან პარლამენტში. ამავე დროს, იმისათვის, რომ დაცული იყოს პროპორციულობა (და ეს პროპორციულობა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის, რადგან მოცემულმა პარტიამ მაჟორიტარულში ბევრად მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე პროპორციულში), სხვა პარტიებს ემატებათ მანდატები.
ასეთ შემთხვევაში, გამოვა, რომ პარლამენტში შევა არა 150 დეპუტატი, როგორც ახლაა, არამედ უფრო მეტი. როდესაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, იგი სწორედ ამას გულისხმობს. საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით, პარლამენტი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 150 დეპუტატისგან. აქედან 73 მაჟორიტარული წესით უნდა იყოს არჩეული, ხოლო 77 - პროპორციულით. წმინდა გერმანული მოდელი ზრდის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობას, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
2. მოდიფიცირებული გერმანული მოდელი
ახლა ვნახოთ, ეწინააღმდეგება თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას. ამ ვარიანტის მიხედვით, საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობა - 150 მანდატი უცვლელი რჩება; იცვლება მხოლოდ მანდატების განაწილების წესი. მაგალითად, თუკი ერთმა პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო 40 მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულში, ის საერთო ჯამში, იმაზე მეტ მანდატს ვეღარ მიიღებს, რაც მიიღო მაჟორიტარული წესით. ეს არ არის წმინდა გერმანული მოდელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრულიად არ ბათილდება მაჟორიტარული არჩევნებით მიღებული უპირატესობა. მაგალითად, თუ პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო 20 მანდატი, ხოლო მაჟორიტარულში - 60, გამოდის, რომ მის მიერ პროპორციული მანდატების რაოდენობა მხოლოდ განულდება; ამ შემთხვევაში, ამ პარტიის მიერ მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატები ბოლომდე ვერ „სწორდება“ პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად.
მართალია, ეს არასრული გერმანული მოდელი მაინც უტოვებს გარკვეულ უპირატესობას მმართველ პარტიას, რომელსაც მაჟორიტარულ არჩევნებში ტრადიციული უპირატესობა აქვს, მაგრამ ის ამცირებს არაპროპორციული წესით მიღებულ მანდატებს. აქედან გამომდინარე, ესეთი არასრულყოფილი გერმანული მოდელი არსებულ სისტემას სჯობია. არსებული სისტემა, როგორც იცით, აძლევს საკმაოდ დიდ უპირატესობას მმართველ პარტიას. მისი მეშვეობით, ქართულ ოცნებას ბევრად მარტივად შეუძლია მიიღოს, მაგალითად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი.
იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ახლა მმართველმა გუნდმა უნდა ახსნას ის, თუ რატომ არ სურს მისი მიღება. ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილება არ სჭირდება ასეთი ცვლილებების მიღებას, არც ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატების თანხმობაა აუცილებელი მის მისაღებად აუცილებელი.
აქამდე, ქართული ოცნება გვთავაზობდა ნაკლებად დამაჯერებელ ვერსიას, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „ამბოხებულმა“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს. ახლა დროა, რომ ან რეალური ვერსია გვითხრან და ფორმალურადაც უარი განაცხადონ ცვლილებებზე, ან ეს არასრულყოფილი, მაგრამ კომპრომისული მოდელი მიიღონ (რითიც მათ მაინც დარჩებათ გარკვეული უპირატესობა ოპოზიციასთან შედარებით, მაგრამ არა ისეთი კოლოსალური, როგორიც ახლა აქვთ).
ჯერჯერობით, ქართული ოცნება არ აჩენს იმის მზაობას, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს კრიზისი დაპირების არშესრულებამ წარმოშვა. მომავლისთვის, თუ ასეთი მზაობა იქნება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოდიფიცირებული გერმანული მოდელი ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტია, რომელზეც ფართო პოლიტიკური კონსენსუსი უკვე არსებობს - მას ოპოზიცია უჭერს მხარს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.