თითქმის 20 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ორ კლუბში, “ბასიანსა” და “გალერიში” სპეცრაზმის წევრები შეიჭრნენ, რასაც ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კლუბებში ძალოვანების შეჭრიდან რამდენიმე საათში დააკავეს ათეულობით ადამიანი. აქცია თბილისის პარლამენტის წინ ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა.
საქართველოს მთავრობა მიმდინარე პროცესებს თითქმის 20 საათია დუმილით პასუხობს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ პრემიერს, პრეზიდენტს, ქალაქის მერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ერთადერთი პოსტი, რომელიც გასული 20 საათის განმავლობაში გამოქვეყნდა, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღის მილოცვაა.
პრემიერი დუმს Twitter-ზეც, სადაც ბოლო აქტივობა 8 მაისს ჰქონდა, როცა სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერს მიულოცა გამარჯვება.
საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე 12 მაისს სამი პოსტია გამოქვეყნებული, ოღონდ არც ერთი მათგანი არ ეხება კლუბებთან დაკავშირებულ მოვლენებს და აქციებს. 10 საათის წინ საქართველოს მთავრობამ პრემიერის გვერდიდან გადმოპოსტა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით განთავსებული მილოცვა. 4 საათის წინ ინერნეტმომხმარებლებს ღამით მუზეუმში მისვლისკენ მოუწოდებდნენ.
1 საათის წინ კი ხერთვისის ციხის რეკონსტრუქციის დასასრული გვამცნეს.
სოციალურ ქსელებში გასული ორი დღის განმავლობაში დუმს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც. მისი ბოლო აქტივობა 26 მაისს ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ანონსია.
12 მაისს აქციაზე მისულმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ის იქ პრეზიდენტის დავალებით იმყოფება და აკვირდება პროცესს.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის ჩატარების შემდეგ დუმს თბილისის მერი კახი კალაძეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკომუნიკაციო არხებზე არ იძებნება მინისტრის კომენტარი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ოფიციალური განცხადება, რომელიც 12 მაისს გამთენიისას გამოაქვეყნეს, 3 თვიანი წინასწარი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას და მასში ნახსენები იყო 8 დაკავებული ნარკოგამსაღებელი. მოგვიანებით, როდესაც დაკავებულების რაოდენობა გაიზარდა, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ დამატებით ინფორმაციას დაკავებულების ადგილსამყოფელის, რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ, თუმცა, ბრიფინგი მხოლოდ 12 მაისს, შუადღისას ჩატარდა სამინისტროში.
შუადღისას გამოქვეყნდა ნარკორეალიზაციის ამსახველი კადრებიც.