Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართავს თუ არა ქვეყანა ეპიდემიას ცრუ უარყოფითი მოლოდინებით?


როგორ იცვლება ეპიდსიტუაცია საქართველოში? კვლავ საჭიროა თუ არა ის მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებს? როდემდე გაუძლებს ეკონომიკა და საზოგადოება ე.წ. კარანტინის პირობებში ცხოვრებას? - ეს კითხვები სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის და კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებულობს, სამაგიეროდ, ერთი თვით ხანგრძლივდება საგანგებო სიტუაცია და კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები.

ეს კითხვები აქვთ, როგორც რიგით მოქალაქეებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, მათ შორის, ინფექციონისტებსაც.

ერთ-ერთი უკანასკნელი გამოკვლევა COVID 19-ის ტენდენციების შესახებ, რომელიც ქართველმა მკვლევრებმა აწარმოეს, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ გამოკვლევა ძირითადად ვარაუდებსა და მოსაზრებებს შეიცავს, რიგ შემთხვევებში, მკვლევრები გარკვეული მოდელირების საფუძველზე ცდილობენ, მეტნაკლებად მიახლოებული გათვლების ჩვენებას, თუმცა, საბოლოოდ, მიდიან დასკვნამდე, რომ აუცილებელია ხელისუფლებისგან და სპეციალისტებისგან კონკრეტული მონაცემებისა და გათვლების გამოქვეყნება, რაც ქვეყანას მისცემს საშუალებას, დროულად დაძლიოს შექმნილი კრიზისი.

თუკი მაგალითად, საქმე საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობაზე მიდგება, უფრო ზუსტად კი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მკვლევრების აზრით, სავარაუდოდ, სწორედ მომდევნო 10-14 დღეში უნდა გამოვლინდეს რელიგიური დღესასწაულების, ბზობისა და აღდგომის გავლენა და თუკი დღესასწაულების პერიოდში დისტანცირების და ჰიგიენის წესების მასობრივი დარღვევა არ მოხდა, მაშინ, სავარაუდოდ, მომდევნო ათ დღეში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1,000 შემთხვევის ფარგლებში იქნება: „ვთვლით, რომ 1-10 მაისის პერიოდი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ჯანდაცვის სისტემისთვის: ან შევინარჩუნებთ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ეპიდემიას, ან ვერა. ამიტომ, უმჯობესი იქნება, რომ სისტემის ყველა რგოლი მზადყოფნაში გვქონდეს, რათა თუ ეპიდემიის გავრცელებამ არასასურველი ტრაექტორია შეიძინა, შევძლოთ დარტყმის ადეკვატურად გამკლავება“, - წერენ „კურაციოს“ მკვლევრები.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მოსალოდნელი ეპიდემიის პიკი საქართველოში ჯერჯერობით გაბრტყელებულია (არა დადაბლებული) და “ფიზიკური” დისტანცირების ზომები იმდენად გამკაცრებულია, რომ საქართველო არსებული ჰოსპიტალური რესურსის 10%-საც კი არ იყენებს: „თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან 46 დღეა გასული, ვთვლით, რომ ჯანდაცვის სისტემა, წესით, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ყოველდღიურად 50 პაციენტი (ოღონდ არა ის მსუბუქი ფორმები, ვინც დღეს არის ჰოსპიტალიზებული) მიიღოს, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია რეალურად ესაჭიროება – ანუ სადღაც 700 პაციენტი 2 კვირის ინტერვალში. საყურადღებოა კოლეგების მოსაზრება, რომ თუ ინფექციას მართვადი გავრცელების საშუალება არ მივეცით, ძნელი იქნება არსებული სიტუაციიდან გამოსვლა“.

მკვლევრებს უჩნდებათ კითხვა, როდემდე გაუძლებს საზოგადოება და ეკონომიკა დაწესებულ შეზღუდვებს, იზოლაციას. მათი აზრით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც უნდა დაიწყოს ღია საუბარი შეზღუდვების მოხსნის თაობაზე. თუმცა, ამასთანავე, ისინი იმასაც ამბობენ, რომ „ამგვარი დიალოგისთვის აუცილებელია ხარისხიანი ანალიტიკური ნაშრომები, გათვლებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია, რაც ჯერჯერობით მეტად მწირია საჯარო თუ სამეცნიერო სივრცეში და უფრო მეტად “ექსპერტულ” მოსაზრებებს ვეყრდნობით, ვიდრე საქართველოში წარმოებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს. ამ პირობებში უფრო მეტად გაუგებარია, თუ რას ემყარება ესა თუ ის ეროვნული გადაწყვეტილება, რომელ მონაცემებს ან/და რომელ კვალიფიციურ ანალიზს?“

„კურაციოს“ მკვლევრები ასევე იშველიებენ ისლანდიის, ავსტრიის, ლოს ანჯელესის გამოკვლევების წინასწარ შედეგებს და ამბობენ, რომ ინფექციის გავრცელების დონე, სავარაუდოდ, ასიმპტომური ადამიანების ხარჯზე, გაცილებით მაღალია, შესაძლოა 50-80-ჯერ მაღალიც კი, შესაბამისად, მათი გათვლებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, რაც იტალიის, ესპანეთის და ნიუ-იორკის მაგალითზე ვნახეთ, სადაც ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა და დიდი რაოდენობით პაციენტი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია „კურაციოს“ მკვლევრებთა ის შეკითხვები, რომლებსაც ისინი ჯანდაცვის სისტემისკენ მიმართავენ და რომლებზე პასუხიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ე.წ. მართვად დატვირთვას გაუძლოს:

  • "მთავრობამ და საზოგადოებამ ვიცოდეთ, თუ რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა, რომ მსუბუქი პაციენტები ბინაზე მართოს პირველადი ჯანდაცვის დონეზე (და არა ისე, როგორც დღეს ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ხდება) და მძიმე შემთხვევები საავადმყოფოებში? სხვა ქვეყნების მაგალითზე მხოლოდ 2%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და საქართველოში დღემდე ყველა პაციენტი საავადმყოფოში იწვა;
  • რამდენი საწოლი გვაქვს მზად და რამდენი პაციენტის (სიმძიმის მიხედვით მძიმე, კრიტიკული) გატარება შეგვიძლია ერთდროულად? 100-ის, როგორც ამაზე ექიმები ეთერიდან გვესაუბრებიან, თუ 800-900-ის, რასაც დარგის მესვეურები ამბობენ? თუ 3500-ის? ვთვლით, რომ ამ რიცხვებს შორის ისეთი სხვაობაა, რომ დაზუსტების გარეშე მართვადი დატვირთვა აბსურდული ცნებაა;
  • რომელ ასაკობრივ ჯგუფებს გადააქვთ დაავადება ადვილად და რომელს არა? მედიაში ექიმების გამოსვლებს თუ მოვუსმენთ, საქართველოში დაავადების კლინიკური მიმდინარეობა სხვაგვარია, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები აქვეყნებენ. თუ რას ეფუძნება ეს განცხადებები, უცნობია, ჯერ ქართველის მიერ მომზადებული არცერთი მეცნიერული სტატია არ გამოქვეყნებულა და არც რიცხვები, სადაც ჰოსპიტალიზირებული ან გამოჯანმრთელებული შემთხვევის ანალიზი იყოს წარმოჩენილი/აღწერილი.
  • მოვიწვიოთ კოლეგები და ვთხოვოთ დახმარება, ან საჯარო სივრცეში გამოვაქვეყნოთ კრიტიკული ინფორმაცია, რომ ბოლო-ბოლო გავარკვიოთ, ვინ ვატაროთ სამსახურში და ვინ გამოვკეტოთ სახლში? ვისი დაწვენა არის აუცილებელი საავადმყოფოში და ვინ ადვილად გადაიტანს დაავადებას სახლში?"

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ერთ-ერთია იმ პროფესიონალთაგან, რომელიც სოციალურ ქსელში ღიად აკრიტიკებს საქართველოს პოლიტიკას ეპიდსიტუაციის მართვასთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ ეპიდსიტუაციის მართვა ქვეყნის პარალიზების გზით, იმთავითვე მცდარია:

„დააკვირდით საქართველოს დაავადებათა კონტროლის სტატისტიკურ მრუდს კოვიდის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. 16-17 აპრილს იყო მცირე მატება 30-34, ამ ორი დღის მაჩვენებლის ზრდის ტენდენციად მონათვლა საერთოდ შეუძლებელია. ამის შემდეგ, ისე რომ არაფერი იცვლება, შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად კლებადია და გუშინ იყო 3! გაიგეთ სულ სამი ახალი შემთხვევა! ნუ რამდენი უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყნის პარალიზების პოლიტიკა შეიცვალოს? მინუსებში უნდა წავიდეთ? ამაზე დაბალი არასოდეს არ იქნება აწი მრავალი წლის განმავლობაში. ვირუსის გაქრობას ველოდებით? და დღეს, ამ მონაცემების ფონზე, ისევ კომენდანტის საათი და მანქანებით გადაადგილების აკრძალვა გრძელდება. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დღეებში უნდა გვენახა სწორედ ყბადაღებული "ბზობის კლასტერი"! სად არის? რატომ ქმნით ცრუ უარყოფით მოლოდინებს და შემდეგ ამ მოლოდინებს იყენებთ რეგულაციების გასამკაცრებლად? ახლა ალბათ უკვე იქმნება "მარნეულის არეულობის კლასტერის" თეორია და მომავალი ერთი თვე ამის კანკალში უნდა გავატაროთ. ნუთუ კიდევ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ეს რეგულაციები სულ სხვა მიზნებს ემსახურება?“

ეს პოსტი გიორგი კანდელაკმა 22 აპრილს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. იმავე დღეს გამოქვეყნებულ კიდევ ერთი პოსტში, გიორგი კანდელაკი იმ მონაცემებისა და გამოკვლევის შესახებ ლაპარაკობს, რომლის თანახმადაც, COVID 19-ის სიკვდილიანობა დაბალია და მისი მაჩვენებელი სეზონური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიდამოემბში ტრიალებს. ამის საილუსტრაციოდ მას მოჰყავს, კალიფორნიის, სანტა-კლარას რაიონში ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თანახმადაც, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი რეგისტრირებულ ინფიცირებულებზე 50-85-ჯერ მეტია, რაც იმის დასტურია, რომ რეალურად, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია:

„კვლავ და კვლავ ერთი და იგივე ტენდენცია: ინფიცირებულები შეუდარებლად მეტნი არიან დადასტურებულებზე - ამ კვლევის მიხედვით 50-80 ჯერადობაზეა საუბარი. ალბათ მარტივი ლოგიკაც საკმარისია არა, რომ მივხვდეთ , რომ ამ ინფექციის სიკვდილიანობა ძალიან დაბალია და გრიპის მიდამოებშია მაქსიმუმ. ეს რომ მხოლოდ ერთი იზოლირებული კვლევის შედეგი იყოს, შეიძლება გვქონდეს ეჭვები, თანაც ამ კვლევას თავისი ხარვეზებიც ახლავს, მაგრამ ერთი და იგივე ტენდენციაა ყველგან: გერმანიაში, ისლანდიაში, ამერიკის ორ სხვადასხვა კვლევაში და ასე შემდეგ. ასე რომ კიდევ ერთი არგუმენტი: ქვეყნის პარალიზების გზით ამ ეპიდემიის მართვა, ძირშივე მცდარი კონცეფციაა და იწვევს მხოლოდ ეკონომიკურ ნგრევას და მეტს არაფერს“.

საქართველოში საგანგებო სიტუაციის ერთი თვით, 22 მაისამდე გახანგრძლივებას, საკანონმდებლო ორგანომ 97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, 22 აპრილს დაუჭირა მხარი. 27 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა კერძო ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახტომისებური ზრდა არ შეინიშნება და უკანასკნელ დღეებში ის 3-8 შემთხვევებს შორის მერყეობს, ამ ეტაპზე, ხელისუფლება მოსახლეობისათვის შეზღუდვების მოხსნას არ აპირებს, თუმცა, იმას კი ამბობს, რომ ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარდგენასაც ისინი ეტაპობრივად დაიწყებენ.

პირველი ასეთი გეგმის პროექტი ხელისუფლებამ 24 აპრილს უნდა წარადგინოს, რომელიც იქნება ორეტაპიანი. როგორც ხელისუფლებაში განმარტავენ, გეგმა მოიცავს სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმებს. ამასთანავე, 24 აპრილსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა.

23 აპრილის 18 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 420 შემთხვევაა. მათგან 111 გამოჯანმრთელებულია. 5 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG