ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ცვლილებები იგეგმება. იზრდება მოთხოვნა მანდატურების მიმართ და ასევე მათი უფლებამოვალეობები.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოების დაცვაც განისაზღვრება. მანდატურის სამსახურის ფუნქციებს ემატება: ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება; ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის - ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ა. შ.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მანდატური მეტალოდეტექტორის საშუალებით ზედაპირულად, უკონტაქტოდ დაათვალიერებს მოსწავლეს. მანდატური იმავე სქესის უნდა იყოს, რა სქესისაც მოსწავლეა.
ცვლილება შეეხება მანდატურის კანდიდატისთვის დადგენილ ასაკსა და განათლებას. კერძოდ, ნაცვლად არსებული 20 წლის ზღვარისა, კანონით განისაზღვრა 21 წელი, ხოლო ნაცვლად სრული ზოგადი განათლებისა, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდგომ, მანდატურობის კანდიდატობისათვის აუცილებელი იქნება სრული ზოგადი და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება. გაძლიერდა, დაიხვეწა და გახანგრძლივდა მანდატურის მოსამზადებელი კურსი. მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა, ნაცლად 3 კვირისა, ახლა, დაახლოებით, 2 თვემდე პერიოდს მოიცავს.