უკვე დიდი ხანია, რაც დასავლეთში მეორე მსოფლიო ომი ზოგადად, და შოა (ჰოლოკოსტი) განსაკუთრებით, მორალურ საზომ ერთეულად გადაიქცა. ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება სხვა კონფლიქტში ჩარევა-არჩარევაზე გადაწყვეტილების მიღებას, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერი არგუმენტად იხმობს მიუნხენსა და აუშვიცს.
ალბათ ბევრს ახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა ბილ კლინტონი აუშვიცს, როგორც არგუმენტს ბალკანეთის კონფლიქტში ინტერვენციის გასამართლებლად. ან ერაყის მეორე ომის დაწყებამდე როგორ ადარებდნენ დონალდ რამსფელდი და ჯორჯ ბუში სადამ ჰუსეინს ჰიტლერს… (არადა ჰუსეინს თუ რომელიმე დიქტატორთან ჰქონდა რამე საერთო, ეს სტალინი იყო).
ისტორიისა და პოლიტიკის ეს ორაზროვანი ურთიერთობა კვლავ აქტუალური გახდა ორშაბათს, 9 დეკემბერს, როცა პარიზში მაკრონი და მერკელი შეეცადნენ (უკვე მერამდენედ?), შეაჩერონ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია.
მაკრონს, რომელიც კრემლთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ოცნებობს, საკუთარი პოზიციის გასამართლებლად ისევ და ისევ მოჰყავს მეორე მსოფლიო ომი. მაგალითად, მაკრონის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთმა ბევრი უბედურება გადაიტანა და, აქედან გამომდინარე, კრემლის პოზიციას უფრო გაგებით სჭირდება მოპყრობა.
რა თქმა უნდა, რუსეთმა დიდი ტანჯვა იგემა ოკუპაციის დროს, მაგრამ ეს ხომ შეუდარებელია იმ ტრაგედიასთან, რაც უკრაინის მიწაზე დატრიალდა?! 3 256 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა უკრაინაში გერმანიის ოკუპაციას. მაშინ, როცა რუსეთისათვის ეს რიცხვი 1 800 000 იყო. 2 402 000 უკრაინელი იქნა დეპორტირებული მესამე რაიხში იძულებით სამუშაოზე. მაშინ, როცა რუსეთისათვის ეს რიცხვი 1 906 000 იყო. და ეს მაშინ, როცა ოკუპაციის ქვეშ მყოფი რუსების რაოდენობა, სულ ცოტა, სამჯერ აღემატებოდა ოკუპაციაში მყოფი უკრაინელების რაოდენობას!
დასავლეთში ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა იცის, რომ პუტინის მშობლები ე.წ. ბლოკადელები იყვნენ და არავის აქვს წარმოდგენა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს მამა აუშვიცის ბანაკის ყოფილი ტუსაღი იყო და მხარზე 11369 ნომერს ატარებდა...
დღეს ყველას დავიწყებული აქვს, რომ უკრაინა (და არა რუსეთი) იმყოფებოდა ნაცისტების უტოპიისა თუ გენოციდური პოლიტიკის შუაგულში. ჰიტლერი თვლიდა, რომ უკრაინა და არა რუსეთი იყო ებრაელობის „ბუდე“. უკრაინის ტერიტორიაზე, პოლესიეში დაიწყებს ვერმახტი პირველად უკრაინელი ებრაელი ქალებისა და ბავშვების განადგურებას. გერმანული „შიმშილის გეგმა“ (Hungerplan), რომელიც ითვალისწინებდა მილიონობით საბჭოთა ადამიანის შიმშილით მოკვლას, უკრაინაში უნდა დაწყებულიყო.
თვალწინ გვიდგას 1970 წლის 7 დეკემბერი - ვარშავის გეტოს აჯანყების გმირების მემორიალის წინ მუხლმოდრეკილი გფრ-ის კანცლერი ვილი ბრანდტი. ებრაელების შემდეგ თუ არსებობს სხვა ხალხი, რომელიც ასეთ ჟესტს იმსახურებს, ეს პირველ რიგში უკრაინელები არიან.
მაშ რატომ არის რომ მაკრონი, ადამიანი, რომელსაც ნამდვილად გააჩნია ისტორიული ცნობიერება არ ახსენებს უკრაინას ან ბელარუსს, როდესაც საბჭოთა კავშირში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს? როგორ მოხდა, რომ მაკრონ-პოლიტიკოსს, კაცს, რომელსაც გააჩნია ამ კონფლიქტის ისტორიული განზომილების წვდომა, ამ დიდ ტრაგედიაში პირველ-მსხვერპლად რუსეთს აცხადებს?
ცდილობს ის ამგვარად ისტორიით მანიპულირებას ისე, როგორც ამას მანამდე სხვა პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ? თუ მაკრონი გულწრფელია და იგი ისტორიკოსებმა შეიყვანეს შეცდომაში? იმ ისტორიკოსებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომზე კვლევებში საუბრობენ რუსეთის (და არა წითელ) არმიაზე, რუსი (და არა საბჭოთა) ხალხის ტრაგედიაზე, რუსეთის (და არა საბჭოთა კავშირის) ოკუპაციაზე და ა.შ. სხვათა შორის, ეს ტენდენცია ზოგჯერ ისეთ კურიოზულ ფორმებს იღებს, რომ როცა ერთი ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი 1945 წლის მაისში ბერლინის აღებას აღწერს - საუბრობს რუსულ არმიაზე; ხოლო როცა 1953 წლის ივნისში, ბერლინში მშვიდობიანი გაფიცვების სისხლში ჩამხრჩობ იმავე ჯარზე წერს - მას საბჭოთა არმიად მოიხსენიებს... (სავარაუდოდ ფროიდს ამ ლაფსუსის საინტერესო ინტერპრეტაცია ექნებოდა).
ბრიტანელ ისტორიკოს ერიკ ჰობსბაუმს უყვარდა გამეორება, რომ ყოველთვის არის რისკი ისტორიული კვლევები ბომბების მწარმოებელ ქარხნებად გადაიქცნენ. „მაკრონის შემთხვევა“ შეიძლება იმის მაგალითი გახდეს, თუ როგორ შეიძლება გადაიქცნენ ისტორიკოსების სიტყვები საათის მექანიზმიან ნაღმებად...