Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაიდანის სცენარზე“ სუსის განცხადების შემდეგ „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს


მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „მაიდანის სცენარზე“ გაიწყო საუბარი, ძალადობრივი „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „მაიდანის სცენარზე“ გაიწყო საუბარი, ძალადობრივი „ალტ-ინფო“ „ანტიმაიდანს“ აანონსებს

პრორუსული, ანტილიბერალური, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ და მისი ტელევიზია „ალტ-ინფო“ „მაიდანის სცენარზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას იმეორებენ და „ანტიმაიდანს“ აანონსებენ.

„ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 22 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ „ანტიმაიდანის მოძრაობა“ ყალიბდება „პროდასავლური ჯგუფების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალებისა და მაიდანის მოწყობის აღსაკვეთად“.

პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა ამბობს, რომ „შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს პროცესი დაიქოქა“, ამიტომაც „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაყალიბებთ ანტიმაიდანს“.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, შოთა მარტინენკო ამბობს, რომ „მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება თანამოაზრეების ორგანიზება იმ ერთობაში, რომლის შინაარსიც იქნება შესაძლო მაიდანისთვის წინააღმდეგობის გაწევა“.

„ჩანს, რომ „ოცნებას“ - იმ ძალას, რომელიც მოიაზრება პირველი შედეგის ობიექტად, მორალური პოზიცია არ გააჩნია ისეთი, რომელსაც მდგრადად შეუძლია დასავლური შემოტევის ეფექტური წინააღმდეგობის ორგანიზება“, - აცხადებს მარტინენკო.

მარტინენკო ამბობს, რომ პარტია დაიწყებს „რაზმების, გნებავთ, ჯგუფების, მოხალისეების, რაიონების მიხედვით“ ორგანიზებას - სიების შედგენად ადამიანებისა, რომლებიც „ერთ დაძახილზე“ იმოქმედებენ.

მარტინენკო და ქარდავა აცხადებენ, რომ ორშაბათს უფრო დეტალურად ისაუბრებენ გეგმებზე.

უკანონო ფორმირების შექმნა ისჯება

უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა და მასში გაწევრიანება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პატიმრობით ისჯება.

კოდექსის 223-ე მუხლის თანახმად, „უკანონო ფორმირება“ შეიძლება იყოს „ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი“ - ნებისმიერი ფორმირება, გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა.

„უკანონო ფორმირების“ მახასიათებელია სხვადასხვა, მათ შორის, ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ნივთიერებით შეიარაღება.

რადიო თავისუფლება ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გაიგოს, დაიწყო ან დაიწყებს თუ არა გამოძიებას „ალტ-ინფოს“ ლიდერების განცხადებაზე. უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

ამ მუხლით შსს-მ 2019 წელს ლევან ვასაძის „კომბლებით შეიარაღებული ლეგიონების“ ინიციატივის შემდეგ დაიწყო გამოძიება.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება”, - აცხადებდა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რა არის „ალტ-ინფო“

  • „ალტ-ინფო“ ანტიდასავლური ძალაა, რომლის ორგანიზებითაც საქართველოს პარლამენტის წინ დემონსტრანტებმა რამდენჯერმე დემონსტრაციულად ჩამოხიეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
  • ისინი აორგანიზებდნენ ძალადობას „თბილისის პრაიდის“, ჟურნალისტებისა და სხვა პროდასავლური აქტორების წინააღმდეგ.
  • საგამოძიებო უწყებების მიერ ცალკეული წევრებისა და მხარდაჭერების პასუხისგების მიუხედავად, მოძრაობის ლიდერებს არცერთ შემთხვევაში არ უგიათ პასუხი ძალადობის ორგანიზებაზე.
  • გუნდის წევრები ლობირებენ ურთიერთობების ნორმალიზებას მოსკოვთან და ამბობენ, რომ რეგულარულად ჩადიან კრემლში მოლაპარაკებებზე.
  • ევროპარლამენტარების ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ სანქციების დაწესება მოითხოვა „ალტ-ინფოსა“ და მისი ხელმძღვანელისთვის, კოკა მორგოშიასთვის.

სუსის გაფრთხილება „გადატრიალებაზე“

გასულ ორშაბათს, 18 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.

უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, საქართველოსა და საზღვარგარეთ მოქმედებს „გარკვეული ჯგუფი“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავს და ამას ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციითა და სამოქალაქო არეულობის მოწყობით აპირებს.

„გეგმის ერთ-ერთ ავტორად“ სუსმა დაასახელა გიორგი (გია) ლორთქიფანიძე - უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო.

ორგანიზატორთა შორის უწყება ასახელებს, მათი მტკიცებით, „ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის პირებს“:

  • სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრ მიხეილ ბატურინს, - რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა;
  • უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს, - რომელსაც სუსი „სააკაშვილის გარემოცვის ახლო წევრად“ მოიხსენიებს.

სუსის მტკიცებით, „გეგმის განხორციელება იგეგმება“ უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

„დამფინანსებელი უცხო ქვეყნები“ სუსს არ დაუზუსტებია. დასახელებული პირები სუსის ბრალდებას უარყოფენ.

„კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდანის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, - აცხადებს სუსი, თუმცა არ წერს, რით „დასტურდება“ ეს.

ოპოზიცია და ექსპერტები ტრადიციული უნდობლობით შეხვდნენ სუსის განცხადებას „გადატრიალების გეგმაზე“, რადგან მსგავსი რამ არაერთხელ მოუსმენია საზოგადოებას, თუმცა ეს განცხადებები არ დასრულებულა პოტენციურ დამნაშავეთა დაკავებით და სასამართლო პროცესით.

ღირსების რევოლუცია და ანტიმაიდანი

„მაიდანს“ უწოდებენ ხოლმე უკრაინაში 2013-14 წლების მიჯნაზე განვითარებულ მოვლენებს. საპროტესტო დემონსტრაციები, რასაც მოგვიანებით „ღირსების რევოლუცია“ ეწოდა, 2013 წლის 21 ნოემბერს დაიწყო.

დემონსტრანტები ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ, რომ მას, დაპირებისამებრ, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე.

2014 წლის 20 თებერვალს, უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ სნაიპერების მიერ გახსნილმა ცეცხლმა „ღირსების რევოლუციის“ 48 მონაწილის სიცოცხლე შეიწირა.

კიევის ქუჩებში გამოსული მომიტინგეების დახვრეტას უკრაინელი ხალხის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მეორე დღეს პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ჯერ კიევი, შემდეგ კი უკრაინა დაეტოვებინა და რუსეთში გაქცეულიყო.

„ანტიმაიდანი“ 2013-14 წლებში უკრაინაშიც გამოჩნდა - „ღირსების რევოლუციის“ პარალელურად. მისი ორგანიზატორები უკრაინის რუსეთთან დაახლოების მომხრეები იყვნენ. ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ ამ სახელით დემონსტრაციების მონაწილეები იანუკოვიჩის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყვნენ დაქირავებულები.

XS
SM
MD
LG