„ახლა დედას არ შეუძლია, რომ გამოძიებას ჩვენება მისცეს. არ არის კარგად. თუმცა, რამდენიმე დღეში, აუცილებლად მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და დეტალურ ჩვენებას მისცემს გამოძიებას“ – 15 წლის ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე, ლუკას პოლიციაში გამოკითხვის დეტალებს იხსენებს.
ეს დეტალები მან დედისგან და ძმისგან, 10 და 11 დეკემბერს, მას შემდეგ მოისმინა, რაც მისი ძმა „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოკითხეს.
გამოკითხვიდან რამდენიმე საათში, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე, ლუკა სირაძე, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ერთი კვირის თავზე, 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 15 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, შსს ირწმუნებოდა, რომ ლუკა სირაძის გამოკითხვის პროცესში არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ლუკას გარდაცვალებიდან ორ საათში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს იძიებს, დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი და მას ბრალად ჩვენების იძულება წაუყენა. გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს.
ის, რაც ბექამ დედისგან შეიტყო
ბექა სირაძე ყვება, რომ ძმის და დედის პოლიციაში გამოკითხვის ამბავი 10 დეკემბერს, საღამოს შეიტყო. ბექა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლობს და დროის დიდ ნაწილს გორში ატარებს. გორში იმყოფებოდა ის 10 დეკემბერსაც, როცა დედამ დაურეკა:
„მითხრა, განყოფილებაში ვიყავით, გამოკითხვაზე, ლუკას სკოლის კედლების დაზიანებაში ადანაშაულებენო. ჩემ ძმასაც ველაპარაკე. მითხრა, მე არ გამიკეთებია წარწერები, არ ვარ დამნაშავეო“.
ბექა ამბობს, რომ დედამ და ძმამ პოლიციის განყოფილებაში 10 დეკემბერს 4 საათზე მეტი გაატარეს. როგორც მას დედამ უამბო, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სიტუაცია გამომძიებლებსა და ლუკას შორის იყო დაძაბული:
„როგორც კი მივიდნენ განყოფილებაში, მარიანა ჩოლოიანმა პირდაპირ უთხრა, ვიცით, რომ შენი გაკეთებულია და აღიარე, თორემ შენს ძმას პრობლემები შეექმნება სასწავლებელშიო. დედის თვალწინ აყენებდნენ შეურაცხყოფას. დედამ სთხოვა გამომძიებლებს ეჩვენებინათ მისთვის სკოლის კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები და თუკი ამოიცნობდა, რომ კედლებს მართლაც ლუკა ხატავდა, ის მზად იყო ზარალი აენაზღაურებინა. ამ თხოვნაზე გამომძიებლისგან უარი მიიღო, ჩანაწერებს ვერ განახებთო. გაგრძელდა მუქარა და ყვირილი ლუკას მისამართით. დაგიჭერთ, შენნაირი აქ ათასი მოსულაო“, - ამბობს ბექა.
დედის მონაყოლზე დაყრდნობით, ბექა იმასაც ამბობს, რომ 10 დეკემბერს, მისი ძმა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებლების პირისპირ, 15-20 წუთის განმავლობაში მარტო დარჩა:
„დედა პოლიციის თანამშრომელთან ერთად სახლში წავიდა. როგორც ვიცი, ლუკას მასწავლებლის ნომრის მოსაძიებლად. რა ხდებოდა და როგორ ექცეოდნენ ლუკას იმ 15-20 წუთის განმავლობაში პოლიციაში, ჩვენთვის უცნობია. გამოკითხვის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. პოლიცია ვერ უმტკიცებდა ჩემ ძმას, რომ კედლები ნამდვილად მისი მოხატული იყო. ლუკა არ აღიარებდა. როგორც ჩანს, წყობიდან გამოვიდა გამომძიებელი, რომ 15 წლის მოზარდს ვერ ერეოდნენ. ჩემი ძმაც გაღიზიანდა და ხმამაღალი ტონით პასუხობდა. ამ ხმამაღალ დიალოგზე, ერთ-ერთი პოლიციელი წამოდგა და ჩემ ძმას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დედაჩემი შეეცადა ჩემი ძმა დაემშვიდებინა. ამ დროს კაბინეტიდან გამოვიდა კიდევ ერთი თანამშრომელი და ლუკა კაბინეტში შეიყვანა. 3-4 წუთის შემდეგ, ლუკა ტირილით გამოვიდა მისი კაბინეტიდან. მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, რაზეც მარიანა ჩოლოიანმა უთხრა, მაშინ გამოვიძახებთ სასწრაფოს, როცა მე ჩავთვლი საჭიროდო. ლუკამ მოითხოვა სოციალური სამსახურის ჩართვაც, თუმცა, ამ თხოვნაზეც უარი მიიღო, დედასთან ერთად ხარ და არ არის საჭირო მათი გამოძახებაო. ლუკამ დედას უთხრა, რომ კაბინეტში მას „კაპეზეთი“ დაემუქრნენ“.
როგორც ბექა ამბობს, ბრალის აღიარება ლუკამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის სამმართველოს უფროსის მოადგილის კაბინეტიდან გამოვიდა, თუმცა, 10 დეკემბრის საღამოს, სამართალდამცავებმა ლუკას ჩვენება აღარ ჩაიწერეს და ის მეორე დღეს, დილის 11 საათზე დაიბარეს ჩვენების ჩამოსართმევად. 11 დეკემბერს, ლუკამ ბრალის აღიარებაზე უარი თქვა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ბექა სირაძე ყურადღებას ამახვილებს, ეს არის პოლიციის განყოფილებაში, ლუკასა და მისი თანასკოლელების ე.წ. დაპირისპირების მეთოდით გამოკითხვა. ამ პროცესს ლუკას დედაც ესწრებოდა. ბექა სწორედ დედის მონაყოლს იხსენებს: „გვერდიგვერდ დაუსვეს ერთმანეთს ლუკა და მისი თანასკოლელი გოგო. გოგოს პირდაპირ ეუბნებოდა გამომძიებელი, თქვი, ხომ ნამდვილად ლუკამ გააკეთა წარწერებიო. ბავშვი ამბობდა, არ ვიცი, არ მინახავს და როგორ გიპასუხოთო“.
10 დეკემბერს, გამოკითხვიდან გამოსულმა ლუკას კლასელმა გოგომ თვითდაზიანებები მიიყენა. ეს ინფორმაცია 18 დეკემბერს დაადასტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.
რატომ და როგორ აიღო ეჭვი გამოძიებამ ლუკა სირაძეზე?
მას შემდეგ, რაც ლუკამ თვითმკვლელობა სცადა და მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, სკოლის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა სკოლის ტერიტორიაზე შესული პირის იდენტიფიცირება. ამასვე ადასტურებდა სკოლის ერთ-ერთი დირექტორის, ბაკურ სულაკაურის განცხადებაც, სადაც ის წერდა, რომ „სკოლამ ვერ დაადგინა სკოლის ტერიტორიაზე შემოსული პირის ვინაობა და ბუნებრივია, ვერც იმას მიხვდებოდა, ეს პირი სრულწლოვანი იყო თუ არასრულწლოვანი, სჭირდებოდა თუ არა მას ფსიქოლოგიური დახმარება“.
საპირისპიროს ამბობს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე, რომელიც საქმის მასალებს 18 დეკემბერს გაეცნო და რომლის თანახმადაც, მისი თქმით, ირკვევა, რომ სკოლამ იცოდა, რომ კედლები, სავარაუდოდ, ლუკას მიერ იყო მოხატული:
„არასრულწლოვნების ჩვენებები დევს საქმეში. ირკვევა, რომ დირექციას დაბარებული ჰყავდა რამდენიმე არასრულწლოვანი და მათგან იქნა ამოღებული ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ლუკამ გააკეთა კედლებზე წარწერები. რა თქმა უნდა, ამ მტკიცებულებებიდანაც პირდაპირ არ დგინდება, რომ ლუკამ გააკეთა წარწერები, რადგან ამ პროცესს არავინ ესწრებოდა. მოზარდებმა მხოლოდ მათთან მისული ინფორმაცია გაუზიარეს დირექციას. სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტმა ამოიღო ვიდეოჩანაწერები სკოლიდან, რათა ვნახოთ, როდის გამოიკითხნენ ბავშვები, მას შემდეგ, რაც პოლიცია მივიდა სკოლაში, თუ მანამდე. მოხდა თუ არა მოზარდებზე რაიმე სახის ზეწოლა, იძულება ბავშვების მიმართ, ამას უკვე გამოძიება დაადგენს“.
რევაზ აჭარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სკოლამ მტკიცებულებები (პირადი მიმოწერა, პირადი ინფორმაცია) მოზარდებისგან კანონდარღვევით მოიპოვა, ის ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკას მიმართ განხორციელდა მუქარა და ძალადობა:
„ამჟამად მიდის მოკვლევა და გამოძიება, რა წვლილი შეიტანა სკოლამ ამაში. თუმცა, მასალებს, რომლებსაც 18 დეკემბერს გავეცანი, ჩვენი პრიორიტეტი არის გავარკვიოთ, რამდენად გადააჭარბეს სამართალდამცავებმა თავის მოვალეობებს. რადგან, რომც დადგინდეს დანაშაული სკოლის მხრიდან და სკოლას მსგავსი მტკიცებულებები მიეწოდებინა გამოძიებისთვის, ლუკას მიმართ ძალადობა განხორციელდა უშუალოდ განყოფილებაში“.
ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის თქმით, რაკიღა სკოლის ადმინისტრაციას ჰქონდა სავარაუდო ინფორმაცია ვინ მოხატა კედლები, კარგი იქნებოდა, სკოლა დაჰკავშირებოდა მოზარდის მშობელს, საქმეში ჩაერთოთ ფსიქოლოგი, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ სკოლას ვერავინ დაძრახავს იმის გამო, რომ მათ საქმის გამოძიების მიზნით პოლიცია გამოიძახეს.
რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ დღესდღეობით, ლუკა სირაძის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, გამოძიებამ დააკავოს ის პირები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გამოკითხვის პროცესში, მოზარდს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. რევაზ აჭარაძე საქმის დამატებითი მასალების გასაცნობად უახლოეს დღეებში მივა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში:
„როგორც ჩემთვის ცნობილია გამოძიებისგან, გამოთხოვილია დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ იმყოფებოდა პოლიციის შენობაში ლუკას გამოკითხვისას, არა მარტო პოლიციელები, არამედ სხვა პირები, მოქალაქეები, ისინი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე საინტერესო ინფორმაცია ამ პროცესთან დაკავშირებით“.
რევაზ აჭარაძის თქმით, აუცილებელია, რომ პოლიციის განყოფილებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები გამოძიებამ ლუკას დედასთან ერთად დაათვალიეროს, რათა მან პირდაპირ მიუთითოს, რომელი პოლიციელი, რა მომენტში, რა ქმედებას ახორციელებდა.