ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს თან მთელი რიგი საბუთები არ ახლავს.
ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. ვიდეო ინსტაგრამზე თავად გამოაქვეყნა.
თავად არის ბოკვრის პატრონი? თუ კი, აქვს თუ არა შესაბამისი საბუთები? როგორ აღმოჩნდა ლომი სპორტსმენის ხელში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რადიო თავისუფლებამ ვერ მოახერხა, ბექაური არც სატელეფონო ზარსა და არც ონლაინგზავნილებს არ პასუხობს, ჯერჯერობით - არც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
„ეგზოტიკური ცხოველების ყოლა ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან არის აკრძალული“, - გვეუბნება ცხოველთა უფლებების დამცველი თინათინ ჭავჭანიძე.
ეგზოტიკურ ცხოველებში კანონი გულისხმობს „ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილ გარეულ ცხოველებს, რომლებიც ადგილობრივ პირობებში (კლიმატი და სხვა) არ ცხოვრობენ“.
აკრძალვა საქართველოში გავრცელებულ გარეულ ცხოველებზეც ვრცელდება, მაგალითად, მგელსა და დათვზე, რომელთა ყოლაც არ შეიძლება და თუ სადმე ლეკვს ან ბელს გადააწყდით, სახელმწიფოს უნდა ჩააბაროთ. თუ ცხოველი სახლში აღმოგიჩინეს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტყეში ნაპოვნი დათვის ბელი, რომელიც გაზარდეთ, სახელმწიფო ვალდებულია ის ჩამოგართვათ.
თუმცა, კანონი განსაკუთრებით მომთხოვნია იმ ცხოველებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში არ ბინადრობენ და გარედან შემოჰყავთ.
„მთელი რიგი დოკუმენტები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბოლო დროს რამდენი შემთხვევაც იყო, ყველა უსაბუთო გამოდგა, კონტრაბანდა. ასე ადვილად ვერ ყიდულობ ეგზოტიკურ ცხოველებს, - ამბობს თინათინ ჭავჭანიძე, - გარეული ცხოველის სახლში ყოლა ცხოველისთვისაც საშიშია და ადამიანისთვისაც, გაიზრდება, გახდება აგრესიული და შეჭამს იმ კაცს“.
ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება:
- თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს
- ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფთ
- გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით
ორგანიზაციის „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ (საბუკო) დირექტორი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ გარეული ცხოველის საქართველოში შემოსაყვანად CITES-ის სერტიფიკატია საჭირო, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს.
„ეს ცხოველი კანონიერად უნდა იყოს მოპოვებული. მისი მოპოვებისას სახეობას საფრთხე არ უნდა შეექმნას, მთელი დასტაა რეგულაციების. თუ ეს სერტიფიკატი არ გაუციათ, მაშინ კონტრაბანდული გზითაა შემოყვანილი, რაც 302-ე პრიმა მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს - 2-4 წლამდე პატიმრობას“.
ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განმარტოს, აქვს თუ არა ინფორმაცია ამ ლომის ბოკვრის შესახებ და არის თუ არა ის კანონის დაცვით შემოყვანილი.
გარეული ცხოველების სახლში ყოლის ტრადიცია დამახასიათებელია არაბული ქვეყნებისათვის, სადაც შეიხები ლომებსა და ვეფხვებთან ერთად იღებენ ხოლმე ფოტოებსა და ვიდეოებს, ასევე რუსეთში - იქ ბოლო წლებში შინაურ ცხოველებად მხოლოდ ძაღლი და კატა კი არა, ფოცხვერი, მელია და კარაკალიც ჰყავთ.
თავის რეზიდენციაში ცხოველებისთვის ცალკე კუთხე აქვს გამოყოფილი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვსაც. ზოგ ფოტოზე, რომლებსაც ის სოციალური ქსელით აქვეყნებს, კადიროვი ლომთან, ვეფხვსა და ნიანგთან არის გადაღებული.
საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების ყველაზე დიდი კერძო კოლექცია აქვს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. მის კოლექციაში შედის სხვადასხვა სახეობის ზვიგენი, ზებრა, ირმები და სხვა ცხოველები.
ფორუმი