საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თეატრების და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფექცია. კერძო კომპანიების ნაწილი კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად თავად ქირაობს დასუფთავების სამსახურებს.
- რა რეკომენდაციები არსებობს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ დეზინფექციისას?
- რა ჯდება და რა სიხშირით არის საჭირო დეზინფექცია?
- იშოვება თუ სადეზინფექციო საშუალებები?
არასამედიცინო დაწესებულებებში (მაგალითად, ოფისებში, ტრანსპორტში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა.შ.) დასუფთავების რეკომენდაციები გასცა დაავადებების ეროვნულმა ცენტრმა. იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსი გარემოში შესაძლებელია რამდენიმე დღე ცხოვრობდეს, ცენტრის რეკომენდაციით, SARS-CoV-2-ით პოტენციურად დაბინძურებული ოთახები, ზონები, სათავსოები მათ ხელახლა გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ანტიმიკრობული (სადეზინფექციო) საშუალებებით, რომლებიც ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.
დეზინფექცია და დასუფთავება სასურველია იმ შემთხვევაშიც, თუკი არ არსებობს მტკიცებულებება, რომ ამ სივრცეში კორონავირუსით ინციფირებული იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში საკმარისია პროფილაქტიკური დასუფთავება წყლით და საყოფაცხოვრებო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით.
დასუფთავების ერთ-ერთი კერძო კომპანიაში, „სადეზინფექციო სერვისი+“-ში ამბობენ, რომ შეკვეთები მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გამოჩნდა, იმდენად გაეზარდათ, რომ რიგ შემთხვევაში უარის თქმა და მომხმარებლების გადამისამართება უწევთ. კომპანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს იცნობს და, შესაბამისად, მოიმარაგა ის ხსნარები, რომელიც რეკომენდებულ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, ისევე როგორც სპეციალური სამოსი თანამშრომლებისთვის.
დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით, ვირუსთან საბრძოლველად ეფექტურია შემდეგი ქიმიური ნივთიერებების კონცენტრატები:
- ეთანოლი
- ნატრიუმის ჰიპოქლორიტი
- პოვიდონ-იოდი
- გლუტარალდეჰიდი
- იზოპროპანოლი
- ბანზალკონიუმის ქლორიდი
- ნატრიუმის ქლორიტი
- ფორმალდეჰიდი
კომპანია „ლიდერ ქლინინგის“ დირექტორი ნათია დვალიშვილი ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკომენდებულ ქიმიურ ხსნარებზე მოთხოვნა თვალშისაცემია, ისევე როგორც გაზრდილი მოთხოვნა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე. სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისას მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იყოს შემდეგი აღჭურვილობა:
- ფილტრის მქონე ნიღაბი რესპირატორები;
- სათვალე ან სახის დამცავი ფარი;
- ერთჯერადი/მრავალჯერადი გრძელმკლავიანი წყალგაუმტარი ტანსაცმელი;
- ერთჯერადი ხელთათმანები.
კომპანია „სითი ქლინინგის“ დირექტორი, ლევან ნიორაძე ამბობს, რომ სპეციალური ხსნარების ფასი არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან გაზრდილია, რაც სერვისის ფასსაც ზრდის.
სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს, გარდა დასუფთავების კომპანიებისა, ყიდულობენ ისეთი სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ დეზინფექციის ჩატარებას მათ კუთვნილ ქონებასა და შენობებში. მაგალითად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც ამბობს, რომ ყოველ ღამე ატარებს მეტროს სადგურების, მოძრავი შემადგენლობების, ავტობუსების და საბაგირო გონდოლების დეზინფექციას, ხსნარების მარაგი უკვე შეიძინა. 24 000 ლარის ღირებულების სარეცხ საშუალებებში ასევე შედის აეროზოლები, ჭუჭყის და ჟანგის მოსაშორებელი სითხეები, წყლის დამარბილებლები და ხელსახოცები. 20 000 ლიტრ ავტომანქანების უკონტაქტო რეცხვის სითხეს ყიდულობს თბილსერვის ჯგუფიც, რომელიც თბილისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი კომპანიაა.
რთული აღმოჩნდა ისეთი კომპანიების მოძებნა, რომლებსაც საჭირო სითხეების მარაგი აქვთ და შეუძლიათ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება რეგიონებში. ზუგდიდში საჯარო სკოლების სადეზინფექციო სამუშაოებისთვის შესაბამის პირს ან კომპანიას რამდენიმე დღე ეძებდნენ. ახალციხეში სკოლები სადეზინფექციო სამუშაოებს თავიანთი ძალებით ახორციელებენ, გარე კომპანიების დახმარების გარეშე, სკოლაში მომუშავე დამლაგებლების მეშვეობით.
რა დაჯდება დეზინფექცია, დამოკიდებულია შენობის სპეციფიკაზე, მდებარეობაზე, ჯამურ ფართობსა და იმაზე, თუ რა ხსნარს გამოიყენებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1 კვადრატულ მეტრზე სადეზინფექციო სამუშაოების ფასი 0.80 თეთრიდან 2,50 ლარამდე მერყეობს.
რეკომენდაციების შესაბამისად, განსაკუთრებით გულმოდგინედ უნდა გაიწმინდოს ისეთი ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან (კედელი, კარი, სახელური, საჭე, ფანჯარა, უნიტაზი, აბაზანის ზედაპირი). ყველა ქსოვილი (მაგალითად, თეთრეული, ფარდები და ა.შ.) უნდა გაირეცხოს ცხელი წყლის ციკლის გამოყენებით (90°C) და სარეცხი საშუალების დამატებით.
კომპანიები, რომლებიც სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, ამბობენ, რომ ამგვარი სამუშაოს ჩატარება თვეში ერთხელ რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როცა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, კორონავირუსის მსგავსი ვირუსების გავრცელების შემთხვევაში კი სიხშირე გასაზრდელია.
კონკრეტულად ამ ვირუსის გარემოში გამძლეობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა სხვა კორონავირუსების გარემოში სტაბილურობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევების თანახმად, მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კორონავირუსი (SARS-CoV) გარემოში ძლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო შუა აღმოსავლეთის რესპირაციულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსი (MERS-CoV) - 48 საათზე მეტხანს, ოთახის საშუალო ტემპერატურაზე (20°C) სხვადასხვა ზედაპირზე.