Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4-წუთიანი პროცესი - ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა მესამედ გადაიდო


ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ევროკავშირის ინტერპრეტირებული დროშით საქალაქო სასამართლოს ეზოში
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი ევროკავშირის ინტერპრეტირებული დროშით საქალაქო სასამართლოს ეზოში

28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის 12 საათზე დანიშნული პროცესი, სადაც მოსამართლე ზვიად შარაძეს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, 27 წუთის დაგვიანებით გაიხსნა და 4 წუთში დასრულდა.

ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, უკვე მესამედ გადაიდო.

15 იანვარს სასამართლო სხდომაზე, სადაც დაცვის მხარემ პროცესის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად უარი თქვა მოწმეების გამოკითხვაზე, დასკვნითი სხდომის თარიღად 26 თებერვალი დასახელდა. თებერვლის ბოლოს, სხდომამდე 4 დღით ადრე დასკვნითი სხდომა მოულოდნელად გადაიდო. მოსამართლე შვებულებაში ისე გავიდა, რომ დასკვნითი სხდომის ახალი თარიღი არ განუსაზღვრავს. მხოლოდ 29 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ დასკვნითი სხდომა მარტის ბოლო ხუთშაბათს გაიმართებოდა.

შვებულებაში მოულოდნელად გასვლა რეპლიკით შეახსენეს მოსამართლეს 28 მარტის სხდომაზე, როცა ის მომდევნო სხდომის თარიღზე მსჯელობდა.

„კიდევ შვებულებაში რომ გახვიდეთ?“ - იკითხეს დარბაზიდან ამ დროს.

„ერთხელ გადაიდო ჩემი მიზეზით და საბოდიშო ამაში არაფერია”, - იყო მოსამართლის პასუხი.

„იანვარში გაწყობთ?“ - რამდენიმე წამში ისევ გაისმა დარბაზიდან კითხვა.

„გაჩუმდი შენ, ვინ გეკითხება?!“ - ამჯერად მოქალაქეს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ უპასუხა.

დასკვნითი სხდომის გადადების საფუძველი ლაზარე გრიგორიადისის გადაწყვეტილება გახდა, უარი ეთქვა სასამართლო დარბაზში მოსვლაზე და მოეთხოვა დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფა. მოსამართლეს წარუდგინეს როგორც ბრალდებულის ადვოკატის წერილი, ისე ცნობა პენიტენციური სამსახურიდან იმის დასტურად, რომ გრიგორიადისს ნამდვილად სურდა პროცესში დისტანციურად მონაწილეობა. მოსამართლე ზვიად შარაძემ თქვა, რომ ამ დოკუმენტებში განმარტებული არ იყო მიზეზი, რის გამოც ბრალდებულმა უარი თქვა გამოცხადებულიყო დარბაზში და, შესაბამისად, მხარეების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის საჭიროდ მიიჩნევდა ამ პროცესის გადადებას.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ ზვიად შარაძეს უთხრა, რომ ბრალდებული უარს აცხადებს არა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, არამედ დარბაზში მოსვლაზე, რისი უფლებაც მას ჰქონდა. ბითაძე ეყრდნობოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლს, სადაც წერია:

“ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით − სასამართლო განხილვაში“.

ამავე კოდექსის 188-ე მუხლში კი, სადაც მხარეების სასამართლოზე გამოცხადების წესია გაწერილი, წერია:

  • მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე.
  • მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ.
  • მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა სხდომის გადადების შემდეგ მისმა დედამ, თამთა კალანდაძემ მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ახსნა.

„ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება და ამიტომ გადაწყვიტა [დისტანციურად ჩართვა დასკნით სხდომაზე]...” - თქვა მან. იმას, რომ სასამართლო სხდომაზე მოსვლა მისთვის შფოთვას იწვევდა, ლაზარე გრიგორიადისი წერდა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიც, 2023 წლის ნოემბერში.

“ძალიან გადავეჩვიე სხვა ხალხთან საუბარს. ჩემ თავს ვებაზრები სულ. სასამართლოებზე რომ გამოვდივარ, შფოთვა მეწყება. ეგეთი შეგრძნება ხალხის დანახვაზე არასოდეს მქონია. ძაღლი რომ დიდი ხნის უნახავ პატრონს დაინახავს და არ იცის თავი სად წაიღოს, რაღაც მაგდაგვარი ხდება ჩემს შიგნით”, - წერდა ის კითხვაზე პასუხად, რა არის ყველაზე რთული საპატიმროში და რა უჭირს სამარტოო საკანში მყოფს.

31 მარტს ერთი წელი გახდება მას შემდეგ, რაც ლაზარე გრიგორიადისი, მარტის აქციების ერთადერთი მონაწილე, რომელსაც გამოძიება ამ აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას ამ საქმის განხილვის პარალელურად 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

გრიგორიადისის ოჯახი და ადვოკატები სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში იმედს იტოვებენ, რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლებით გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.

XS
SM
MD
LG