სულ რამდენიმე კვირის წინ ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ 19 მარტს დანიშნული ღონისძიება - ნატოს ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება - ალიანსს მორიგ შესაძლებლობას შეუქმნიდა პიარისთვის, სამხედრო ალიანსში მიმდინარე დადებითი პროცესების საზოგადოებისთვის გაცნობით.
მაგრამ, როგორც ყველა სხვა ლიდერს მსოფლიოში, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, კორონავირუსის პანდემიისა და მისი სამომავლო გავლენების შესახებ კითხვებზე უწევს პასუხის გაცემა. ნატოში მხნე განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა ნათელია, რომ ალიანსი მრავალი ბუნდოვანი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში.
შარშანდელი წლის შემხედვარე, ნატოს ნამდვილად შეუძლია დადებითი ამბები წარმოადგინოს: მისი ბრიუსელელი ბიძაშვილის, ევროკავშირისგან განსხვავებით, რომელსაც წევრი გამოაკლდა, სამხედრო ალიანსი წევრებს, პირიქით, იმატებს - თვის ბოლოს მისი 30-ე მოკავშირე ჩრდილოეთ მაკედონია გახდება. ავღანეთში, რომელიც ორგანიზაციისთვის, დიდი ხანია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ამერიკის ძალისხმევით ახლახან თალიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება პოტენციურად მყიფეა, მაგრამ გზას მაინც უხსნის იქ დისლოცირებულ სამხედროთა რაოდენობის შემცირებას.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც ერთ დროს ნატოს „დრომოჭმული“ უწოდა, ახლა ალიანსის გულშემატკივარია. საფრანგეთის ენერგიულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა,რომელმაც შემოდგომაზე შოკი გამოიწვია, როცა ნატოს „ტვინით მკვდარი“ უწოდა, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა და შობის დღესასწაულამდე ლონდონში გამართულ ნატოს 70-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაში ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა.
სტოლტენბერგმა კმაყოფილებით წარმოადგინა ნატოს მიერ ჩატარებული გამოკვლევა, რომლის თანახმად, ალიანსის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეების 81 პროცენტი თვლის, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია; 64 პროცენტი ხმას ნატოში დარჩენას მისცემდა, თუკი ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდებოდა; მხოლოდ 9 პროცენტმა თქვა მკაფიოდ, რომ მხარს ნატოდან გასვლას დაუჭერდა.
ბოლო ხანებში ოპტიმიზმის ზრდამ ბევრ ქვეყანას საშუალება მისცა თავდაცვის ბიუჯეტი გაეზარდა. გენერალური მდივანი ამაყად აღნიშნავდა, რომ 2019 წელი იყო რიგით მეხუთე წელიწადი, როცა თავდაცვაზე გაწეული ხარჯი იზრდებოდა და დასახული მიზანი, თავდაცვაზე მშპ-ის 2 პროცენტის გამოყოფა, ცხრა მოკავშირემ დააკმაყოფილა , მაშინ როცა 2014 წელს ასეთების რიცხვი მხოლოდ სამი იყო.
პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის ევროპელ მოკავშირეებსა და კანადას 2016 წლის შემდეგ დამატებით 130 მილიარდი ამერიკული დოლარი უნდა დაეხარჯათ თავდაცვაზე. ეს ზედმიწევნით კარგი ამბავი იქნებოდა ყველა პოლიტიკური შეხედულების ამერიკელისთვის, რომლებიც ევროპელებს ათწლეულების განმავლობაში აკრიტიკებდნენ ალიანსში არასაკმარისი ხარჯის გამო.
მაგრამ აქ სურათში კორონავირუსი შემოდის. სტოლტენბერგი აცხადებდა, რომ ნატოელი მოკავშირეები 2024 წლის ბოლომდე 400 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებდნენ თავდაცვაზე, მაგრამ როცა შეკითხვები დაუსვეს, მან უპასუხა, რომ პანდემია მსოფლიო ვითარებას ცვლის და „ნათელია, რომ ამას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“. სტოლტენბერგმა დასძინა, „სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე შედეგები დადგება არა მხოლოდ მთლიანი ეკონომიკისთვის, არამედ ცალკეული მთავრობების ბიუჯეტებისთვისაცო“.
როგორც ყოფილმა ფინანსთა და პრემიერ-მინისტრმა, სტოლტენბერგმა კარგად იცის, რომ სწორედ თავდაცვაა ის ერთ-ერთი პირველი სფერო, რომლის ბიუჯეტიც იკვეცება ხოლმე, როცა ეკონომიკური პერსპექტივა დღევანდელივით მძიმედ გამოიყურება. ამიტომაც, ის ბოლომდე დამაჯერებელი არ იყო, როცა განაცხადა, „ოპერაციების ჩატარების ნატოს შესაძლებლობას ძირი არ გამოეთხარა, ჩვენი ძალები მზადყოფნაში რჩებიან, ჩვენი სამუშაო გრძელდება, მათ შორის ჩვენი მულტინაციონალური საბრძოლველი დანაყოფების სახით ალიანსის აღმოსავლეთში, ნატოს საჰაერო პატრულირებით, საზღვაო დისლოცირებით და ჩვენი მისიებით ავღანეთსა და კოსოვოში“. სტოლტენბერგმა იქვე დასძინა, რომ ზემოხსენებული ორი მისიის ფარგლებში მომუშავეებს შორის ვირუსი არავის აღმოსჩენია.
მაგრამ, ბოლო კვირების მოვლენების გათვალისწინებით, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, მაინც რამდენ ხანს შენარჩუნდება ამგვარი ვითარება. ნიშნები დამაიმედებელი არ არის. გაზაფხულზე დანიშნული წვრთნა, სახელად „მცველი 2020“, რომელიც ევროპის კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნა უნდა ყოფილიყო, 20,000 ამერიკელი სამხედროსმონაწილეობით,ვირუსის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა, საერთოდ გაუქმდა ღონისძიების რამდენიმე ნაწილი.
ევროკავშირი უფრო და უფრო დიდ თანხებს ხარჯავს ვირუსის პანდემიასთან საბრძოლველად და დაზარალებული ეკონომიკების საშველად - ასეთ ფონზე, ერთ-ერთი მსხვერპლი შესაძლოა ევროპაში სამხედრო მობილობა გახდეს.
პროექტი, რომელსაც „სამხედრო შენგენს“ უწოდებდნენ, გზას გაუხსნიდა სამხედრო აღჭურვილობისა და შემადგენლობის თავისუფლად გადაადგილებას ევროპის საზღვრებში. სულ ბოლო დრომდე ამ პროექტს უწოდებდნენ ნატო-ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცების ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო მაგალითს. მაგრამ ახლა ამის ნაცვლად ეროვნულ ჯარებს სულ უფრო მეტი ქვეყანა იყენებს სამედიცინო პროფესიონალების დასახმარებლად ვირუსთან ბრძოლაში და ასევე ეროვნული საზღვრების დასაცავად, რომლებიც კონტინენტზე უეცრად ყველგან აღიმართა.
ამ ახალ დროებაში ძველ სამხედრო ალიანსებს შესაძლოა მტრები იქ გამოუჩნდეს, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად ელოდნენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.