Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოცენტრი “and then we danced”-ის მთავარი გმირებისთვის ორ ბილეთს ყიდულობს


ლევან აკინის შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმის, “and then we danced” პროდუსერი უკვე მეორედ იღებს უარს, განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსგან. ფილმი ოსკარზეა წარსადგენი და სამინისტროსგან წინასაოსკარე კამპანიისთვის აკადემიის წევრებისთვის გამართულ ჩვენებაზე წასასვლელი ბილეთებისა და საჩუქრებისთვის საჭირო თანხას ითხოვდნენ, რაც ჯამში 25 000 ლარს შეადგენს.

კულტურის სამინისტრომ საქართველოს სახელით ოსკარზე დიტო ცინცაძის “შინდისი” წარადგინა და სახელმწიფოს მთელი ყურადღება ამ ფილმისკენ აქვს მიმართული.

ლევან აკინის ფილმის ქართველი პროდუსერი, ქეთი დანელია თვლის, რომ სამინისტრო ვალდებულია მხარი დაუჭიროს ქართულ ფილმს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში შვედეთის სახელით არის ნომინირებული ოსკარზე და იხსენებს “მანდარინების” შემთხვევას.

“ძალიან მეცინება არგუმენტზე, „ეს ხომ არ არის ქართული პროექტი? ხომ შვედეთმა წარადგინა?“. დიახ, ქართულია!!! უნდა მიიღონ ეს მოცემულობა, რომ ქართულია! რაც ფილმში ხდება ყველაფერი ქართულია!! საქართველოზეა, თბილისზეა, ჩვენზეა, ჩვენს მეგობრებზეა, ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობენ იმ ადამიანებზეა. ჩვენს კულტურაზეა - კულტურის სამინისტროვ. „მანდარინებიც“ ესტონეთმა წარადგინა ოსკარზე, მაგრამ დავაფინანსეთ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი და როგორ. დავაფინანსეთ, მივიღეთ და ძალიან გვიხაროდა ყველას ქართული კინო ოსკარზე!”- დაწერა ფილმის პროდუსერმა, ქეთი დანელიამ ფეისბუქის პირად გვერდზე.


2015 წელს ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი ოსკარზე. ქართულმა მხარემ მაშინ დააფინანსა როგორც ფილმის წარმოება, ასევე შემდგომი მხარდამჭერი აქტივობები, მათ შორის მსახიობების ვიზიტი დაჯილდოების ცერემონიალზე.


სახელმწიფო უწყებებში თვლიან, რომ ლევან აკინის ფილმის შედარება “მანდარინებთან” არასწორია, ვინაიდან მაშინ ესტონურმა მხარემ ოფიციალური წერილით მიმართა კულტურის სამინისტროს, რომელშიც მონაწილეობას ითხოვდა, რაც შვედეთს არ გაუკეთებია. ოფიციალური მიმართვის წყალობით არა მხოლოდ “მანდარინების” გადაღებისთვის, არამედ მხარდასაჭერადაც კი თანხა საქართველომ იოლად გამოყო.

რით ხსნის პროდიუსერი უარს დაფინანსებაზე?

“And then we danced”-ის პროდუსერი უარის მიზეზად ფილმის შინაარსს თვლის. ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულის შესახებ დრამაზე კითხვები რომ ჰქონდათ კულტურის სამინისტროში, ამას ქეთი დანელია კანის ფესტივალზე ფილმის ჩვენების წინაც ამბობდა.

მაშინ ფილმის გადამღები ჯგუფი სამინისტროსგან კანის კინოფესტივალზე წასასვლელად ბილეთებისთვის საჭირო ფულს ითხოვდა. დაპირება, რომელიც გუნდს მაშინდელი მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ მისცა, სამინისტრომ არ შეასრულა. 6 ადამიანის კანში ვიზიტი კინოცენტრმა დააფინანსა მას შემდეგ, რაც სამინისტროს უარის ამბავი პრესაში მოხვდა და საჯარო განხილვის თემად იქცა.

კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე გადაჭარბებულად თვლის ვარაუდებს იმის შესახებ, რომ კინოცენტრისთვის და კულტურის სამინისტროსთვის დაფინანსებაზე უარის თქმის საბაბი ფილმის შინაარსი და თემატიკა გახდა.

“საზოგადოების მხრიდან არის პრობლემები და იქნება ალბათ, როცა გამოვა ეკრანებზე. ჩვენი საზოგადოება არ არის კეთილგანწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ და ეს ცნობილია, ჰომოფობიურიც კი არის, გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ კინოცენტრისთვის, და ალბათ არც სამინისტროსთვის ფილმის თემატიკა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.”- უთხრა რადიო თავისუფლებას გაგა ჩხეიძემ.

კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რის გამო არ იღებს ლევან აკინის ფილმი მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, მისი შვედური წარმომავლობაა.


წარმოების ყველა ეტაპზე ფილმის პროდუსერები ცდილობდნენ მოეპოვებინათ კოპროდუქციისთვის საჭირო 20%-იანი დაფინანსება. მათ მონაწილეობა მიიღეს კინოცენტრის კონკურსშიც, თუმცა ჟიურიმ გადაწყვეტილება ფილმის საწინააღმდეგოდ მიიღო იმ დროს, როცა ის უკვე იყო შეტანილი კანის ფესტივალის პროგრამაში.

მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა,ფილმის გუნდი ყველა საჯარო გამოსვლაში აღნიშნავს, რომ “And then we danced შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა.

მას შემდეგ რაც პროდიუსერის პრეტენზიები მეორედ მოხვდა მედიაში და ისევ საჯარო განხილვის საგნად იქცა, კინოცენტრმა გუნდის ხარჯების ნაწილობრივი დაფარვა გადაწყვიტა. გაგა ჩხეიძის განცხადებით კინოცენტრი ორი მთავარი გმირის ჰოლივიდში გამგზავრების ხარჯებს დააფინანსებს.

“ეს თანხა, რასაც ითხოვენ არ არის დიდი თანხა. გამიკვირდა კიდეც. ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, შვედეთი აწარმოებს ამ კამპანიას, ალბათ 100 000 დოლარამდე ხარჯავენ, მათთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მსახიობების წაყვანა ჰოლივუდში...ჩვენ ჩვენი ღონისძიებები გადავიტანეთ, რაღაც თანხა მოვაგროვეთ და მთავარი როლის შემსრულებლების, ლევან გელბახიანის და ბაჩი დვალიშვილის მგზავრობას დავაფინანსებთ.” - უთხრა რადიო თავისუფლებას გაგა ჩხეიძემ.

დღის ბოლოს კინოცენტრმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გაავრცელა ამ გადაწყვეტილების შესახებ.

“and then we danced”-ის გადამღები ჯგუფი ამერიკაში, წინასაოსკარე კამპანიის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში მიემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ კინოაკადემიის წევრებისთვის გამართულ ჩვენებებში. ამავე პერიოდში, 3 დღის განმავლობაში ფილმს ქართულ კინოთეატრებშიც უჩვენებენ.

XS
SM
MD
LG