Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კილომეტრ-ნახევარში მეწყრიდან - ორი სოფელი და საბაწმინდის არასახარბიელო პოზიცია


სოფლების კარდენახისა და ანაგის თავზე წლების წინ ჩამოწოლილი მეწყერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიძრას. იქვე საბაწმინდის სამონასტორო კომპლექსიც.

გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახიდან დაახლოებით კილომეტრში, წლების წინ 1.5 კმ სიგრძის მეწყერი ჩამოწვა. სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ მოწყვეტილი მიწის მასა იმდენად მოცულობითია, რომ თუ წვიმების შედეგად მიწა დაიძრა, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის როგორც სოფლებს, ასევე საბაწმინდის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც იქვე მდებარეობს.

მეწყერი კარდენახის თავზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00

ტერიტორია კავკასიის გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) შეისწავლა. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ მეწყერი ხეების კანონიერი თუ უკანონო ჭრების შედეგად წარმოიქმნა.

სატყეო სააგენტომ აქ მოსახლეობისთვის ტყეკაფები აღარ უნდა გამოყოს. ტყის აღდგენ პროექტი უნდა შემუშავდეს და უკანონო ჭრებზე კონტროლი გამკაცრდეს. შესაძლოა სატყეო გზები საერთოდ ჩაიხერგოს, რომ ფიზიკურად ვერ შეძლონ შესვლა და მოჭრა“, - ამბობს CENN -ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი.

გომბორის ქედზე რამდენიმე ღვარცოფული მდინარე იღებს სათავეს. ისინი კვეთენ სოფელ კარდენახს, სოფელ ანაგას და ალაზანს ერთვიან. ამ მდინარეებს წყალმოვარდნა ზაფხულსა და შემოდგომაზე ახასიათებთ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, მხოლოდ კარდენახში 4 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მეწყერს აკვირდებიან და ჯერჯერობით სახიფათო არაფერი ხდება.

თუ მაინც გააქტიურ მეწყერი და წამოვიდა, სოფელს არ დაემუქრება, შეიძლება მხოლოდ სავარგულები დააზიანოს. მდინარეს შეუძლია ამ ნაკადის გატარება“, - ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი, მერაბ გაფრინდაშვილი.

CENN-ი ამტკიცებს, რომ მდინარის კალაპოტი ამოვსებულია ინერტული მასალით, მოსახლეობის მიერ ჩაყრილი და საბჭოთა პერიოდში მოწყობილი ნაპირსამაგრების ნარჩენებით. მძიმე მდგომარეობაშია ხევზე გადებული სოფლის ხიდებიც. მათ ქვეშ ხევის კალაპოტი შევიწროებულია და ამოვსებულია ნატანით, ზოგან კი, ხიდის ქვეშ, ნაგავსაყრელებია მოწყობილი. ეს ყველაფერი სტიქიის შემთხვევაში ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, ამიტომ კალაპოტების გაწმენდა აუცილებელია.

მდინარის კალაპოტებში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი
მდინარის კალაპოტებში სამშენებლო ნაგავია ჩაყრილი

მეწყრისგან 200-300 მეტრით არის დაშორებული საბაწმინდის მონასტერი. ტაძარი XIII საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის კომპლექსში შედის უფრო ძველი, VII-VIII საუკუნეების ძეგლებიც. CENN-ში აცხადებენ, რომ თუ მეწყერი გააქტიურდა, შესაძლებელია, ხევის კალაპოტის მხრიდან სამონასტრო კომპლექსს ძირი გამოეცალოს, თუმცა გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმასვე ამბობენ: მონასტერს არაფერი ემუქრებაო.

ამასობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის ანგარიშში მნიშვნელვან ხარვეზებზე მიუთითებს.

მხოლოდ ჯებირებისა და გაბიონების მოწყობით წყალდიდობის პრევენცია ვერ მოხდება, ვინაიდან სხვა ფაქტორებთან ერთად წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი ტყის ჭრაა. მუნიციპალიტეტები პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ თავიანთ ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუმცა სტიქიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სცდებოდეს მუნიციპალურ საზღვრებს და კონკრეტული ხეობებიდან, ტყის მასივში მიმდინარე ჭრისგან იყოს გამოწვეული, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაა, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში გაწერილი ღონისძიებების 84 % ან გადავადებულია, ან - შეუსრულებელი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG