Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმას იძიებენ "განზრახ მკვლელობის" მუხლით


პუტინის კრიტიკოსს, ცნობილ რუს ჟურნალისტს არკადი ბაბჩენკოს კიევში, თავის სახლთან ზურგში ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა - იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

წინასწარი მონაცემებით, მას სამჯერ ესროლეს ზურგში, როცა სურსათის მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა. დაჭრილი ბაბჩენკო მისმა ცოლმა იპოვა ბინაში შესასვლელთან. ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. კიევის პოლიცია მკვლელობის ორ ვერსიას განიხილავს - ბაბჩენკოს პროფესიულ საქმიანობას და მის სამოქალაქო პოზიციას.

პოლიცია კიევის იმ სახლის სადარბაზოსთან, სადაც ცხოვრობდა და მოკლეს არკადი ბაბჩენკო. 2018 წლის 29 მაისი.
პოლიცია კიევის იმ სახლის სადარბაზოსთან, სადაც ცხოვრობდა და მოკლეს არკადი ბაბჩენკო. 2018 წლის 29 მაისი.

​უკრაინის შსს-მ საქმე აღძრა "განზრახ მკვლელობის" მუხლით და გამოაქვეყნა სავარაუდო ბოროტმოქმედის ფოტორობოტი. ​

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, რომ ბაბჩენკო ახლახან წერდა მუქარაზე, რომელიც მან მიიღო "პრეზიდენთან დაახლოებული" გარკვეული პირისგან - თუმცა შემდეგ ეს პოსტი წაშალა.

ბოლო წლებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კიევში კრემლისთვის მიუღებელ რუს ჟურნალისტს კლავენ. 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს პაველ შერემეტი. ბაბჩენკო უკრაინაში მას მერე გადავიდა საცხოვრებლად, რაც, მისი თქმით, რუსეთში "პოლიტიკური დევნის" მსხვერპლი გახდა. ბაბჩენკომ რუსეთი შარშან დატოვა. ამბობდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკეთესი იქნებოდა "გარკვეული პერიოდი რუსეთს გარეთ ყოფილიყო". რუსეთის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე ბაბჩენკო არ საუბრობდა, თუმცა ამბობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო მისი "თავისუფლების ან არათავისუფლების" საკითხთან.

არკადი ბაბჩენკო მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე ომში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მან სამხედრო კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, ჯერ გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცში“, შემდეგ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში. ამის შემდეგ მან ითანამშრომლა ბევრ მედიაკომპანიასთან, მათ შორის „ნოვაია გაზეტასთან“.

ვერ ვიტყვი, რომ იმ ომში საერთოდ ყველაფერი ვნახე, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვნახე. ისიც ვნახე, როგორ იწვოდა თამარაშენი.
არკადი ბაბჩენკო

ბაბჩენკო აშუქებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც, რომლის შესახებაც მან 2016 წლის 28 იანვარს, ფეისბუკის გვერდზე დაწერა: ​

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პროკურატურის კანცელარიას უფლება მისცა დაიწყოს იმ დანაშაულების გამოძიება, რომლებიც ჩადენილ იქნა 2008 წელს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს ტერიტორიაზე - ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს [სამხრეთ ოსეთის] რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. დანაშაულები ჩადენილ იქნა საერთაშორისო საომარი კონფლიქტის ვითარებაში, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე".

ვერ ვიტყვი, რომ იმ ომში საერთოდ ყველაფერი ვნახე, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვნახე. ისიც ვნახე, როგორ იწვოდა თამარაშენი - ამხანაგ კოკოითის შესანიშნავი ფრაზა, ‘იქ ყველაფერი მიწასთან გავასწორეთო’. ვნახე როგორ იწვოდა სხვა ქართული სოფლები, როცა გორიდან ჯავაში ვერტმფრენით მივფრინავდი. ჰორიზონტიდან - ჰორიზონტამდე.

და ფოტოაპარატითაც გადავიღე.

ლამაზი სოფლები ლამაზად იწვის? კი, როგორ არა.

და მაინც, ფუჭად არ ვშრომობთ.

მე მოწმე ვიქნები.

ეს დროც მოვიდა.

სხვა დროც მოვა.

სხვაგანაც ვიღებდით.

ბევრს.“

არკადი ბაბჩენკოს მიერ გადაღებული ფოტოები 2008 წლის აგვისტოს ომში

2017 წლის თებერვალში, მოსკოვიდან წასვლისთანავე ბაბჩენკომ განაცხადა: „მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან და დამაპატიმრონ. ამიტომ გადავწყვიტე დროებით წავიდე... მათ კურსი აიღეს დაპატიმრებებზე და რეპრესიებზე, ცდილობენ ადამიანების განდევნას“.

ბაბჩენკო ჯერ ჩეხეთში გაემგზავრა, შემდეგ ისრაელში, იქიდან კი უკრაინაში. თავად ის ამ პერიოდს „დროებით ევაკუაციას“ უწოდებდა. შარშან ზაფხულში რადიო თავისუფლებისთვის პრაღაში მიცემულ ინტერვიუში მან აღწერა თავისი გზა, სამხედრო კორესპონდენტიდან ოპოზიციონერ აქტივისტობამდე, რამაც ის აიძულა რუსეთი დაეტოვებინა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

არკადი ბაბჩენკო: საერთოდ არ ვთვლი თავს უკომპრომისო ადამიანად, უბრალოდ ვცდილობ მოვლენებს თავისი სახელი დავარქვა. ჩვენ არ გვყავს არანაირი პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტი - ეს არჩევითი თანამდებობაა, ჩვენ გვყავს უზურპატორი პუტინი, ჩვენთან ხელისუფლების ძალისმიერი უზურპაცია მოხდა. და მოდით, ეს ასეც ვთქვათ. ჩვენ არანაირი სახელმწიფო არ გვაქვს, რადგან სახელმწიფო წარმოადგენს საზოგადოებრივი ინსტიტუტების ნაკრებს, რომლებიც ტერიტორიას მაქსიმალურად ეფექტიანად მართავენ. ჩვენ გვყავს ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებმაც ხელისუფლებამდე მიაღწიეს და რომელთა ძირითადი ამოცანაა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და მოსახლეობის დაშინება. ჩვენ ხალხიც არ გვყავს - გვყავს ცალკეული ადამიანების ატომიზირებული ჯგუფები, რომლებიც რაღაც გარეშე უბედურებამ გააერთიანა და რომლებსაც ყველა დანარჩენი სძულთ. არც დონბასში კონფლიქტი არსებობს - საქმე გვაქვს დონბასის ოკუპაციასთან, რუსეთის მიერ აგრესიული ომის წარმოებასთან მეზობელი სახელმწიფოს, ერთ დროს მართლაც მოძმე ხალხის წინააღმდეგ. რაში მდგომარეობს უკომპრომისობა? ეს უბრალოდ ტერმინოლოგიის საკითხებია.

რადიო თავისუფლება: რატომ დატოვეთ რუსეთი?

არკადი ბაბჩენკო: მაინც არ ვთვლი, რომ დავტოვე, დაბრუნება მინდა. არ მსურს ლტოლვილად ჩავბარდე, არ მინდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მივიღო. ამას მივიჩნევ დროებით უკანდახევად, დროებით ევაკუაციად. ციხეში მოსახვედრადაც მზად ვარ, მაგრამ საქმის გამო - აი, თუკი მართლაც გავალთ ბარიკადებზე, თავისუფლებისთვის ვიბრძოლებთ, თუ გარკვეული მცდელობა იქნება მაიდანი მოეწყოს - მაშინ თუ დავმარცხდებით, დავმარცხდებით და რაც იქნება, ის იქნება. მაგრამ ოთხი წლით პატიმრობა ფეისბუკზე პოსტის გამო მომისაჯონ - ეს არ მინდა, ამისთვის არ ვარ მზად. ამიტომაც, როცა მათ თავიანთი აქტივობის მორიგი ფაზა დაეწყოთ, გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი - დროებით, ეს ფაზა აქ გამევლო. ნახევარი წლის, ან ერთი წლის შემდეგ მათ უკვე ჩემთვის აღარ ეცლებათ, ვინმე სხვაზე გადაერთვებიან და ვფიქრობ, მაშინ დავბრუნდები კიდეც.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG