Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - რა ხდება შემდეგ?


ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2023 წელი.
ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია თბილისში. 3 ივლისი, 2023 წელი.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული წინასწარი გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, ბრიუსელის დროით 12 საათის შემდეგ უნდა გამოაცხადოს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.

კომისიის რეკომენდაციის გამოცხადებამდე ბრიუსელიდან ვიცით, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, დამატებითი პირობებით; ხოლო უკრაინა და მოლდოვა შემდეგ - გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის - ეტაპზე გადავლენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ სტატუსის მიღება, უპირველეს ყოვლისა, მისი დამსახურება იქნება, რადგან ამისათვის მაქსიმუმი გააკეთეს.

ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები უპირველეს პრიორიტეტად ხალხის განწყობასა და გეოპოლიტიკას ასახელებენ.

8 ნოემბრის მოლოდინი

თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოსთვის 12 (სავალდებულო) რეკომენდაცია ჩამოწერა; მათ შორის ერთი დეპოლარიზაცია იყო, თუმცა რეკომენდაციების შესრულების პროცესმა პოლარიზაცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიის მოხსენების პროექტში, საქართველოს შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, შესრულებულის გარდა, არაერთი შეუსრულებელი ან ნაწილობრივ შესრულებული ამოცანაა მითითებული. „ეს პრიორიტეტი შესრულებულია“ - ასეთი მინაწერი 12-დან მხოლოდ 3 პუნქტს აქვს.

ტექსტში, რომელსაც ევროკომისრები 8 ნოემბერს განიხილავენ, მაგალითად, სასამართლო რეფორმასთან მიმართებით წერია, რომ არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები - „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმირებისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ“.

მიუხედავად ამის, . რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს მისი წყაროები უდასტურებენ, რომ „საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მომდევნო საფეხურზე გადასასვლელი პირობებით“; ხოლო „უკრაინა და მოლდოვა (სავარაუდოდ 24 მარტს) გახსნიან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს“, რაც კანდიდატის სტატუსის მომდევნო ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

ჯერჯერობით კვლავ ღიად რჩება ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების შესაძლო გახსნის საკითხი.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, თითქმის 100%-ით არის დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით. მართალია, ასეთ შემთხვევაში, საქართველო ერთი ნაბიჯით კვლავ უკან რჩება, მაგრამ მას დაწევის შანსი მიეცემა.

„საქართველოს ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე ექნება შანსი იმისა, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას და გახსნას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ საფეხურის შემდეგ უკვე გაწევრიანება მოდის და ერთი წელი არ იქნება საკმარისი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, რომ დაასრულონ მოლაპარაკებების ეტაპი“, - ეუბნება ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას. მისი განმარტებით, ყველა შეუსრულებელი რეკომენდაცია საქართველოს ხელმეორედ მიეცემა და შესაძლოა მათ ახალი პუნქტებიც დაემატოს.

თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, 12 რეკომენდაციის სრულად შეუსრულებლად, რაზე იქნება დაფუძნებული ეს გადაწყვეტილება?

„პირველ რიგში - ეს არის ხალხის დიდი მხარდაჭერა, რაც აქვს ევროინტეგრაციას საქართველოში. სწორედ ხალხის გამო ვართ ახლა, სადაც ვართ. რომ არა ხალხის პროტესტი, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა განაცხადის გაკეთებას [2022 წლის მარტში] და რომ არა ხალხის პროტესტი, საქართველოს ხელისუფლება აპირებდა, მიეღო "რუსული კანონი" ["უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ" კანონი], რომლითაც ჩაიხერგებოდა ევროინტეგრაციის გზა და იქ დამთავრდებოდა ეს პროცესი“, - სხვა ფაქტორებს შორის ვანო ჩხიკვაძე ასახელებს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესს და სურვილს, რომ არ დაიშალოს უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს „ასოცირების ტრიო“. „ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, - აღნიშნავს ჩხიკვაძე.

„სტატუსს როცა მიიღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება ქართველ ხალხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის სახელით და ქართველი ხალხისთვის. ეს მინდა მკაფიოდ ვთქვა”, - უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ოქტომბრის მიწურულს, ბრიუსელში ყოფნის დროს.

7 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს და „კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება“, არამედ ეს იქნება „უსამართლობის გამოსწორება“, რადგან საქართველო „შარშან ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“.

„საქართველო ასოცირებულ ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით იყო ლიდერი, რჩება ლიდერად, ამიტომ, რა თქმა უნდა, შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით იყო უსამართლო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

და თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს?

„ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ოპოზიციას დააბრალებს ყველაფერს, ეჭვიც არ მეპარება - რომ აი, ისინი უშლიდნენ ხელს ამ პროცესს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც თვლის, რომ „ევროპული ინტეგრაცია და მათ შორის - კანდიდატის სტატუსის მიღება - ზეპოლიტიკური და ზეპარტიული ამოცანა უნდა იყოს ყველასთვის“.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართული ოცნების“ პოზიციებს გაამყარებს, ქვეყანაში რეალური რეფორმები შეფერხდება და სხვა.
„ოცნებამ“ არაერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთაშორისო პარტნიორებს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას სთხოვდნენ. თავად ოპოზიციაში ასეთ ფაქტებს უარყოფენ.

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, „ბუნებრივია, ეს გარკვეულწილად "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამსახურებად ჩაითვლება“, მაგრამ „2024 წლის არჩევნებისთვის ის ამით უკვე ვეღარ ისარგებლებს“, რადგან იმ დროისთვის ევროკომისიას უკვე ახალი გადაწყვეტილება ექნება მისაღები ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით.

დავით ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ, თუკი საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, დამსახურება ამ თანმიმდევრობით გადანაწილდება:

  • საზოგადოების განწყობა ევროინტეგრაციის მიმართ - „რომელიც ძალიან ძლიერი და თვალსაჩინოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“;
  • პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - „მისი დამსახურება რეალურია ამ გზაზე და ხალხი კარგად ხვდება ამას“;
  • ხელისუფლება.

ოპოზიციას, „როგორც ხალხის განწყობების მეტ-ნაკლებად გამომხატველს“, დავით ზურაბიშვილი ამ ჩამონათვალის პირველ პუნქტში გულისხმობს.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებული მარტის აქციების შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები ერთგვარ ზღვარს ავლებდნენ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. აცხადებდნენ, რომ - საქართველოს ხალხი იმსახურებს სტატუსის მიღებას.

საქართველოზე საუბრისას, სწორედ ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება ახსენა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა - როცა 2 ნოემბერს, ბერლინში გამართული კონფერენციის მონაწილეებს მიმართავდა.

გერმანია ევროკავშირის გაფართოების მომხრეა. როგორც ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, ასეთი პერსპექტივა „გეოპოლიტიკური აუცილებლობის“ გარდა, „გეოპოლიტიკური შესაძლებლობაც“ არის.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების შესრულებაშიც უნდა დაეხმაროს და სრულ წევრობამდე - ხელშესახები სარგებელიც უნდა შესთავაზოს - განსაკუთრებით, ახალგაზრდების უმაღლესი განათლების კუთხით.

„ეს ასევე შეეხება საქართველოსაც, სადაც ჯერ კიდევ ასე ბევრ ადამიანს სჯერა ევროპული გზის და სადაც სამოქალაქო საზოგადოების ფართო შემადგენლობა გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერას. არც ამ ხალხს მივატოვებთ“, - უთხრა კონფერენციის მონაწილეებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, ევროკავშირი თავს უფლებას ვეღარ მისცემს, რომ ევროპაში რუსეთის გავლენის „რუხი ზონების“ არსებობა დაუშვას. ერთ-ერთ ასეთ პოტენციურ ზონად საქართველოც არის ნაგულისხმევი.

„პუტინის მოსკოვი გააგრძელებს მცდელობებს, რომ ევროპა იმპერიალისტური პრინციპით დაყოს, რათა ჩვენ დაგვაშოროს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ - მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანებს. თუკი რუსეთი შეძლებს ამ ქვეყნების დესტაბილიზაციას ხანგრძლივი ვადით, ეს მოწყვლადს გაგვხდის, მოწყვლადად გვაქცევს ჩვენ ყველას“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.

ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინს X-ზე [ყოფილი ტვიტერი] გამოეხმაურა ანა ფოტიგა. ევროპარლამენტარი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ევროკავშირმა უარი არ უნდა უთხრას.

„არ შეგვიძლია ევროკავშირის კარი დავუხუროთ საქართველოს, ევროკავშირისკენ მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, საქართველოს ხელისუფლების მიერ ახლახან გადადგმული გარკვეული შემაშფოთებელი ნაბიჯების მიუხედავად“, - დაწერა ანა ფოტიგამ, რომელიც ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც და „რუხი ზონების“ დატოვების საფრთხეს.

„ჩვენი ხმა ევროპას!“ - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების კამპანიის დაწყება გამოაცხადა. ის ყველას 8 ნოემბერს, ორბელიანების სასახლესთან უხმობს.

„ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისათვის. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას, შენს ხმას, ყველას ხმას: ინდივიდუალურად და ერთად“, - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG