ევროკომისია უკრაინის მიერ სრულად შესრულებულად მიიჩნევს იმ შვიდი კრიტერიუმიდან ოთხს, რომელიც თან ახლდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს გამომდინარეობს უკრაინის შესახებ ევროკომისიის შიდა ანგარიშიდან, რომელსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გაეცნო.
უკრაინის მიერ შესრულებულად ითვლება შემდეგი კრიტერიუმები:
- ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ კანონმდებლობის შემოღება;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის კანდიდატთა რეპუტაციის შემოწმების პროცედურის დანერგვა და უკრაინის მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის შექმნა;
- FATF სტანდარტების შესაბამისად ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შექმნა და მთელი სამართალდამცავი სექტორის რეფორმირების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება;
- მედია-სივრცის რეფორმა - აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
ამავე დროს, დანარჩენ სამ კრიტერიუმს თან ახლავს მათი შემდგომი განხორციელებასთან დაკავშირებული ევროკომისიის რეკომენდაციები.
კერძოდ, სრულად დასრულებულა არ ითვლება კორუფციასთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერება. ამ ნაბიჯის ფარგლებში ევროკომისია ელოდა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელისა და უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) დირექტორის დანიშვნას.
ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი NABU-ს საშტატო განრიგის გაზრდის შესახებ, ხოლო კორუფციის პრევენციის შესახებ კანონიდან უნდა ამოიღოს სახელმწიფო სამსახურის პრეტენდენტთა აქტივებისა და დეკლარირებული ქონების გადამოწმების მხრივ ანტიკორუფციული პროკურატურის შემზღუდავი ნორმები.
ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელსაც ბრიუსელიც კიევისგან მოელოდა, - ნათქვამია, რომ "ევროპული სტანდარტების შესაბამისად უკრაინამ მაინც უნდა დაამტკიცოს კანონი ლობირების შესახებ."
რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონმდებლობის რეფორმას, ევროკომისია შეახსენებს, რომ ყველა მათგანი არ არის განხორციელებული.
ევროკომისია აპირებს 8 ნოემბერს წარმოადგინოს უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების მხრივ მიღწეული პროგრესის შეფასება.
რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ვარაუდობს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძლება ოფიციალურად მხარი დაუჭირონ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ რეალური მოლაპარაკებები მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ დაიწყოს.
მოსალოდნელია, რომ საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ, სავარაუდოდ დათქმებით. იოზვიაკის თანახმად, თბილისს ალბათ მოსთხოვენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას შემდეგ ეტაპზე - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადასასვლელად.