27 სექტემბერს გამართული ამ შეხვედრით კადიროვი ორმაგ ხეირს ნახულობს: აჩვენებს როგორც იმას, რომ ცოცხალია და იმასაც, რომ, როგორც ერთი რუსი ბლოგერი ამბობს, "პუტინის რეჟიმის ჭეშმარიტ სიფათს" სწორედ ის წარმოადგენს და არა ვინმე სხვა.
რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რჩება მედიის ყურადღების ცენტრში. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ კადიროვი პირველად გამოჩნდა ვლადიმირ პუტინთან 27 სექტემბერს გამართული ხანმოკლე (როგორც ჩანს, საჩვენებელი) შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა 28 სექტემბერს გაავრცელა.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი დიდი ხანია არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე, რასაც შეეძლო მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ მოარული ხმების გაფანტვა. კადიროვს ასევე არ გაუვრცელებია პირდაპირი ვიდეო მიმართვა, რომელიც ბოლო დრომდე რჩებოდა ჩეჩნეთის ლიდერის საყვარელ საქმიანობად სოციალურ ქსელებში. ერთადერთი, ვინც ამტკიცებს, რომ Skype-ით ელაპარაკა რამზან კადიროვს, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკია, რომლის თქმითაც, 40 წთ-იანი ვიდეოსაუბრის დროს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თხილს მიირთმევდა და საკმაოდ ჯანმრთელადაც გამოიყურებოდა. თუმცა სობჩაკმა რატომღაც გამოაქვეყნა კადიროვის გამოსახულების სკრინი და არა საკუთრივ საუბრის ვიდეოჩანაწერი.
ჩეჩენი სამოქალაქო აქტივისტის მუსა ლომაევის თქმით, ნიშანდობლივია სწორედ ის, რომ სობჩაკმა არ აჩვენა საზოგადოებას თავად რამზან კადიროვი, რომელსაც ძალიან უყვარს პირდაპირ კავშირზე გასვლა, ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ ქსელებში ჯდომა და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი იმაზე, თუ რა საამურია ჩეჩნეთში ცხოვრება.
„მახსენდება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კადიროვმა ისარგებლა ქსენია სობჩაკის მომსახურებით. ეს იყო წლების წინ, როცა კარიერის დასაწყისში კრემლს დასჭირდა რამზან კადიროვის მედიური სახის შექმნა. მაშინ სობჩაკმა კადიროვს დიდი სამსახური გაუწია. მას შემდეგ, მსგავსი არაფერი ყოფილა. ქსენია სობჩაკი სისტემის ნაწილია და პუტინის რუსეთის განუყოფელი ნაწილია. სობჩაკი ჩართეს საქმეში მითის გასამყარებლად, რომ რამზან კადიროვი ცოცხალი და ჯანმრთელია, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ სობჩაკი არ არის უკანასკნელი ინსტანცია, ჩვენთვის უკანასკნელი ინსტანცია იქნება კადიროვის გამოჩენა პირდაპირ ეთერში, როგორც ეს გააკეთა მან ადამ დელიმხანოვის შემთხვევაში: როცა ყველა ამბობდა, მოკლულიაო, ადგა და ჩანაწერი გამოაქვეყნა. ახლაც იგივე უნდა გააკეთოს, მხოლოდ ამის შემდეგ ვირწმუნებთ ქსენია სობჩაკის სიტყვებს“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ჩეჩენმა სამოქალაქო აქტივისტმა მუსა ლომაევმა.
რატომ დაურეკა კადიროვმა სობჩაკს?
რამზან კადიროვმა დაახლოებით ერთი კვირის წინ Telegram-ში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი 15 წლის ვაჟი ადამი სცემს ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელსაც ბრალი ედება მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შელახვაში, რაც, გამოძიების მტკიცებით, გამოიხატა ვოლგოგრადის მეჩეთის მახლობლად წმინდა ყურანის დაწვაში. ნიკიტა ჟურაველი დღემდე გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალ. ბასტირიკინის გადაწყვეტილებით, მისი საქმე „რატომღაც“ ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის საგამოძიებო სტრუქტურაში იქნა გადატანილი.
ვიდეოს კომენტარში რამზან კადიროვმა თქვა, რომ ამაყობს შვილის საქციელით.
„ამ ნაძირალებს არ ესმით შეგონების ენა, არ უნდათ სახელმწიფოს აშენება, მისი განვითარება. არ უნდათ, რომ რუსეთში ყველამ მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს გვერდიგვერდ. ასეთი პროვოკატორები და მოღალატეები სხეულზე გაჩენილი დაავადებული სიმსივნეა, რომელიც უნდა ამოიშანთოს“, - დაწერა რამზან კადიროვმა თავის Telegram-არხზე.
ქსენია სობჩაკი ამბობს, რომ რამზან კადიროვის მიერ გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს Telegram-არხზე 10-ზე მეტი კრიტიკული პოსტი მიუძღვნა, რის გამოც მას ჩეჩნეთის ლიდერმა პირადად დაურეკა. როგორც სობჩაკი ამბობს, საუბრის დროს კადიროვმა თქვა, რომ არ სურდა მომხდარის დამალვა და ამის აზრსაც ვერ ხედავდა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაისაჯა თუ არა შვილი დაკავებული ჟურაველის ცემისთვის, კადიროვმა უპასუხა: „არა, ის ყოჩაღია და მოიქცა როგორც ნამდვილი მამაკაცი“.
სობჩაკმა ასევე გამოაქვეყნა ძალადობის კადიროვისეული ვერსია: „მივედით წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჟურაველმა თქვა, რომ პირადად ჩემთან უნდოდა საუბარი. მითხრა, რომ ისლამის მიღება სურდა. რაზეც ვუპასუხე, რომ ის შაითანი იყო, მხოლოდ ტყავის გადარჩენა სურდა და რომ არავის სჭირდებოდა მისნაირი მუსლიმები. ამის შემდეგ გამოვედი ოთახიდან, მაგრამ, თურმე, ადამი დარჩა, რაც მე არ შემიმჩნევია. მერე, როცა ყვირილი გავიგონე, მცველს დავავალე მისი გამოყვანა. ადამი დამოუკიდებელი და ტემპერამენტიანი ადამიანია“.
მუსა ლომაევს არ სჯერა, რომ სობჩაკისა და რამზან კადიროვის საუბარი სინამდვილეში შედგა, მეტიც, ლომაევს ისიც კი არ სჯერა, რომ ადამ კადიროვის ძალადობის ამსახველი ვიდეო თვითონ რამზანის გამოქვეყნებულია.
„ეს ვიდეო გამოაქვეყნეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კადიროვის სოცქსელებს მართავენ, ეგონათ, რომ საზოგადოების მთელი ყურადღება აღმაშფოთებელ მკრეხელობაზე, წმინდა ყურანის განადგურებასა და დამნაშავის დასჯაზე კონცენტრირდებოდა და არა მოძალადის ვინაობაზე, მაგრამ არასწორად გათვალეს, - ამბობს ლომაევი, - რამზან კადიროვის ვაჟი აკეთებს ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება ასწავლიდნენ, რასაც ყოველთვის ხედავდა. თავად რამზან კადიროვი სასტიკი სადისტია. ეს არის კაცი, რომელიც აწამებდა და კლავდა მასთან სახლში მისულ ადამიანებს. ბევრს აღარ ახსოვს ეს ყველაფერი. ჩემი უახლოესი თანამებრძოლი დაექვემდებარა კოლოსალურ წამებას, რამზან კადიროვმა პირადად აწამა ის. ვიცნობ კადიროვის ნაწამებ სხვა ასობით ადამიანს. რამზან კადიროვის შვილები სწორედ ასეთ განუკითხაობაში იზრდებოდნენ. 100%-ით დარწმუნებული ვარ: კადიროვის ვაჟს რომ ჰკითხონ, რატომ იძალადა დაკავებულ ადამიანზე, ვერც კი მიხვდება, რას და რატომ ეკითხებიან“.
რუსი ჟურნალისტი მაქსიმ გლიკინის თქმით, რუსეთში ყველასთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ რამზან კადიროვი ხოცავდა და აწამებდა ადამიანებს, თუმცა ასეთი აშკარა აღიარება აქამდე მას არ გაუკეთებია. ახლო წარსულში რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ირიბად მიანიშნებდა ხოლმე, რომ რაღაც საკითხები სასამართლოს გადასაწყვეტი იყო და არა მისი - კადიროვისა, რაც დიდწილად ჭრიდა ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს, კადიროვმა თვისებრივად ახალი ზღვარი გადალახა, რაც მაქსიმ გლიკინის თქმით, მნიშვნელოვანია სიახლეა და ამიტომაც არის, რომ ყველა მასზე ლაპარაკობს.
„არასაჯაროდ ყოველთვის ტრაბახობდა იმით, თუ ვის და როგორ გაუსწორდა. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ახლა საჯაროდ იწონებს ეგზეკუციას. ვფიქრობ, მას (ან მის გარემოცვას) დიდი სურვილი აქვს გააქარწყლოს ხმები, რომ იგი კვდება. ეს განცდა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სობჩაკმა დაიწყო მტკიცება, რომ კადიროვი გამოჯანმრთელდა. საერთოდაც, შვილთან დაკავშირებულმა სკანდალმა სრულად გადაფარა კადიროვის ავადმყოფობის ამბავი. გარდა ამისა, კადიროვმა აჩვენა მოსახლეობას, რომ აკონტროლებს ვითარებას და აკეთებს იმას, რაც მოესურვება: არც კი იფიქროთ, რომ დავსუსტდი და, რომ ავადმყოფობის დროს (ან შემდეგ) უფრო რბილი ვიქნებიო“, - ამბობს მაქსიმ გლიკინი, რომლის თქმითაც, რუსეთში ყველა შეეჩვია, რომ ცხოვრობენ, სულ ცოტა, ორ სახელმწიფოში: რაღაც კანონები მოქმედებს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს კანონები არ მოქმედებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რაც ყველამ იცის და, რასაც ყველა ითვალისწინებს.
რაზე მეტყველებს კადიროვის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და კადიროვ-უფროსის კომენტარი მასზე?
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევ შლოსბერგის აზრით, სულ ცოტა, სამ რამეზე:
- პირველი, კადიროვის კლანი არ აპირებს ჩეჩნეთში ძალაუფლების დათმობას, მათ შორის რამზან კადიროვის გარდაცვალების შემთხვევაშიც. ვინც ხელყოფს კადიროვის ძალაუფლებას, მას ყველაფერი შეიძლება დაემართოს.
- მეორე, კადიროვი დარწმუნებულია მისი და მისი ოჯახის წევრების სრულ დაუსჯელობაში. ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ რა ხდება რეგულარულად ჩეჩნეთში რამზან კადიროვის მითითებით. ის, რომ 15 წლის მოზარდი ცემს ბრალდებულს, რამზან კადიროვისთვის ნორმაა.
- მესამე, ჩეჩნეთის ტერიტორია, სადაც ნიკიტა ჟურაველი განზრახ გადაიყვანეს, კადიროვების სუვერენული ტერიტორიაა. რუსეთის ფედერაციის კანონები და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე არ მოქმედებს და არც იმოქმედებს მანამ, სანამ ჩეჩნეთში კადიროვები იქნებიან ხელისუფლებაში.
რატომ დასჭირდა კადიროვს სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნება? - კითხულობს ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი, პოლიტოლოგი აბას გალიამოვი, რომლის თქმით, ჩეჩნეთის მეთაური ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერაც ვერავინ მიუჩენს ადგილს და, რომ ვითარების სრული ბატონ-პატრონია. მართალია, ფრონტზე თავისი „სიძლიერის“ დამტკიცება არ გამოუვიდა, მაგრამ მის კუთვნილ ტერიტორიაზე ყველაფერი წესრიგშია.
„კადიროვს სურს თავისი საყვარელი კონტექსტის რეპროდუცირება: როცა ის „განუკითხაობს“, ყველა აღშფოთებულია, მაგრამ ვერავინ ვერაფერს უპირისპირებს. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამჯერად ჩეჩნეთის ლიდერმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა პუტინს. როგორი იდიოტიც უნდა იყოს ვოლგოგრადის მკვიდრი, რომელმაც ყურანი დაწვა, ის მაინც ეთნიკური რუსია და ახლა გამოდის, რომ პუტინმა გასწირა რუსი ჩეჩნების დასაგლეჯად. ბუნებრივია, რუსების უმრავლესობას ეს დიდად არ მოეწონება. მით უმეტეს არ მოეწონებათ „რუს პატრიოტებს“, რომლებიც ომის მხარდამჭერი ჯგუფის ხერხემალს წარმოადგენენ. არადა, პუტინს უკვე აქვს პრობლემები სოციალურ ბაზასთან დაკავშირებით“, - ამბობს აბას გალიამოვი.
ჟურნალისტი და ვიდეობლოგერი, ალექსანდრ ნევზოროვი კი დარწმუნებულია, რომ ჟურაველის ბედი შეიძლება გაიზიაროს რუსეთის ნებისმიერმა „მოქალაქემ“ და ამისთვის სულაც არ იქნება საჭირო ყურანის დაწვა.
„უბრალოდ „არმოწონებაც“ საკმარისია იმისთვის, რომ ჩეჩნეთში, კადიროვებთან გიკრან თავი. გროზნოს იზოლატორში მომხდარმა ძალადობის სცენამ რუსეთის ინტელიგენციას მისი უახლოესი მომავალი დაანახვა. ინტელიგენციამ საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, თუ რა განსაცდელი ელის თუნდაც უმნიშვნელოდ განსხვავებული აზრისთვის. ეჭვგარეშეა, პუტინმა მოიფიქრა სოციალური კონსტრუქცია, რომელიც საბჭოურ და ჩრდილოეთკორეულზე უფრო უარესია. კადიროვმა უბრალოდ გააკეთა და მოახდინა რუსეთის მომავლის თვალსაჩინო პრეზენტაცია", - ამბობს ალექსანდრ ნევზოროვი.