მაგრამ ადამ კადიროვი არ არის ტიპური თინეიჯერი, ყოველ შემთხვევაში, მისი საოჯახო ბიოგრაფიის გათვალისწინებით. ის არის კრემლის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის, მესამე შვილი, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში.
15 წლის ბიჭზე ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ მამაცი ახალგაზრდაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ რუსეთის ომში იბრძოდა, დაატყვევა უკრაინელი ჯარისკაცი და მიიღო სახელმწიფო ჯილდო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩეჩნეთის მთავარი სახელმწიფო არხი რეგულარულად აჩვენებს ადამსა და მის ორ უფროს ძმას - 17 წლის ახმატსა და 16 წლის ზელიმხანს (იგივე ელის) - ისინი თან დაჰყვებიან რამზან კადიროვს და სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებაშიც მონაწილეობენ.
ახლა, როცა რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხმები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად ვრცელდება, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა ელოდება ჩეჩნეთს იმ შემთხვევაში, თუ 15 წლის სტაჟის მქონე მისი ავტორიტარი ლიდერი ან მოკვდება, ან ქმედუუნარო გახდება.
კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ არაპირდაპირ მტკიცებულებად, მედიაში პოლიტიკოსის შვილების გააქტიურებული პიარიც მიიჩნევა.
"ხელისუფლება კადიროვის შვილებს უნდა დარჩეთ?"
ჯილდოები, პატივი და ქება-დიდება, რაც კადიროვის შვილებს ყველგან ხვდებათ, ერთგვარი გაფრთხილებაა რამზან კადიროვის მოკავშირეებისათვის, რომლებსაც შესაძლოა პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეთ, - მიიჩნევს ჩეჩენი პოლიტოლოგი რუსლან კუტაევი.
„ეს არის სიგნალი კადიროვის გარემოცვისთვის, რომ არ ჩაებათ პოლიტიკურ თამაშში, რადგან არავინ აპირებს თქვენზე ფსონის გაკეთებას ხელისუფლებაში მოსასვლელად. ის კადიროვის შვილებს უნდა დარჩეთ“, - ამბობს კუტაევი.
გაურკვეველია, თუ რამდენად დამაჯერებელია ეს სიგნალი. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კადიროვის სიკვდილმა, შესაძლოა, მოახდინოს ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროვოცირება, რომლის გაკონტროლებასაც შეეცდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლება. ხოლო მოვლენათა ასეთი განვითარებისადმი თავად კრემლის დამოკიდებულება უცნობია.
პუტინმა იმხანად 31 წლის რამზან კადიროვი მშფოთვარე ჩეჩნეთის პრეზიდენტად 2007 წელს დანიშნა. ამ ხნის განმავლობაში კრემლი თვალს ხუჭავდა რუსეთის კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე კადიროვისა და მისი გარემოცვის მხრიდან.
რუსეთის ლიდერი ბოლომდე ენდობოდა მის მხარეზე გადასულ ჩეჩენ მეამბოხეთა ყოფილ ლიდერს, რომელიც მხარს უჭერდა მოსკოვის ანტიტერორისტულ საომარ კამპანიას ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე ძლიერი იყო შეიარაღებული იატაკქვეშა მოძრაობა.
ბოლომდე არ არის ნათელი, თუ რამდენი შვილი ჰყავს რამზან კადიროვს. ზოგიერთ ბიოგრაფიულ მონაცემსა თუ ცნობარში სახელდება რიცხვი 10, სხვა წყაროებში - 14, რაც თავად კადიროვმაც დაადასტურა. მიმდინარე წლის ივლისში, როდესაც აშშ-მა სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის ლიდერს, მის მეუღლესა და ორ უფროს ქალიშვილს, - კადიროვმა განაცხადა, რომ მას კიდევ 12 შვილი ჰყავს.
ცნობილია, რომ კადიროვის სამი ქალიშვილი სამთავრობო პოსტებს ფლობს: 24 წლის აიშატი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრია; 23 წლის ხატიჯატი რეგიონულ ჯანმრთელობის სისტემას აკონტროლებს, ხოლო 29 წლის ხუტმათი რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.
მაგრამ რამზან კადიროვის ვაჟების: ახმატის, ზელიმხანისა და ადამის მიმართ საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის ყურადღება უფრო მაღალია, ვიდრე ჩეჩნეთის ლიდერის დანარჩენი შვილებისადმი.
მიმდინარე წლის მარტში, თავის ქორწილამდე ერთი დღით ადრე, ახმატი მოსკოვში ერთი-ერთზე შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რამაც გააძლიერა ეჭვი, თითქოს რამზან კადიროვი და კრემლი ახმატს, ჩეჩნეთის ლიდერის ავადმყოფობის გამო, მის მემკვიდრედ ამზადებდნენ.
კადიროვმა, რომელიც უარყოფს მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ხმებს, უმცროსი ახმატის ვლადიმირ პუტინთან არაოფიციალური საუბრის თემად ჩრდილოეთ კავკასიაში ახალგაზრდული პოლიტიკა დაასახელა.
გაზეთების სათაურებში მოხვდა ზელიმხანიც. 2022 წლის დეკემბერში მას, როგორც მოკრივეს, „ჰქონდა პროფესიონალური დებიუტი“ მამამისის მიერ დაარსებულ „შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტურ ჩემპიონატზე“. მაგრამ უცნობია, თუ რა შედეგს მიაღწია ზელიმხანმა, რომელმაც აქამდე რინგზე მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა გამართა.
ჟურაველის ცემის ისტორია
რაც შეეხება 15 წლის ადამს, თინეიჯერული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო და რესპუბლიკის გარეთ კრიმინალური ხასიათის სკანდალითაც მიიპყრო ყურადღება.
მაისში ნიკიტა ჟურაველმა, ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად მოქმედებდა.
26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იგი ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა სცემა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ჟურაველი.
სკანდალი მივიდა რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვას ყურამდე, რომელმაც ამ ფაქტის გადამოწმება ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარ მანსურ სოლტაევს დაავალა.
„შესაბამისი მიმართვა შემოვიდა და მე პირადად მივედი წინასწარი დაკავების იზოლატორში... საუბრის დროს ნიკიტამ თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის დღეს, მას შემდეგ, რაც რამზან ახმატოვიჩმა საკანი დატოვა, მას ადამ კადიროვმა სცემა“, – მოჰყავს სოლტაევის სიტყვები სახელმწიფო სააგენტო „გროზნო-ინფორმს“.
"აღნიშნული შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რამზან კადიროვის სანქციით. მანამდე ის არაერთხელ დაიმუქრა რეპრესიებით მათ წინააღმდეგ, ვინც ყურანს წვავს. როგორც ჩანს, რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის დრო დადგა", - აღნიშნეს სახელისუფლებო გამოცემებმა.
თავად რამზან კადიროვს კომენტარი არ გაუკეთებია თავისი შვილის, ადამ კადიროვის მიერ, დაკავებული მამაკაცის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მაგრამ ადამს გამოექომაგა მისი ბიძა, რამზან კადიროვის ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი, რუსეთის სენატში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების კომიტეტის წამყვანი წევრი. დელიმხანოვმა შეაქო ადამი და დააყოლა, „ძალიან ჰუმანურადაც მოქცეულა“, რაკიღა ჟურაველი ცოცხალიაო.
ეს მინიშნება შესაძლოა მუქარასაც შეიცავდეს.
ყურანის დაწვის გარდა, რუსი გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ უკრაინული წარმომავლობის ჟურაველს თურმე ფული გადაუხადეს იმისთვის, რომ უკრაინის სპეცსამსახურისათვის ფოტოზე აღებეჭდა რუსეთის სამხედრო ობიექტები.
ისინი ფრონტიდან ტყვე უკრაინელი ჯარისკაცებით დაბრუნდნენ
რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში საომრად დაახლოებით 26 000 სამხედრო გააგზავნა რესპუბლიკიდან მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ 2022 წლის თებერვლიდან ომი გააჩაღა. შესაბამისად, აქტიური დემონსტრირება იმისა, რომ შვილები ბოლომდე იზიარებენ მამის ენთუზიაზმს, კრიტიკოსების თქმით, კადიროვის რეჟისურით დადგმული შოუს ნაწილია.
ამ შოუში ადამს ცენტრალური ადგილი უჭირავს. 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მხოლოდ 14 წლისა იყო, ადამი უფროს ძმებთან, ახმატსა და ზელიმხანთან ერთად უკრაინის დონეცკის რაიონში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში იმხანად გავრცელებულ ვიდეოზე მოჩანდა სანგარში მყოფი სამი ბიჭი, რომლებიც ავტომატური შაშხანიდან და ყუმბარსატყორცნიდან ისვრიან.
მოგვიანებით კადიროვმა ტელეგრამის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს მისი ყველა შვილი ფრონტის ხაზიდან ტყვე უკრაინელი ჯარისკაცით დაბრუნდა.
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე სავარაუდო ტყვეებთან ერთად ჩანს სამი ბიჭი, ერთნაირი ავტომატებით ხელში და ერთნაირი მზის სათვალეებით.
დონეცკში ყოფნიდან ერთი წლის თავზე ჩეჩნეთის ქალაქ ახმატ-იურტიში გაიმართა ადამის „სრულწლოვნად გახდომის ცერემონია“. როგორც რამზან კადიროვმა განაცხადა, 15 წლის ყმაწვილს ჩეჩნური ტრადიციის თანახმად გადასცეს ფაფახი და ხანჯალი, რაც ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან მან უმწიკვლოდ უნდა დაიცვას ღირსების კოდექსი (ჩეჩნურად „კონახი“ - ნიშნავს „ღირსეულ ადამიანს“). რაც ნიშნავს, რომ ხელში უნდა აიღოს „ხანჯალი რელიგიის, ღირსებისა და მშობლიური მიწის დასაცავად“.
„რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ჰაფიზი“
ჩეჩენი ანალიტიკოსი, რუსლან კუტაევი მიიჩნევს, რომ ადამ კადიროვი თავის საქციელით არ იმსახურებს „კონახის“ წოდებას.
„კონახობა ბევრ რამეს უკავშირდება. ეს ნიშნავს მოკრძალებას, ერთგულებას სიტყვისა და ხალხისადმი. მისი ასაკის ყმაწვილი არ უნდა იყოს ამპარტავანი და ქედმაღალი. კონახის ხასიათის ძალა მათ შორის სამართლიანობისადმი ლტოლვაშიც გამოიხატება. იმით, რომ ადამმა ფაფახი დაიხურა და ძვირფას სარტყელზე ხანჯალი ჩამოიკიდა, - ეს სახელი მას აბსოლუტურად არ დაუმსახურებია“, - ასკვნის კუტაევი.
ადამი და მისი ძმები უკვე წააწყდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ არასრულწლოვნები რამზან კადიროვის მიერ დაფუძნებულ კლუბ „ახმატის“ მიერ ორგანიზებულ შერეულ ორთაბრძოლებსა (MMA) და კრივის ჩემპიონატებში მონაწილეობდნენ. ხოლო კრივში გამართულ ერთ-ერთ ორთაბრძოლაში ადამი გამარჯვებულად არარსებული „ნოკაუტისთვის“ გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც წინა წლებში, რამზან კადიროვის შვილები კვლავაც აგრძელებენ ჯილდოებისა და მედლების მიღებას.
მარტში, 17 წლის ახმატმა და 15 წლის ადამმა მიიღეს სამკერდე ნიშნებიც „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამორჩეულობისთვის“. მაგრამ არ არის ცნობილი, თუ რა დამსახურებისთვის დააჯილდოვეს ისინი.
სექტემბრის დასაწყისში ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
მაგრამ, როგორც ჩეჩნეთში ამბობენ, ყველას მაინც უმცროსმა ადამმა „აჯობა“.
2013 წელს ჩეჩენმა რელიგიურმა მოღვაწეებმა მაშინ 6 წლის ადამს „რუსეთის ყველაზე ახალგაზრდა ჰაფიზის“ წოდება მიანიჭეს. „ჰაფიზად“ იწოდებიან ის ადამიანები, რომლებმაც მუსლიმთა წმინდა წიგნი ზეპირად ისწავლეს. ეს არის ისეთი მიღწევა, რომლისთვისაც მოზრდილ ადამიანსაც კი მრავალი წელი სჭირდება.
- ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟები, ასევე მისი ქალიშვილები და „ოჯახის სხვა წევრები“ სამხედრო მომზადებას გადიან, - ამის შესახებ რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა ივნისში განაცხადა.
- მანამდე უფლებადამცველებმა კადიროვის შვილების გამოყენებას ომის პროპაგანდაში უწოდეს „შოუს ნაწილი“, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის მცხოვრებთა აგიტირებას, გაწევრიანდნენ „მოხალისეთა“ რიგებში.
- ამ წლის დასაწყისიდან, მედიით პერიოდულად ვრცელდება ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე, 46 წლის რამზან კადიროვი მძიმედ ავადაა და შესაძლოა, კიბო ჰქონდეს.
- ჩეჩნეთის ხელმძღვანელი მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ჭორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ავადმყოფობისთვის არ სცალია, რადგან აპირებს 2026 წლისთვის დანიშნულ ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში მონაწილეობას.