Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იჩქარა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ?


ნაჩქარევად აღასრულა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგში მიღებული გადაწყვეტილება? რამდენად კანონიერად გახდა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი? ეს კითხვები გააჩინა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერილმა სტატუსმა.

როგორც ნიკა გვარამია წერს, მან სტრასბურგიდან მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია, რომელსაც თან ახლავს მნიშვნელოვანი შინაარსის მიწერილობა.

„მიწერილობაში განმარტებულია, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდებაო. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს: ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით რომ დანაშაულს ჩადიხართ?“ - ამ კითხვებით ნიკა გვარამიამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს.

მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმაც განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ გამიზნულად იჩქარა.

„ეს მოხდა გამიზნულად, რათა ძალიან მალე გადასულიყო "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის ხელში და რეალურად ამის უკან დგას "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზანი. იუსტიციის სამინისტრომ ამ ქმედებით ხელი შეუშალა სტრასბურგის სასამართლოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც არ არის სწორი და მიზანშეწონილი“, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ და დიმიტრი საძაგლიშვილმა ასევე გაიხსენეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწვეტილება, რომლის მიმართაც იუსტიციის სამინისტრომ განსხვავებული მიდგომა გამოიყენა.

ნიკა გვარამია: „შეგახსენებთ, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა საქართველოში, რომელზეც ძალაში შესვლის საკითხი წამოიჭრა და პირველი პრეცედენტი (მერაბიშვილის საქმე) იგივე მინისტრის მხრიდან დადგა სრულიად საწინააღმდეგო. აბა ახლა რის საფუძველზე განიმარტა ეს საკითხი სხვაგვარად? თან ისე, რომ დააზიანა კონვენციით დაცული უფრო დიდი ინტერესი, ვიდრე აღსრულების გადავადებით დადგებოდა? რა არის ეს, თუ არა შერჩევითი სამართალი და სახელმწიფოს სპეციფიკური დაინტერესება მედიის მესაკუთრის (მაშასადამე, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის) შეცვლაში?“

ქიბარ ხალვაშის მიერ იუსტიციის სახლში განაცხადის გაკეთება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი და კანონიერი იყო. სტრასბურგის სასამართლომ განიხილა „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის დასაშვები.
პაატა სალია

დიმიტრი საძაგლიშვილი: „ვნახეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაარეგისტრირა, არამხოლოდ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება წილებზე, თავად გენერალური დირექტორიც. რეალურად გვაქვს შემთხვევები, როცა მერაბიშვილის საქმეზე იუსტიციის მინისტრის აკეთებდა განცხადებას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულებულიყო, რადგან მთავრობა აპირებდა სამ თვეში მის გასაჩივრებას დიდ პალატაში, თუმცა ჩვენს საქმეზე ვნახეთ საპირისპირო ქმედება, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საათში დაამთავრა ყველაფერი ისე, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ წავალთ დიდ პალატაში და დიდი პალატა დააკმაყოფილებს საჩივარს, შემდეგ აღსრულებას შეიძლება შეექმნას პრობლემა.“

აღსანიშნავია ისიც, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მისმა ადვოკატებმა ჯერ კიდევ 17 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე მიმართეს იუსტიციის სამინისტროს, არ მოახდინა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შეტანა.

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრის შეცვლის კანონიერებაზე განცხადება გააკეთა ტელეკომპანიის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, რომლის თქმითაც, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ გადაწყვეტილება არ აღსრულებულიყო.

პაატა სალია
პაატა სალია

„ეს არის ცალსახა და ამასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციების ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი. ქიბარ ხალვაშის მიერ იუსტიციის სახლში განაცხადის გაკეთება წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი და კანონიერი იყო. სტრასბურგის სასამართლომ განიხილა „რუსთავი 2“-ის სარჩელის დასაშვებობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე ჩაწერა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციისთვის ანუ ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ასევე არსებობს იუსტიციის სამინისტროს სახელზე სტრასბურგიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც ნათელს ჰფენს აღნიშნულ საკითხს.

იუსტიციის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებ-საიტზე მართლაც გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გამოგზავნილი წერილი, რომელსაც დართული აქვს სამინისტროს შემდეგი განმარტება:

„დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეხუთე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილში აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.

თუ სტრასბურგი იტყვის, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპია დარღვეული, მარტივად შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ რა თანამდევი პროცესები შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ამ პრინციპის დარღვევასთან.
სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძეც მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერების მექანიზმის გაუქმების შემდეგ, აღარ არსებობს რეგისტრაციაში არ გატარების საფუძველი და, შესაბამისად, საჯარო რეესტრსაც არ შეეძლო არ მიეღო საკუთრების გადაფორმების შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა სულხან სალაძე იმასაც ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელებს აქვთ უფლება მიმართონ დიდ პალატას და იდავონ იმაზე, რომ დარღვეული იქნა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.

„თუ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, ეს შეიძლება გახდეს საქმის გადახედვის წინაპირობა, რადგან თუ სტრასბურგი იტყვის, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპია დარღვეული, მარტივად შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზეც, თუ რა თანამდევი პროცესები შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ამ პრინციპის დარღვევასთან“, - ამბობს სულხან სალაძე.

„რუსთავი 2“-ის მოქმედი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ არ აპირებს 18 ივლისის გადაწვეტილების გასაჩივრებას, „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს კი გასაჩვირებისთვის სამი თვე აქვთ მიცემული.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG