Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბოროტ იმპერიას ძალიან დიდი დანაკარგი აქვს - „ქართული ლეგიონის“ მებრძოლ თორნიკე ჩუთლაშვილთან ინტერვიუ


„ქართული ლეგიონის“ მებრძოლი თორნიკე ჩუთლაშვილი.
„ქართული ლეგიონის“ მებრძოლი თორნიკე ჩუთლაშვილი.

მიუხედავად რუსეთის გააფთრებული იერიშებისა, უკრაინის დამცველები აცხადებენ, რომ არ აპირებენ მტერს ჩააბარონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, სადაც უკრაინის არმიას მძლავრი, მრავალეშელონიანი თავდაცვა აქვს ორგანიზებული.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქალაქიდან გასვლას არავინ აპირებს. მტერი დიდი ძალებით ჩრდილოეთი ფლანგიდან, კრასნაია ჰორის მიმართულებით მოიწევს. მაგრამ იქ დიდ დანაკარგს განიცდის. და ძალიან მალე შეიქმნება ვითარება, როდესაც მტერი ვეღარ შეძლებს ახალ-ახალი ძალების ბრძოლაში ჩაბმას“, - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან სატელეფონო ჩართვის დროს უკრაინის ეროვნული გვარდიის ბატალიონ „სვობოდას“ მეთაურის მოადგილემ, ვლადიმირ ნაზარენკომ.

ბახმუტის დამცველთა შორის აღმოჩნდა ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართული ლეგიონის“ ერთი ჯგუფი, რომლის მებრძოლ თორნიკე ჩუთლაშვილს ბახმუტში შექმნილი ვითარების გარშემო სასაუბროდ რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.

34 წლის სერჟანტი ჯარისკაცი თორნიკე ჩუთლაშვილი, „ქართული ლეგიონის“ რიგებში 2015 წლიდან მონაწილეობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. მრავალჯერ დაიჭრა საბრძოლო დავალებების შესრულების დროს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით დაჯილდოებულია მესამე ხარისხის ორდენით „მამაცობისათვის“. მისი დევიზია ღირსება, მამული და სარწმუნოება.

თორნიკე ჩუთლაშვილი: ბახმუტში ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი დანაკარგები აქვს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის. თავად ქალაქ ბახმუტს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ძალიან ძნელია იქ მოწინააღმდეგემ შეტევები განახორციელოს, რადგან იქ არის როგორც მთაგორიანი ადგილები, ასევე მდინარეები, ანუ სხვადასხვა რელიეფია. ამიტომ ძალიან ძნელია შეტევითი ოპერაციების მართვა. ეს იწვევს იმას, რომ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს. ბახმუტის, როგორც ქალაქის შენარჩუნება, ვფიქრობ, რომ შეიძლება და ეს უკვე ფაქტია. მოწინააღმდეგე ბევრჯერ იძახდა, რომ აი, ბახმუტი აიღეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ქვედანაყოფი, რომელიც ბახმუტში იმყოფება, „ქართული ლეგიონის“ ქვედანაყოფებიც, მტერს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. ბახმუტი მოწინააღმდეგის მიერ სამი მხრიდან იბომბება. გზა, რომელიც აქამდე სოლედართან გადიოდა და აკავშირებდა ბახმუტსა და [ქალაქ] სევერსკს, ახლა მოწინააღმდეგეს აქვს გადაჭრილი. იგი მომარაგების ერთ-ერთი წერტილი იყო ბახმუტისთვის.

კობა ლიკლიკაძე: თუ არის დარჩენილი მომარაგების სხვა გზა? რუკაზე ჩანს, რომ საკმაოდ ფართო ყელი უნდა იყოს უკრაინის მთავარ ძალებთან დამაკავშირებელი.

თორნიკე ჩუთლაშვილი: ბახმუტს აქვს მომარაგების რამდენიმე გზა, რომელსაც [უკრაინული ქვედანაყოფები] ძალიან აქტიურად და ძალიან მშვიდად იყენებენ. ანუ არანაირი პრობლემა არ არის. ის გზა, რომელიც სევერსკზე გადიოდა, იქაც აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ მაგისი განთავისუფლებაც დროის ფაქტორია.

კობა ლიკლიკაძე: თორნიკე, თქვენ ყველასათვის ცნობილი „ქართული ლეგიონის“ რაზმთან ერთად იმყოფებით [ცხელ წერტილში] და იმყოფებოდით გარკვეული დროის განმავლობაში ბახმუტში, რა ძალები არიან, რომლებიც უტევენ და ცდილობენ ბახმუტის აღებას? ნუ, ყბადაღებული „ვაგნერი“ ყველასათვის ცნობილია, კიდევ ვინ ჰყავს რუსეთს მაგ ხაზზე?

თორნიკე ჩუთლაშვილი: ფაქტობრივად, რა შესაძლებლობებიც აქვს ელიტარული, ყველა, რადგან მაგათ [რუსებს] უნდათ დაანახონ ხალხს, რომ ბახმუტი აიღეს და ამით რაღაც გამარჯვება მოიპოვეს. და ამისთვის ყველა ძალას, ყველა რესურსს იყენებენ, რაც აქვთ. მუშაობს ავიაცია, მუშაობს არტილერია, მუშაობს ყველანაირი ჯავშანმანქანა, ტანკი თუ ჯავშანტრანსპორტიორი. და თანაც დიდი რაოდენობით. გუშინაც იყო შემთხვევა, როდესაც უკრაინელებმა [მოწინააღმდეგეს] თვითმფრინავები ჩამოუყარეს.

კობა ლიკლიკაძე: და სწორედ დღეს ვუსმენდით, სხვათა შორის, ბახმუტიდან ერთვებოდა პირდაპირ ეთერში, ბატალიონ „სვობოდას“ (თავისუფლების) მეთაურის მოადგილე, ლეიტენანტი ვლადიმირ ნაზარენკო, რომელმაც თქვა, რომ ძალიან დიდი ზიანი მოვაყენეთ ცოცხალი ძალის მხრივ მოწინააღმდეგესო.

თორნიკე ჩუთლაშვილი: ძალიან, ძალიან ბევრი ცოცხალი ძალა ჰყავს დაკარგული რუსეთის ბოროტ იმპერიას. და ძალიან ბევრს კიდევ დაკარგავს. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რისთვის ვიბრძვით. და ადამიანმა როცა იცის, თუ რისთვის იბრძვის, ის ათი თავით სულით მაღლა დგას, და ათჯერ და ასჯერ უფრო ძლიერია შინაგანადაც, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ჩვენ, უკრაინელებმა და ჩვენმა ბიჭებმაც იციან, თუ რისთვის ვომობთ. იმათმა არ იციან, რისთვის ომობენ და ასე მოდიან პირდაპირ. და მოვიდნენ!

  • რუსეთის ჯარმა, რომელიც „ვაგნერით“ არის გაძლიერებული, ქალაქი ბახმუტი აღმოსავლეთით იერიშის საკვანძო მიზნად აქცია. პრიგოჟინმა 12 თებერვალს დაიპირა, რომ „ვაგნერი“ აიღებს ქალაქს, რომელიც მდებარეობს მნიშვნელოვანი გზატკეცილების გასწვრივ და უკვე რამდენიმე თვეა იერიშის სამიზნეა.
  • უკრაინის არმიის თანახმად, მისმა მეომრებმა შეინარჩუნეს პოზიცია ფრონტის ხაზის გასწვრივ და ზოგიერთ არეალში დაკარგული პოზიციები კვლავ დაიბრუნეს.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 14 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს.
  • უკრაინის სამხედრო სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საწყობი.
  • რუსეთმა უკრაინაში განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი. ამის შესახებ 14 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG