მიუხედავად რუსეთის გააფთრებული იერიშებისა, უკრაინის დამცველები აცხადებენ, რომ არ აპირებენ მტერს ჩააბარონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, სადაც უკრაინის არმიას მძლავრი, მრავალეშელონიანი თავდაცვა აქვს ორგანიზებული.
ბახმუტის დამცველთა შორის აღმოჩნდა ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფ „ქართული ლეგიონის“ ერთი ჯგუფი, რომლის მებრძოლს, თორნიკე ჩუთლაშვილს, ბახმუტში შექმნილი ვითარების გარშემო სასაუბროდ რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა.
34 წლის სერჟანტი ჯარისკაცი თორნიკე ჩუთლაშვილი, „ქართული ლეგიონის“ რიგებში 2015 წლიდან მონაწილეობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. მრავალჯერ დაიჭრა საბრძოლო დავალებების შესრულების დროს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით დაჯილდოებულია მესამე ხარისხის ორდენით „მამაცობისათვის“. მისი დევიზია ღირსება, მამული და სარწმუნოება.