150 წლის წინანდელი თუჯის ბოძები შემთხვევით მაშინ იპოვეს, როდესაც პარკ „ზღაპარს“ (ყოფილი ორჯონიკიძის სახელობის პარკი) მძიმე ტექნიკით ასუფთავებდნენ. ბოძები შემთხვევით გამვლელმა, არტურ ჩოლოქიანმა, შენიშნა და ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა.
„წარწერა SIEMENS BROS. LONDON ძალიან იშვიათია. ეს წარწერა ჯერ კიდევ ორი წლის წინ შევამჩნიე. ინდოევროპული ტელეგრაფის შესახებ წაკითხული მქონდა. შევადარე ფაქტები და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ბოძებია, რომლებსაც ყველა დაეძებს, მაგრამ ვერც ვიფიქრებდი, რომ მათ შესახებ ამ დონეზე არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ პარკში რემონტის დაწყებას მშვიდად შევხვდი, მაგრამ რომ ვნახე, ბოძებს მიადგნენ, განგაში ავტეხე“, - ამბობს არტურ ჩოლოქიანი „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას.
მიუხედავად ამისა, პარკში ბოძების დემონტაჟი მაინც გაგრძელდა. მათ ხსნიდნენ და ერთ ადგილას აგროვებდნენ, თუმცა მოგვიანებით სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ ბოძებს რესტავრაციას გაუკეთებენ.
რა არის ინდოევროპული ტელეგრაფი
ინდოევროპული ტელეგრაფი არის ხაზი, რომელიც ლონდონს კალკუტასთან აკავშირებდა. ის 11 000 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და გზად გერმანიას, რუსეთს, ყირიმს, კავკასიასა და სპარსეთს გადიოდა.
ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობა 1867 წელს კომპანია „სიმენსმა და გალსკმა“ დაიწყო. 1870 წლის 12 აპრილს ლონდონიდან კალკუტაში პირველი შეტყობინებაც გაიგზავნა, რომელიც ბრიტანეთის ჰიმნის ტექსტსა და ტელეგრაფისტების ანაზღაურების დეტალებს შეიცავდა.
სიმენსებს საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი იდეა ჰქონდათ და მრავალი მათგანი განახორციელეს კიდეც. ისტორიკოსი ემილ ავდალიანი წიგნში „ქართული მეწარმეობის ისტორიიდან“ წერს, რომ ლონდონი-კალკუტის ხაზის გადასაყვანად 1869 წელს საქართველოში ძმებიდან ერთ-ერთი, კარლ სიმენსი, ჩამოვიდა და შავ ზღვაში გასატარებელი წყალქვეშა კაბელი ჩამოიტანა. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დრომდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ამ ტელეგრაფის ლითონის ბოძები წარწერით – Siemens-Patent-London.
ვერნერ სიმენსი თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომში „ჩემი მოგონებები" ბევრს წერს საქართველოსთან დაკავშირებით - თუ როგორ გაჰყავდათ კაბელი შავი ზღვის ქვეშ, რა შთაბეჭდილება დატოვა ქართულმა ქალაქებმა და ბუნებამ. ასევე მოყვანილი აქვს კავკასიის რუკაზე დატანილი ინდოევროპული ტელეგრაფის სქემაც.
ძმები სიმენსებიდან ერთ-ერთი, ვალტერ სიმენსი, რომელიც თბილისში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვალტერის სიკვდილის შემდეგ სიმენსების სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი თბილისში ოტო სიმენსი გახდა. ვალტერი და ოტო თბილისში, დღევანდელ ვერის ბაღში, იყვნენ დასაფლავებულნი.
რაც შეეხება უშუალოდ აფხაზეთს, ინდოევროპული ტელეგრაფი 1870 წლის 1 მაისს ამუშავდა. 1879 წელს სოხუმიდან 7 000 ტელეგრამა გაგზავნეს, 1877 წელს კი, როცა სოხუმში კიდევ ერთი აპარატი დააყენეს, გზავნილების ოდენობამ თითქმის 9 ათასს მიაღწია.