სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ბრალდებულმა საკრებულოს დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა, 9-დღიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალი“ 13 ოქტომბერს დატოვა. მკურნალობას ის ამჯერად სახლში აგრძელებს.
ბრალდებულის ჯანმრთელობის ცნობაში, რომელიც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალმა“ დაწერა და რომელიც რადიო თავისუფლებას ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გადასცა, აღნიშნულია, რომ დეპუტატი კლინიკაში მიყვანისას უჩიოდა ძლიერ ტკივილს მკერდის ძვლის უკან. ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, ბრალდებულს 2013 და 2016 წლებში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ცნობის თანახმადვე, პაციენტს ესაჭიროებოდა კორონოგრაფიული გამოკვლევა, რაზეც მან უარი განაცხადა. ბრალდებულის ექიმის, კარდიოლოგ ზ.ყიფიანის მიერ შედგენილი ცნობის მიხედვით, 6 ოქტომბერს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩებოდა. 13 ოქტომბერს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დასტაბილურდა და შესაბამისი დანიშნულებითა და რეკომენდაციებით ბინაზე გაეწერა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამ ეტაპზე, მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა, თავად ის მზად არის პირდაპირ ეთერში, ღია დებატებში გამოიწვიოს ილია ჯიშკარიანის თანაშემწე, თამთა თოდაძე, ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს და მისი ადვოკატი, თამარ ლუკავა.
მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძე და მისი ინტერესების დამცველი დებატებში ფეისბუკის პოსტის საშუალებით გამოიწვია. ადვოკატი მიმართავს ტელეკომპანია „მთავარს“, მის ხელმძღვანელსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, დაუთმოს პირდაპირი ეთერი რეზონანსული საქმისადმი მიძღვნილ დებატებს.
როგორც მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, ტელეკომპანია „მთავარს“ პირდაპირი ეთერის დათმობის მოთხოვნით სამი მიზეზის გამო მიმართავს. პირველი მიზეზი ისაა, რომ ადვოკატის თქმით, თამთა თოდაძემ, სწორედ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ დეტალებზე, რომელიც საფუძვლად დაედო ილია ჯიშკარიანის ბრალდებას; მეორე - მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამია, როგორც პროფესიონალი იურისტი და შემდეგ უკვე ჟურნალისტი, მაქსიმალურად კორექტულად წაიყვანს ეთერს და მესამე - დეპუტატის ადვოკატის სიტყვებით, ამ ღია ეთერმა უნდა დაასრულოს საჯარო დებატები და პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლოს.
მარიამ კუბლაშვილი ირწმუნება, რომ შიში, რომ თამთა თოდაძე ბრალდებულის ადვოკატის პირისპირ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება, სიმართლეს არ შეესაბამება:
„ეს რომ არ იყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, რა თქმა უნდა, არანაირ დებატებზე არ იქნებოდა ლაპარაკი. გარწმუნებთ, ეს არ იქნება უთანასწორო ეთერი. მე არ ვაპირებ, მას ველაპარაკო სამართლებრივ ენაზე. მარტივი კითხვები მაქვს. ჩვენებაში ამბობს, რომ გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონიაო, ამას ცალსახად გამორიცხავს, ლაპარაკობს სხვაგვარ ძალადობაზე და ცემაზე. უფრო დეტალურად აგვიხსნას, რას გულისხმობს სექსუალურ ძალადობაში, უფრო დეტალურად ვკითხავ, რა მოხდა და როგორ. ის რომ ამ საკითხზე ღიად არ ლაპარაკობდეს, არც მე მოვითხოვდი მისგან მსგავს კითხვებზე ღია პასუხს. მაგრამ თვითონ ლაპარაკობს, ბევრჯერ გაიმეორა, რომ ნაცემია, მასზე იძალადეს. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება არანაირი არაეთიკური კითხვები. რაც შეეხება ნიკა გვარამიას ეთერს, დებატების მსვლელობისას, დარწმუნებული ვარ, ნიკა იქნება თამთას უძლიერესი დამცველი. აგრეთვე თამთას თან ეყოლება მისი ადვოკატიც. დავსხდეთ, მშვიდად ვისაუბროთ. თავადაც დამისვან კითხვები. სამი ადამიანი იქნება ერთის წინააღმდეგ და მე ამისთვის მზად ვარ“.
თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა დაზარალებულის ადვოკატმა თამარ ლუკავამ:
„ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. ჩვენ არ ვართ ჩართულნი საარჩევნო მარათონში. ჩვენ ვართ ადვოკატები სისხლის სამართლის უმძიმეს საქმეზე და წარმოუდგენელია, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულის შემდეგ, დაზარალებულს მოსთხოვო, რომ გამოვიდეს და უპასუხოს ბრალდებულის ადვოკატის კითხვებს“.
ადვოკატის თქმითვე, თამთა თოდაძე ყველა დასმულ შეკითხვას პასუხს გასცემს სასამართლო სხდომაზე:
„თვით საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ დაზარალებული სასამართლო პროცესზე იკითხება მხოლოდ ერთხელ და ის სრულ ინფორმაციას აძლევს სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის მხარეს. არანაირ დებატებში მიწვევას არ ვეთანხმებით. შეგვიძლია ვუპასუხოთ მარიამ კუბლაშვილს, რომ მის შეკითხვებს თამთა სასამართლო პროცესზე უპასუხებს“.
15 ოქტომბერს დაზარალებულის დაცვის მხარემ პროკურატურას დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. თამარ ლუკავას თქმით, ისინი მოითხოვენ პროკურატურამ დაკითხოს ყველა ის პირი, რომელიც 30 სექტემბერს, თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდნენ, მათ შორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და შსს-ს ისნის რაიონის მეთერთმეტე განყოფილების პოლიციის უფროსი და მის მოადგილე:
„გამოძიებამ დაკითხა მხოლოდ მათი ნაწილი. არადა სწორედ ისინი არიან თვითმხილველები, თუ რა ემოციურ მდგომარეობაში იყო თამთა და რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას სხეულზე. ჩვენ ვითხოვთ აბსოლუტურად ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც ადგილზე იმყოფებოდა“.
მოითხოვს თუ არა დაზარალებულის დაცვის მხარე ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არ აკონკრეტებს თამარ ლუკავა, თუმცა, მისი თქმით, პროკურატურაში დაყენებულია შუამდგომლობა, გამოძიებამ გამოითხოვოს სრული ინფორმაცია ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
„ერთია, რა წერია ჯანმრთელობის ცნობაში და მეორეა, რა ნახა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტიც და ასევე პირდაპირი ეთერიც, სადაც კარგად ჩანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ემოციური მდგომარეობაც. ჩვენ გვქონდა ეჭვები, რომ შეთხზული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე და ეს დადასტურდა, როდესაც ის საუბრობდა პირდაპირ ეთერში და არაფერი ეტყობოდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით შევალთ პროკურატურაში, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გავახმოვანებთ ყველა ჩვენს მოთხოვნას. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც გაიმართება წინა სასამართლო სხდომა“.
რაც შეეხება დაზარალებულ თამთა თოდაძეს, თამარ ლუკავას თქმით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, მისი ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობა დამძიმდა:
„ერთი კვირაა მასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ფსიქოლოგთა მულტიდისციპლინური ჯგუფი. მისი ემოციური მდგომარეობა შეცვლილია იქიდან გამომდინარე, რომ არ წყდება ბრალდების მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებები და ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც მასზე ძალიან მოქმედებს“.
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს.
სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლითაა აღძრული. 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ილია ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს. როგორც მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, „მას განაჩეი გამოუტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა და ლიბერალებმა“. მისივე თქმით, ის მზად არის ბრძოლისთვის.
11 ოქტომბერს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო სხდომა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა.
წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს შედგება.