Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ჯიშკარიანი: განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ამ ლიბერალებმა


„ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ, რომ ჩემი სიმართლე არ დავამტკიცო“, - თქვა „ტვ პირველთან“ ჩართვაში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანმა.

საკრებულოს წევრს, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფება, იმედი აქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება.

„მე ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს, მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელ-ნელა ვიღსდგენ, რომ მე ამ ბრძოლისთვის გავემზადო. თქვენ წამოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი? განაჩენი გამოტანილი მაქვს მე, რატომ ვარ ლოგინში იცით? განაჩენი გამომიტანეს ამ ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ამ ლიბერალებმა“, - აცხადებს ილია ჯიშკარიანი (სტილი დაცულია).

დეპუტატი საკუთარ ვერსიას ჰყვება, რატომ აქვს თამთა თოდაძეს სხეულზე დაზიანებები.

„ყველაფერი დალეწა მან და თავის დალეწილში აიხლართა. როგორ შეიძლება, წერტილოვანი ზიანი მიაყენოს მოძალადემ. საიდან მიიღო დაზიანება? იქნება ქუჩაში წაიქცა? ისეთი ნასვამი იყო, იქნებ კედელს გაეხახუნა? მე რა ვიცი. მაგრამ, იქ აიხლართა თავის დამტვრეულ-ამტვრეულ ნამსხვრევებში, პრინტერი, რომ გადმოაგდო“, - თქვა ჯიშკარიანმა

წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გამოიძახეთ პოლიცია? ჯიშკარიანი პასუხობს:

„მე თავმოყვარე ადამიანი ვარ, ახალგაზრდების რეკომენდაციის მივიღე ეგ ახალგაზრდა [თამთა თოდაძე]. მე, რომ პატრული გამომეძახებინა, მე რა დეპუტატი ვიქნები. კარგი, ერთი პრინტერი გადმოაგდო და შეურაცხყოფა მომაყენა, მე ხო არ ვიცოდი, რომ აქეთ მიჩივლებდა და ძალადობას დამაბრალებდა. ველოდებოდი, რომ მეორე დღეს ბოდიშით მოვიდოდა და გადავწყვეტდით, პრინტერის და მონიტორის ამბავს, იმიტომ, რომ საკრებულოს ქონებაა“, - ჰყვება ჯიშკარიანი.

ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდება ორი მუხლით არის წარდგენილი: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

XS
SM
MD
LG