Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის იგორ სტრელკოვს?  


2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი) 21 ივლისს დააკავეს.
2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი) 21 ივლისს დააკავეს.

რუსეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი, ჰააგის სასამართლოს მიერ უვადო პატიმრობამისჯილი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელიც ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსაც“. რუსულ მედიაში გავრცელებული წინასწარი ცნობების თანახმად, გირკინი სავარაუდოდ სწორედ „ვაგნერის“ ყოფილი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს ექსტრემიზმში.

ჯერ კიდევ „ვაგნერის“ ამბოხებამდე, იგორ სტრელკოვმა მიმდინარე წლის მაისში მოსკოვში თავის მიერ შექმნილი მოძრაობა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბის“ პრეზენტაცია გამართა და „სტაგნაციაში“ მყოფ რუსეთს „ახალი 1917 წელი“ და ომში დამარცხება უწინასწარმეტყველა.

„ვაგნერის“ ყოფილი ექიმის სარჩელი

სამართალდამცავებმა იგორ სტრელკოვი სახლიდან 21 ივლისის შუადღისას წაიყვანეს. სტრელკოვის ტელეგრამის არხზე მისი ცოლის, მიროსლავა რეგინსკაიას მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ბინაში მივიდნენ დაახლოებით 11:30 საათზე და ბინაში ჩხრეკა მოაწყვეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იგორ სტრელკოვი (გირკინი) კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ექიმის, იაროსლავსკის მუნიციპალიტეტის ყოფილი დეპუტატის, დმიტრი პეტროვსკის განცხადების საფუძველზე დაუკავებიათ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაახლოებით 4 დღის წინ პეტროვსკიმ რუსეთის გენერალურ პროკურატურას მიმართა საჩივრით, რომელშიც სტრელკოვს ადანაშაულებდა იმაში, რომ, თითქოს, ის დიდ თანხებს აგროვებდა მეომრების („ჩვენი ბიჭების“) დასახმარებლად, მაგრამ დახარჯულ თანხებზე ანგარიშს არავის აბარებდა. უკანასკნელი წვეთი, პეტროვსკის თქმით, სტრელკოვის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები აღმოჩნდა.

ძნელი სათქმელია, მართლა პეტროვსკის საჩივარი დაედო თუ არა საფუძვლად იგორ სტრელკოვის დაკავებას, მაგრამ თავად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი ექიმი ამას არ გამორიცხავს. „იმედი მაქვს, რომ სწორედ მე მივეცი მსვლელობა ამ საქმეს“, - ციტირებს რუსული მედია პეტროვსკის.

სტრელკოვი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მან ასევე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით უპასუხა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მის ქმედებებს კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.

პუტინის გამოსახულებიანი ოქროს მედლის აუქციონზე გაყიდვა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, იგორ სტრელკოვი, უკრაინაში წარუმატებელი საომარი ოპერაციების მართვის გამო საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.

შარშან შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ წითელი ლიმანის დაკარგვაში, იგორ სტრელკოვმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა და სოციალურ ქსელში გააშარჟა მისი ფოტო.

ამ კრიტიკის გამო, გასულ შემოდგომაზე დონეცკში სახალხო მილიციის რიგებში საომრად ჩასულ სტრელკოვს, მოგვიანებით ამ მისიის შესრულებაზე უარი უთხრეს და უკან გამოისტუმრეს, საკითხის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო.

2023 წლის გაზაფხულზე მისი ინიციატივით დაარსდა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი“, რომელიც უკრაინის ფრონტზე მყოფი რუსეთის არმიის დახმარება ისახავდა მიზნად.

არმიის, მაგრამ არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და რუსეთის ხელისუფლებისა, რომელიც სტრელკოვმა მარტის თვეში გავრცელებულ ვიდეორგოლში დაადანაშაულა იმაში, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყო 2014 წელს, როდესაც, სტრელკოვის რწმენით, პრაქტიკულად ტყვიის გაუსროლელად შეიძლებოდა ხარკოვიდან ოდესამდე ჩასვლა.

მაგრამ 2014 წლის აგვისტოში, სტრელკოვმა დატოვა დონბასი. უფრო ზუსტად, როგორც თავად განმარტავდა, ამ ნაბიჯის გადადგმა მას იმ რუსმა სამხედროებმა აიძულეს, რომლებიც სტრელკოვის წასვლას უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობად ასახელებდნენ.

რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას იგორ სტრელკოვის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლი დუმდა მაშინაც, როცა სტრელკოვმა შექმნა მოძრაობა „ნოვოროსია“ და შევიდა „25 იანვრის კომიტეტში“, რომელიც თავის თავს უწოდებდა „მესამე ძალას“.

ამ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ თავის მტრად გამოაცხადა როგორც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელსაც პირდაპირ „ღალატში“ ადანაშაულებდა, ასევე რუსეთის ლიბერალური ოპოზიცია.

რუსეთის პრეზიდენტისათვის საჯარო სილის გაწვნას ჰგავდა იგორ სტრელკოვის მიერ 2019 წლის მარტის დასაწყისში მიღებული სკანდალური გადაწყვეტილება. მან აუქციონზე გასაყიდად გაიტანა ყირიმის ანექსიისათვის ჯილდოდ მიღებული, პუტინის გამოსახულებიანი ოქროს მედელი.

„გაბრაზებულ პატრიოტთა ჯგუფის“ ფინანსური საქმეები

2023 წლის 14 აპრილს გაჩნდა ცნობა, რომ შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის რუსეთის შსს-ს მოსკოვის პოლიციის სამმართველო აპირებდა სტრელკოვის სავარაუდო შემოწმებას.

სამართალდამცველებს შესაძლო თაღლითობის ფაქტზე ასევე უნდა შეესწავლათ სტრელკოვის მიერ დაფუძნებული „გაბრაზებულ პატრიოტთა ჯგუფის“ ფინანსური საქმიანობა. ოპერატიული ინფორმაციით, სტრელკოვი და მისი მეუღლე თითქოს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციისთვის შემოწირულებებს იღებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავის აბარებდნენ ანგარიშს.

მაგრამ მაშინ გამომძიებლები სტრელკოვთან არ მისულან. ეს 21 ივლისს მოხდა. РБК-ს ცნობით, იგორ სტრელკოვის მიმართ გამოძიებას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აწარმოებს.

„ტელეგრამის“ არხზე უკვე გამოქვეყნდა სასამართლოში გადაყვანილი დაკავებული იგორ სტრელკოვის კადრები.

„ვედომოსტი” და „ბაზა”, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, სასამართლო სხდომის დაწყებამდე წერდნენ, რომ გამოძიება სტრელკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობის ხელწერილს მოითხოვდა.

მაგრამ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ გამოძიება სტრელკოვის დაკავებას ითხოვს.

  • რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ყოფილმა თანამშრომელმა იგორ გირკინმა, რომელიც უფრო მისი ფსევდონიმით, იგორ ივანოვიჩ სტრელკოვით არის ცნობილი, სახელი 2014 წლის გაზაფხულზე გაითქვა. 8 წლის წინ მისი მეთაურობით რუსეთიდან ჩასულმა რაზმმა უკრაინის დონეცკის ოლქის მშვიდობიანი ქალაქები სლავიანსკი და კრამატორსკი აიღო.
  • 2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ ის და სხვა ბრალდებულები დამნაშავედ ცნო 2014 წელს დონბასის საჰაერო სივრცეში Boeing MH17-ის ჩამოგდებასა და 298 ადამიანის მკვლელობაში. ჰააგის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა ოთხი ბრალდებულიდან სამს სამუდამო პატიმრობა.
  • სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყველა დაზარალებულის ახლობლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია 16 მილიონი ევროს ოდენობით იმ ემოციური ტანჯვისთვის, რომელიც მათ განიცადეს ავიაკატასტროფის შედეგად.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეის MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG