Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს დონბასში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი)


რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი იგორ სტრელკოვი (გირკინი). მოსკოვი. 12 მაისი, 2023 წელი
რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი იგორ სტრელკოვი (გირკინი). მოსკოვი. 12 მაისი, 2023 წელი

რუსეთში სამართალდამცავებმა დააკავეს 2014 წელს დონბასის ომში სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი (გირკინი).

ამის შესახებ იტყობინება РБК, სამართალდამცავი ორგანოების ორ წყაროზე და სტრელკოვის ადვოკატ ალექსანდრ მოლოხოვზე დაყრდნობით. მოგვიანებით ეს ინფორმაცია TASS-ის წყაროებმა დაადასტურეს.

გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა სტრელკოვი სახლიდან შუადღისას წაიყვანეს. მის ბინაში მოეწყო ჩხრეკა. წინასწარი მონაცემებით, იგი დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ყოფილი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე.

სტრელკოვის ტელეგრამის არხზე მისი ცოლის, მიროსლავა რეგინსკაიას მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები ბინაში მივიდნენ დაახლოებით 11:30 საათზე და მისი ქმარი წაიყვანეს. რეგინსკაიას თავის მეუღლესთან კონტაქტი მისი დაპატიმრების შემდეგ აღარ ჰქონია. იგი ამბობს, რომ მოახერხა მეგობრებისგან გაერკვია, რომ სტრელკოვს ბრალი ექსტრემიზმში წარუდგინეს. ამჟამად მასთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, განაცხადა TASS-ის წყარომ.

იგორ სტრელკოვი რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია. მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც რუსი სამხედროების რაზმის მეთაურმა, რომელმაც 2014 წლის აპრილში დაიპყრო უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი.

2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ ის და სხვა ბრალდებულები დამნაშავედ ცნო 2014 წელს დონბასის საჰაერო სივრცეში Boeing MH17-ის ჩამოგდებაში და 298 ადამიანის მკვლელობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტრელკოვი იყო პასუხისმგებელი იარაღის მონტაჟსა და მიწოდებაში, როგორც სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა მოსკოვში პასუხისმგებელ პირებთან.

სტრელკოვი მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მან ასევე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით უპასუხა „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს და მის ქმედებებს კონსტიტუციური წესრიგისთვის შექმნილი საფრთხე უწოდა.

მიმდინარე წლის 13 მაისს იგორ სტრელკოვმა მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და წარმოადგინა თავის მიერ შექმნილი მოძრაობა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი“, რომელიც, მისი თქმით, იმოქმედებს, როგორც პოლიტიკური ძალა. სტრელკოვის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა „სტაგნაციაშია“, რის გამოც ქვეყანას „ახალი 1917 წელი“ ელის. სტრელკოვის თანახმად, ომში რუსეთის დამარცხება "რეალურია".

XS
SM
MD
LG