Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თეთრეული, პლედები, ქვაბი...“ - როგორ ეხმარებიან დაზარალებულებს


დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ ბევრმა გამოთქვა დაზარალებულებისთვის უანგაროდ დახმარების სურვილი. მთელი ღამის განმავლობაში ქუჩაში დარჩენილ ადამიანებს მოხალისეები ხან ღამის გასათევს სთავაზობდნენ, ხან - საკვებს და წამლებს.

„ხალხს სჭირდებოდა დახმარება, გარეთ იდგნენ. ყველას ხომ არ ჰყავს ახლობელი და ნათესავი“, - ამბობს ნიკა ბედაშვილი, რომელმაც დაზარალებულებს სასტუმროში ხუთი ოთახი უფასოდ შესთავაზა, - „გუშინ გამგეობა დამიკავშირდა, მოვიყვან ხალხსო, მერე სხვა სასტუმროში წაიყვანეს“.

ინტერნეტსივრცეში მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვა მოხალისეების მიმართვებიც. ზოგი ცხელ შოკოლადს სთავაზობდა შეშინებულ ბავშვებს, ზოგი თავშესაფარს და ზოგი, უბრალოდ, თანადგომას გამოხატავდა.

„არ ინერვიულოთ, მეგობრებო, არავინ დარჩებით უმწეოდ და ბედის ანაბარა“.

„თუ პატარები შეშინებულები არიან, ვერ ამშვიდებთ, არ ვკეტავთ მაღაზიას. მოიყვანეთ, ბუშტებს ვაჩუქებთ, სათამაშოებს მივცემთ, გავართობთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ მათი სტრესიდან გამოსაყვანად“.

გიორგი კობიძე, რომელიც მოხალისე მეხანძრე-მაშველია, აფეთქებიდან 20 წუთში პირველადი დახმარების ყუთით დანგრეულ კორპუსთან იდგა, თუმცა იქ უკვე დახვდა სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ამიტომ მიტანილი ნივთებიდან მხოლოდ წყალი გამოადგა.

„ამ წყალს ხან ვასმევდით და ხან სახეში ვასხამდით, რომ ხალხი სტრესიდან გამოგვეყვანა. ქალები და ბავშვები, ასე თუ ისე, მოაცილეს ტერიტორიას, რადგან გაზი ისევ ჟონავდა. სუნი იდგა“, - ამბობს ის.

ნინო გულდიაშვილმა კი სახლში ახალი ნივთები მოაგროვა.

„ძალიან ემოციური ღამე იყო. ამ დანგრეულ სახლს რომ აჩვენებდნენ, ვიფიქრე, ვინმეს გამოადგებოდა ეს ნივთები. ახალი თეთრეული, პლედები, ქვაბი... ყუთში ჩავაწყვე და ახლა ვინც მომწერს, იმას მივცემ, ან სადაც მეტყვიან, იქ მივიტან“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG