მკვლელობისათვის მსჯავრდებული პირების შეწყალების შემდეგ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან დისტანცირებას ცდილობენ. დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ის ხალხიც კი აკრიტიკებს, ვინც სალომე ზურაბიშვილს ევროპულ და პრინციპულ არჩევანთან აიგივებდა, ვინც აქტიურად იყო ჩართული მის საარჩევნო კამპანიაში.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია. მომდევნო პრეზიდენტს აირჩევს არა ხალხი, არამედ 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია.
ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, სწორედ სალომე ზურაბიშვილს ხვდა პატივი გადაეფურცლა პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის ბოლო ფურცელი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, „დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი“, დიდი ალბათობით, ვერ გახდებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი.
ალბათ, ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს უზარმაზარი სარეკლამო ბანერები, რომლებზეც გამოსახული მმართველი პარტიის ლიდერები ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, ახსოვს მომღიმარი ივანიშვილის დიდი პორტრეტი საარჩევნო სლოგანით „პრინციპული არჩევანი“ და ქვეშ მიწერილი: „ღირსება! თავისუფლება! განვითარება!“
დღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები შეიწყალა, მმართველი პარტიის არც ერთი ლიდერი აღარ საუბრობს სალომე ზურაბიშვილზე როგორც ღირსების, თავისუფლებისა და განვითარების ლოკომოტივზე.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების ასე, მსგავსი შეწყალება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძისათვის კატეგორიულად მიუღებელია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული ადამიანის შეწყალება.
„ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით.
გია ვოლსკიც, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არასწორი გადაწვეტილება მიიღო, როცა მკვლელობაში მსჯავრდებული ორი პირი შეიწყალა.
თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამავდროულად პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანიცაა, ამბობს, რომ მისთვისაც მიუღებელია პრეზიდენტის გადაწვეტილება და, რომ ისიც იზიარებს საზოგადოების აღშფოთებას.
„მესმის რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაა შეიწყალოს მსჯავრდებულები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს შეწყალების მექანიზმის გადახედვა და როგორც მოვისმინეთ, თვითონ პრეზიდენტიც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გამოდის, რომ შეწყალების მექანიზმი იმის გამოა „დასახვეწი“, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. არადა, სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2018 წლის 25 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში გამართულ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე, კახა კალაძე ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „უდიდესი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამებოდა კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის განსაზღვრულ როლს“.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც, რომელმაც ზურაბიშვილის ოპონენტებს „სუსტი კაცები“ უწოდა.
„ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას სიყალბე და სიმართლე; საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახები აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება; ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული; მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისათვის; „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“; „ნაციონალები“ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“ - სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის სახით ქართველ ხალხს სთავაზობდა სიმართლის, წინსვლისა და ღირსების არჩევანს. ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატი თამარ მეფესაც კი შეადარა.
„პირველად ვირჩევთ ქალს პრეზიდენტად. თამარ მეფე ჩვენი ისტორიის ხიბლია, ჩვენ შორეულ ისტორიაში ვახერხებდით ქალბატონებზე დამოკიდებულების გამოხატვას, რაც დღესაც კარგად გამოიხატება ქართულ ოჯახებში, ამის ძალიან ბევრი სიმბოლო გვაქვს. ...ვისურვებდი, რომ არჩევნები ჩატარებულიყოს ძალიან ლამაზ ფორმაში და ქალბატონ სალომეს პირველივე ტურში მიეღოს ის, რასაც იმსახურებს. მოვიდნენ და ხმა მისცენ დამსახურებულ ქალბატონს!“ - თქვა ივანიშვილმა, თუმცა „ლამაზ ფორმაში“, რისი დიდი იმედიც ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილის „პრეზიდენტად გაყვანა“ ვერ მოხერხდა.
საჭირო გახდა მეორე ტური და მმართველი ძალის, მათ შორის თვითონ ივანიშვილის არნახული ძალისხმევა ფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზების სახით... ასეთი ვითარება იყო ერთი წლის წინ, როცა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ერთხმად და დარაზმული ცდილობდნენ თვალი აეხილათ ამომრჩევლისათვის და სალომე ზურაბიშვილის უპირატესობაში დაერწმუნებინათ.
დღეს არავინ საუბრობს ჩვეული რიხით, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევამ მოიტანა მეტი ღირსება, მეტი თავისუფლება და მეტი განვითარება. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შესახებ ნიშანდობლივი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.
„არსებობს კითხვები და, ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, ე.წ. გაუჩალიჩა, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუ არა, მაშინ უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს გაუჩალიჩეს“, - განაცხადა დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა.
შეიძლება, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მართლაც შეცდომაში შეიყვანა ვინმემ, ანუ ზარდიაშვილს რომ დავესესხოთ, ვიღაცამ „გაუჩალიჩა“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი თავის თავზე იღებს მთელ პასუხისმგებლობას, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებთ ვინ გაუჩალიჩა მას. თუმცა, რა განცხადებებიც უნდა გააკეთონ მმართველი პარტიის ლიდერებმა, როგორც უნდა აკრიტიკონ სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის ერთი წლისთავზე, ქართველმა ამომრჩეველმა ზუსტად იცის, თუ ვინ „გაუჩალიჩა“ მას, ვინ „ჩაუდო“ ასეთი პრეზიდენტი.