მეშვიდე თვეა სალომე ჩხვიმიანი აზიის ქვეყნებში ველოსიპედით მოგზაურობს: უკვე მოიარა ირანი, ავღანეთი, პაკისტანი, ყირგიზეთი... მის რუკაზე ჯერ კიდევ ბევრი დანიშნულების წერტილია, სადაც ველოსიპედით უნდა მივიდეს.
სალომე სვანეთში გაიზარდა, მერე აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა მიხვდა, რომ არჩეული პროფესია დიდად არ აინტერესებდა. ერთხანს ავტომექანიკოსად დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ერთ დღეს უცხოელი ველოსიპედისტი არ გაიცნო, რომელიც აზიაში მოგზაურობას გეგმავდა. სალომეს ცხოვრებაც მაშინ შეიცვალა რადიკალურად - ცოტა ფული მოაგროვა, წასვლამდე დამლაგებლად იმუშავა, ოჯახის ძველი, გაფუჭებული ავტომობილი გაყიდა და გზას დაადგა.
მას შემდეგ ის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადადის. როგორც გვიყვება, მოგზაურები ხშირად გარეთაც ათევენ ღამეს, ღია ცის ქვეშ - „1000-ვარსკვლავიან სასტუმროში“. ხან მარტოს უწევს კილომეტრების დაფარვა, ხან ისევ მეგობრებს უერთდება და გზას აგრძელებს. ეს მოგზაურობა სასიამოვნო თავგადასავლებისგანაც შედგება და ფათერაკებისგანაც, მაგრამ სალომე გაჩერებას არ აპირებს.
ფორუმი