Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაიმე, საიდან?! - კონტაქტების კვალდაკვალ


ეპიდემიასთან ბრძოლის რამდენიმე ძირითადი სტრატეგიიდან, ამ მასალაში, რადიო თავისუფლება მსჯელობს კონტაქტების კვლევის ნაწილზე და აფასებს, შეუძლია თუ არა კონტაქტების დადგენას ეპიდემიის შეჩერება.

როდესაც ჯესიკა ხარამიიო სამსახურის საქმეზე ვინმესთან რეკავს, ჩვეულებრივ, საუბარს ასე იწყებს: „გამარჯობა, მე ჯესიკა ვარ, სან-ფრანცისკოს ჯანდაცვის დეპარტამენტიდან. ჩვენი გუნდი კონტაქტებს ეძებს. გვინდა იმ ადამიანებს მივაკვლიოთ, ვინც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა მათთან, ვისაც Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვეს“, - ასეთია კონტაქტების კვლევაზე სტატიის დასაწყისი „ნიუ-იორკ ტაიმსში“. „ტაიმსი“ წერს, რომ დღეს ამერიკაში ათიათასობით ადამიანი ცდილობს კონტაქტების მკვლევრის პოზიციაზე დასაქმდეს. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ეს სამუშაო შტატებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დასაქმების სახედ აქცია.

რა ხდება საქართველოში - ვინ და როგორ ეძებს კონტაქტებს, და შეუძლია თუ არა, კონტაქტების სწორმა კვლევამ შეაჩეროს პანდემია?

ჩვენთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კონტაქტებს და სავარაუდო თუ პოტენციურ ინფიცირებულებს ძირითადად სატელეფონო საუბრებით პოულობენ, ასევე ნაცადი სტრატეგიაა კარდაკარ გამოკითხვა, ახლახან კი კონტაქტების კვლევის მეთოდებს მობილური აპლიკაციაც შეემატა.

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ერთი ადამიანი, საშუალოდ, 2 ან 3 ადამიანს აავადებს. კონტაქტების კვლევის იდეა მარტივია: იპოვო ის 2 ან 3 ადამიანი, მოახდინო მათი იზოლაცია სახლში ან, დადასტურების შემთხვევაში, ჰოსპიტალში, და ასე გაწყვიტო გადადების ჯაჭვი.

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ:

  • კონტაქტების კვლევის სტრატეგია მუშაობს, ის წყვეტს გავრცელების ხაზებს;
  • შესაძლებელია კვლევა ზედმიწევნით სპეციფიკურ სამედიცინო ცოდნას არ მოითხოვდეს, მაგრამ მოითხოვს რესურსებს;
  • კონტაქტების კვლევა ყველაზე ეფექტურია ეპიდემიის დასაწყისში და დასასრულისას.

კონტაქტების კვლევის სტრატეგიაზე რადიო თავისუფლება დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ხათუნა ზახაშვილს, და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსს, ანა კასრაძეს, ესაუბრა.

ამ სქემაზე ჩანს თუ როგორ მოახერხეს ეპიდემიოლოგებმა გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტა. ამ პროცესში საერთო ჯამში მოიძებნა 211 კონტაქტის კვალი. წყარო: www.ncdc.ge
ამ სქემაზე ჩანს თუ როგორ მოახერხეს ეპიდემიოლოგებმა გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტა. ამ პროცესში საერთო ჯამში მოიძებნა 211 კონტაქტის კვალი. წყარო: www.ncdc.ge

პანდემიასა თუ ეპიდემისთან ბრძოლის 3 ძირითადი სტრატეგიიდან - ინფიცირების შემთხვევების რაც შეიძლება ადრეული დაფიქსირება, დადასტურების შემთხვევაში პაციენტის იზოლაცია და კონტაქტების კვლევა - რამდენად მნიშვნელოვანია მესამე, კონტაქტების კვლევის ნაწილი?

ხათუნა ზახაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი, რომელიც Covid-19-ს იწვევს, გადადის წვეთოვანი გზით და, შესაბამისად, ძალიან შორს არ ვრცელდება, ვრცელდება ადამიანების ახლო კონტაქტებით. ამიტომ ყველაზე მთავარი ვირუსის შეკავების პროცესში არის კონტაქტების გამოვლენა და გამოკვლევა.

კონტაქტები იყოფა ორ ჯგუფად: ახლო კონტაქტები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც [ინფიცირებულთან] კონტაქტში იყვნენ 2 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე და 15 წუთს ან მეტი ხნით. ისინი მიიჩნევიან ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანებად. დანარჩენი კი - ვინც იყო კონტაქტში [ინფიცირებულთან] ნიღბით, შემდეგ ხელი დაიმუშავა, ან არ იყო კონტაქტში 2 მეტრზე ახლოს, ჩვეულებრივი კონტაქტებია.

ახლო კონტაქტები ხვდებიან იზოლაციაში და წყვეტენ სხვებთან 14 დღე კომუნიკაციას, სხვა ყველას ვურჩევთ ჯანმრთელობის მონიტორინგს.

თუ, ვთქვათ, მე მიკროავტობუსში გადამედო ვირუსი უცნობისგან, როგორ მიპოვით?

ხათუნა ზახაშვილი: სწორედ ამიტომ ვთხოვთ მგზავრებს, ეკეთოთ ნიღაბი, რადგან მაღალი რისკის მქონე ადამიანებად ითვლებიან. თუ თქვენ ტრანსპორტში დაცულად, ნიღბით იმგზავრეთ და შემდეგ ხელები დაიბანეთ, აღარ ჩაითვლებით მაღალი რისკის კონტაქტად და გადარჩენილი ხართ. ამიტომ ჩვენ არ დაგვჭირდება, რომ გიპოვოთ.

თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც დაუმალავთ კონტაქტები?

ხათუნა ზახაშვილი: ადამიანები არ მალავენ კონტაქტებს. მათ კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტების დადგენა და თანამშრომლობენ. თავადაც აინტერესებთ, გაარკვიონ: „მე საიდან მაქვს და ვინმეს ხომ არ გადავდე” - ეს არის ხოლმე პირველი კითხვა. არა მგონია, ადამიანები ისეთი ბოროტები იყვნენ, რომ არ თქვან, ვის შეიძლება გადასდებოდა. პირიქით, განიცდიან, ვინმეს ხომ არ გადასდეს.

ადამიანები არ მალავენ კონტაქტებს. პირიქით, განიცდიან, ვინმეს ხომ არ გადასდეს.
ხათუნა ზახაშვილი

თუ კონტაქტების 70-80 პროცენტი დაადგინე და მიჰყევი ბოლომდე, მაშინ მართავ სიტუაციას. ის, რომ კონტაქტები 100 პროცენტით გამოავლინო, წარმოუდგენელია. არსებობს მივიწყების სინდრომი და არ გვახსენდება ყველა. თან, საკმაოდ შორი დროის განმავლობაში ვეძებთ. ეს არ ნიშნავს, რომ არ ამბობს და მალავს.

თქვენ კონტაქტებთან კომუნიკაცია ახსენეთ, რა გზით ხდება მათთან დაკავშირება?

ხათუნა ზახაშვილი: კოვიდის შემთხვევაში ეს არის უპირატესად სატელეფონო საუბარი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ხოლმე კარდაკარ სიარული. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასახლებაში ცხოვრობს ადამიანი, რამდენად კარგად იხსენებს კონტაქტებს და რამდენად ფართო წრესთან ჰქონდა შეხება.

ანა კასრაძე: თვითმფრინავის მგზავრების კვლევისას, თუ მგზავრი საქართველოს მოქალაქეა და ის მგზავრობის დროს გადამდები იყო, ვიწყებთ იმ მგზავრების მოძიებას, ვინც იჯდა მის გვერდით და კიდევ ორი რიგით წინ და ორი რიგით უკან - ეს არის არეალი, სადაც გავრცელების რისკია.

თუ მგზავრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციების წესების მიხედვით, ამ ინფორმაციას ვატყობინებთ შესაბამის ქვეყანას, რომ მისი მოქალაქე არის კონტაქტი ან სავარაუდო ინფიცირებული.

ყოფილა შემთხვევ, როდესაც „კონტაქტების გაპარვის” გამო შიდა გადადება მოხდა?

ხათუნა ზახაშვილი: არა. ზოგიერთი შემთხვევა მიდის უსიმპტომოდ ან ისე, რომ მისი გამოვლენა ვერ ხერხდება. ასეთი შემთხვევები არიან ის წყაროები, რომელთაც სხვა ადამიანის ინფიცირების დროს ვერ ვადგენთ ხოლმე.

ეთნიკური უცირესობით დასახლებულ რეგიონში ინფორმირების პრობლემა იყო. შეგიშალათ ამან ხელი კონტაქტების მოძიებაში?

ის კონტაქტი, რომელიც, მაგალითად, 2 კვირის წინ გახდა ინფიცირების წყარო, ადამიანმა შეიძლება, უბრალოდ, ვერ გაიხსენოს. კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე.
ხათუნა ზახაშვილი

ხათუნა ზახაშვილი: მათი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტი იყო და არა ის, რომ არ ასახელებდნენ კონტაქტებს. არ მალავდნენ, რომელი სოფლიდან იყვნენ, იყვნენ თუ არა მოგზაურობაში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს არ იყო სერიოზული დაავადება, სანამ ლეტალური შედეგი არ დადგა, არ აღიქვამდნენ რეალურ საფრთხედ.

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად, ოჯახის წევრი ნებისმიერ შემთხვევაში ახლო კონტაქტად ითვლება?

ხათუნა ზახაშვილი: არა. თუ მე ვყვები, რომ ნაცნობს ველაპარაკე ერთი საათის განმავლობაში და 1-მეტრიანი დისტანციით, ის ჩაითვლება ჩემს ახლო კონტაქტად, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში თბილისში არ ყოფილა და არ მქონია მასთან შეხება, ვერ იქნება კონტაქტი.

ვინ ეძებს საქართველოში კონტაქტებს?

ხათუნა ზახაშვილი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ექიმი-ეპიდემიოლოგები - დაახლოებით, 1500 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით.

ძალიან ბევრი სტაჟიორი სრულიად უანგაროდ აკეთებს ამ საქმეს, [შემთხვევების] რაღაც ნაწილს მათ ვაძლევთ.

რა განასხვავებს კორონავირუსის შემთხვევაში კონტაქტების ძიებას სხვა ვირუსის შემთხვევაში იმავე საქმისგან, თუ ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე პროცესია?

ხათუნა ზახაშვილი: სრულიად განსხვავებული ალგორითმია - ვის ვეძებთ, ვის ვსაზღვრავთ [კონტაქტად]? ყველა [დაავადებას] აქვს თავისი სტანდარტული პროცედურა.

ამ დაავადებას [კოვიდ-19] აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი - ინფიცირებიდან ძალიან გვიან შეიძლება დაიწყოს გამოვლენა. ის კონტაქტი, რომელიც, მაგალითად, 2 კვირის წინ გახდა ინფიცირების წყარო, ადამიანმა შეიძლება, უბრალოდ, ვერ გაიხსენოს. კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე - ხანდახან ეს სიმპტომები იმდენად შემპარავია, რომ ადამიანი ვერც ხვდება.

ხანდახან ადამიანი გეუბნება, რომ „აი, ამ საღამოს შემამცივნა“ და ამ სიმპტომამდე ორი დღით ადრე ის უკვე გადამდები იყო. ძალიან დიდი სიზუსტე მართებს ეპიდემიოლოგებს, რომ არ დაიკარგოს კონტაქტები და მივაღწიოთ ყველას.

სხვა დაავადებების შემთხვევაში ეს ასე არაა. მაგალითად, გრიპი იწყება უცაბედად, მოულოდნელად და ადამიანს ზუსტად საათის გახსენებაც კი შეუძლია, როდის გახდა ავად.

საქართველოში, ჯამში, 800-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი. მათგან რამდენი იყო კონტაქტებით გამოვლენილი?

ხათუნა ზახაშვილი: ამას სპეციალური დათვლა სჭირდება, მაგრამ ამ 800-დან, დაახლოებით, 200-მდე შემთხვევა იქნება პირველი ინფიცირებული, 150-მდე საზღვარგარეთიდან შემოსული და დანარჩენები კონტაქტები. გამოდის, რომ არა უშავს, ისე გვყავს დაჭერილი კონტაქტები.

ანა კასრაძე: როდესაც ადამიანი სტრესულ მდგომარეობაშია, მას უნდა მისცე გარკვეული დრო და შემდეგ უკვე დამოკიდებულია ინტერვიუერის გამოცდილებაზე. არსებობს ირიბი კითხვები. მაგალითად, თუ ადამიანს ეკითხები, სადმე ყოფილა თუ არა, შეიძლება გიპასუხოს, რომ არსად ყოფილა, თუმცა იყო მაღაზიაში, სამედიცინო დაწესებულებაში, - შემდეგ შენ უნდა დაეხმარო დაკონკრეტებაში.

თქვენ თქვით, რომ შეზღუდვების დაწესება და კონტაქტების მოძიება იყო მნიშვნელოვანი ფაქტორები გავრცელების შესაჩერებლად. შეგიძლიათ თქვათ, რომელს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?

ხათუნა ზახაშვილი: შეზღუდვები ქვეყანაში დაწესდა მაშინ, როცა მივხვდით, რომ ხშირ შემთხვევაში ინფიცირების წყაროს დადგენას ვეღარ ვახერხებდით. შემდეგ კონტაქტების კარგად გამოვლენით მივედით იქამდე, რომ ახალი შემთხვევები შიდა გადაცემას აღარ უკავშირდებოდა. ეს ურთიერთმონაცვლე პროცესებია.

ანა კასრაძე: ჩვენ რომ გვქონოდა დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა, ისე როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია, კონტაქტების მოძიება აზრს დაკარგავდა და შეუძლებელიც იქნებოდა. კონტაქტების მოძიების მიზანია, რომ არ გავრცელდეს ვირუსი.

თანამშრომლებისგან, ალბათ, გაქვთ მოსმენილი, რა რეაქცია აქვთ ადამიანებს, როცა უხსნიან, რომ კონტაქტები არიან?

ხათუნა ზახაშვილი: „ვაიმე, ვისგან?!” - რაზეც არასდროს იღებენ ჩვენგან პასუხს.

ანა კასრაძე: მე რომ დამიდასტურდეს კოვიდი, ყველა ჩემს ოჯახის წევრს და ახლობელს გავაგებინებ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში კონტაქტმა უკვე იცის, რომ ის არის კონტაქტი, რადგან, როგორც წესი, ვირუსის დადასტურების შემდეგ ინფიცირებული თავის ახლობლებს ატყობინებს ხოლმე. თუ ეს არ არის ახლო კონტაქტი, მაგალითად, თვითმფრინავის მგზავრი, არ ვასახელებთ ხოლმე, ვინ ვისი კონტაქტია, რადგან ეს არის მისი პირადი ინფორმაცია. ჩვენ, უბრალოდ, ვეუბნებით ხოლმე, რომ „თქვენ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი ხართ“.

XS
SM
MD
LG