ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის დასკვნაც დაიწუნა და “პოლიტიკური გზავნილებით გაჯერებული” უწოდა.
საქართველოს ხელისუფლების რეზისტენტულობის პარალელურად იზრდება სანქცირების გამოყენების შანსიც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა, 15 მაისს საქართველოში ყოფნისას თქვა, რომ თუ კანონი წინ წაიწევს - ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, - და თუ გაგრძელდა „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, - თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე იძალადებენ, აშშ შეზღუდვებს დააწესებს.
„აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და მოგზაურობის შეზღუდვა მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ქმედებებზე და, ასევე, მათ ოჯახებზე".
ამას გარდა, 20 მაისს ამერიკულმა გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ კონგრესმენი ჯო ვილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს და დოკუმენტი კონგრესს რაც შეიძლება მალე წარედგინება.
ამ სტატიაში ვარკვევთ:
- რა ტიპის ფინანსური სანქციები შეიძლება გამოიყენონ ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ
- “შეამსუბუქებს” თუ არა სანქციებს ოთარ ფარცხალაძის პრეცედენტის საპასუხოდ ნათია თურნავას 2023 წლის ბრძანება
- რა რისკებს უქმნის სანქციები ქართულ ბანკებს და საბანკო სისტემას
აშშ-მა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები უკვე გამოიყენა მოსამართლეების და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ. ამის გამო ყოფილ მთავარ პროკურორს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებული იყო ეს შეზღუდვა დაეცვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი ფიქრობს, რომ თუ აშშ-მა სანქციები მართლაც გამოიყენა, “ფარცხალაძის მსგავსი” მიდგომა ექნება, რაც არის:
- ამერიკაში არსებული აქტივების [უძრავი ქონება და სხვა] დაყადაღება
- საბანკო გადარიცხვებზე შეზღუდვა
„ჩვენმა ბანკებმა იცით რატომ გაუყინეს ფარცხალაძეს ანგარიშები?! სისტემაში ეს ადამიანი “ამოუხტებოდათ” როგორც სანქცირებული და ზომები უნდა მიეღოთ. თუ ამას არ გააკეთებდნენ და სხვადასხვა ტრანზაქციაში დაეხმარებოდნენ ან სხვა მომსახურებას გაუწევდნენ, შესაძლოა თავადაც დასანქცირებულიყვნენ”, - ამბობს ის და ამატებს, რომ ფინანსურ სანქციებს, როგორც წესი, ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვაც მოჰყვება ხოლმე.
ფინანსური სანქციები ოჯახის წევრებზე - ქმარზე ან ცოლზე და შვილებზე ავტომატურად არ ვრცელდება და პირიქით, ავტომატურად ვრცელდება შეზღუდვები მოგზაურობაზე. “[სანქციების] გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა გრძელვადიანი პროცესია”, - ამბობს TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.
რადგან ფინანსური სანქციის განმარტება საკმაოდ ფართოა, სანქციების საკითხების ექსპერტს, ტომ კიტინგს ვკითხეთ, რა ტიპის სანქცია შეიძლება გამოიყენოს აშშ-ის მთავრობამ.
ის კვლევითი ორგანიზაცია RUSI-ის ფინანსური დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (CFCS) დირექტორია. RUSI-ი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების სამსახურების სამეფო ინსტიტუტი, მსოფლიოს უძველესი ანალიტიკური ცენტრია.
“როგორც წესი, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას [ნებისმიერი აქტივი, როგორიცაა ბანკში თანხა ან ქონება] აშშ-ში და სანქცირებული პირი მას ვეღარ გამოიყენებს. ცხადია, ამას გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომლებსაც აშშ-ში ქონება არ აქვთ. მაგრამ შესაძლოა იყოს სხვა ეფექტი.
თუ ამ პირებს საბანკო ანგარიში საქართველოს ძირითად ბანკებში აქვთ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან აშშ-ის საბანკო სისტემასთან, მათ შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ამ ადამიანებს ანგარიშები დაუხურონ, რადგან რისკად აღიქვან. რისკად - რომ მათი ბანკი შეიძლება აშშ-ის სანქციებისგან თავის არიდებაში გამოიყენონ.
ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ბანკების წინააღმდეგ აშშ-მ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგას ან შესაძლოა დაკარგონ აშშ-ის საბანკო სისტემასთან კავშირი იმიტომ, რომ ამერიკულმა ბანკებმა მაღალ რისკად შეაფასონ მათთან ურთიერთობა”, - ამბობს კიტინგი.
“მსუბუქი” და “მძიმე” ფინანსური სანქცია
“ამერიკის ხაზინას საკმაოდ ფართო არსენალი აქვს. შეიძლება უფრო მსუბუქად მიუდგეს ან მძიმე ზომები გამოიყენოს”, - გვეუბნება ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
შედარებით “მსუბუქია” აქტივების გაყინვა, რაც, ბედინეიშვილის თქმით, ზოგიერთი ჩინოვნიკისთვის უფრო მტკივნეული იქნება, ზოგისთვის - ნაკლებად. მძიმე სანქციის ფორმად კი ტრაზაქციებზე შეზღუდვას მიიჩნევს.
“სანქცირებულ ადამიანს საზღვარგარეთ გადარიცხვები გაუჭირდება ან უცხოეთიდან ფულის მიღება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დოლარში გადარიცხვებს, რომელზეც ამერიკის ხაზინას [ხაზინის დეპარტამენტი] სრული კონტროლი აქვს. ყველაზე უარესი შემთხვევა იქნება, თიბისი ან საქართველოს ბანკი თუ აღმოჩნდება ისეთ ვითარებაში, რომ ან უნდა გაუყინოს რომელიმე სანქცირებულ პირს ანგარიშები, ან გარიკოს საკორესპოდენტო ბანკთან”, - ამბობს ბედინეიშვილი. საკორესპოდენტო ბანკი/ბანკები, როგორც წესი, უცხოური ბანკები არიან და გადარიცხვებში შუამავლის როლს ასრულებენ. დოლარში გადარიცხვების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, აშშ-ის უმსხვილესი კომერციული ბანკი JPMorgan-ი.
“ამერიკულ კომერციულ ბანკებს იმდენად ეშინიათ, თავად არ დაჯარიმდნენ ხაზინისგან, ამის გამო ქართულ ბანკებთან ურთიერთობა არ უღირთ. ცხადია, საკორესპოდენტო მომსახურება ბანკებისთვის მომგებიანია, მაგრამ ქართული ბანკები მსხვილ ამერიკულ ბანკებს დიდ მოგებას ცხადია ვერ მისცემენ, ხოლო ჯარიმის რისკი იმდენად დიდია, რომ თავის ტკივილად არ უღირთ. ამან შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ქართულ და ამერიკულ ბანკებს შორის საკორესპოდენტო ურთიერთობა, რაც ქართული ბანკებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - ამბობს ბედინეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდებიან, ბანკები დახურავენ ან გაყინავენ სანქცირებული პირების ანგარიშებს და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებენ.
დღეს ქვეყანაში ჯამში 17 კომერციული ბანკია. როგორც ეროვნულ ბანკში გვეუბნებიან, მარტის მდგომარეობით მათი აქტივების ჯამური ღირებულება 81 მილიარდი ლარია. ბანკები ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დამფინანსებლები არიან, ისინი აძლევენ სესხებს როგორც მოქალაქეებს, ასევე მცირე თუ მსხვილ ბიზნესს. ყველაზე მეტ ინვესტიციასაც საფინანსო სექტორი იზიდავს. შარშან მათ 600 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს.
“თუ სანქცირების პროცესი დაიწყო, მისი გაჩერება ძალიან რთული იქნება. ეს საქართველოს ტიპის პატარა და ღია ეკონომიკისთვის დამღუპველია. ჩავთვალოთ, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რაც აქამდე ქვეყანაში არსებობდა, იცვლება, რადგან ის იყო დაფუძნებული თავისუფალ ვაჭრობაზე, ეკონომიკის ღიაობაზე და ამ გზით ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლის მცდელობაზე”, - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
თურნავას “ბრძანება”
ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საკუთარ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა და ბანკებს საქართველოს მოქალაქეზე სანქციების გავრცელების ვალდებულება მოუხსნა - იმ შემთხვევაში, როცა სანქცირებულის ბრალი ქვეყნის სასამართლო სისტემაში დამტკიცებული არ ექნებოდათ. ეს ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეზე სანქციები არ გავრცელდებოდა.
ბედინეიშვილის ვკითხეთ, დაიცავს თუ არა თურნავას ბრძანება სანქციების შემთხვევაში ქართველ მაღალჩინოსნებს და როგორ.
“ვერ დაიცავს. რა უნდა უთხრას თურნავამ ბანკებს - ნუ გაუჩერებთ ანგარიშებს, სანამ ქართული სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებასო?! ამას ბანკები ვერ შეასრულებენ და თუ დაემორჩილებიან, მაშინ გამოვა, რომ ამერიკის ხაზინის ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ იურისდიქციაში არიან, ფაქტობრივად, ბიზნესს კარგავენ და რომელს აირჩევენ?!"
ფორუმი