Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს არ იყო სუიციდი" - ბარსელონაში, 32 წლის ქართველი ქალი, სავარაუდოდ, ფემიციდს ემსხვერპლა


პლაკატები და წარწერები გარდაცვლილი ქალის სახლთან
პლაკატები და წარწერები გარდაცვლილი ქალის სახლთან

ბარსელონაში, 33 წლის ქართველი ქალის, გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი, 32 წლის საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ესპანური მედია წერს, რომ 2 ივნისის ღამეს, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.

გარდაცვლილი ქალის მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლის ბინიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ და პოლიცია გამოიძახეს.

ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ თავდაპირველად, გამოძიება სუიციდის ვერსიას განიხილავდა, თუმცა, გარდაცვალების ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებებისა და სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, შესაძლოა, ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა.

საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც ქალი გადმოვარდა
საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც ქალი გადმოვარდა

5 ივნისს, ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის მეოთხე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 32 წლის კაცს ცოლის აივნიდან შესაძლო გადმოგდების ბრალდებით.

სოლიდარობის აქციები

ბოლო დღეებია, 32 წლის ქალის საცხოვრებელ სახლთან, ბარსელონაში, ჰორტა-გინარდოს რაიონში, ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობის აქციებს მართავს.

ფემიციდი ბარსელონაში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:21 0:00

მის სახლთან მიაქვთ ყვავილები, პლაკატები. ფანჯრებსა და აივნებს იასამნისფერი ლენტები შეაბეს. ამ ფერს ქალთა მოძრაობები ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იყენებენ. როგორც გარდაცვლილი ქალის ახლობლები ამბობენ, იასამნისფერი იყო მისი საყვარელი ფერიც.

„ეს არ ყოფილა სუიციდი. ნასტია აქაა“, - წერია მეტროს სადგურის ჩასასვლელში.

წარწერა მეტროს სადგურის ჩასასვლელში
წარწერა მეტროს სადგურის ჩასასვლელში

“ეს არ იყო სუიციდი, ეს იყო ფემიციდი”...

„დღეს ქალებს გვართმევენ სიმშვიდეს, ჩვენში თესავენ შიშს, ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ძლიერად, გვინდა სიცოცხლე, ვმღერით უშიშრად, ჩვენ გვინდა სამართლიანობა და ერთს თუ შეეხებით, ყველანი გაგცემთ პასუხს“, - წერია გარდაცვლილი ქალის სახლის კედლებზე

პლაკატები გარდაცვლილი ქალის სახლის კედელზე
პლაკატები გარდაცვლილი ქალის სახლის კედელზე

ესპანურენოვან პლაკატებთან ერთად, 6 ივნისს, 32 წლის ქალის სახლთან გაჩნდა ქართულენოვანი პლაკატიც - „არ მომკლა“.

50-მდე ქალი, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, 6 ივნისს შეიკრიბნენ და ნასტიას (როგორც მას მოფერებით ეძახდნენ) სახლთან მიიტანეს პლაკატები, ყვავილები, იასამნისფერი ბუშტები.

ქართველი ემიგრანტების სოლიდარობის აქცია გარდაცვლილი ქალის სახლთან
ქართველი ემიგრანტების სოლიდარობის აქცია გარდაცვლილი ქალის სახლთან

„საოცარ სოლიდარობას გამოხატავენ ესპანელი ქალები. მეტროს ამოსასვლელში უზარმაზარი წარწერა აქვთ გაკეთებული, რომ ეს არ იყო სუიციდი და ეს იყო ფემიციდი. კედლებზე გაკრულია პლაკატები. ქართველები პირველად გუშინ მივედით. მოდიოდნენ მეზობლები, გვისამძიმრებდნენ. ქალის მკვლელობა ესპანეთში ნომერ პირველ ტრაგედიადაა აღიარებული და ამ საქმეებზე თვალს არავინ ხუჭავს“, - გვეუბნება ოლიდარობის აქციის ორგანიზატორი მაკო სამხარაძე,

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 32 წლის ნათია გულბანი ესპანეთში საცხოვრებლად დაახლოებით ორი წლის წინ ჩავიდა. ბარსელონაში ცხოვრობენ მისი ძმა და რძალიც.

რადიო თავისუფლება ესაუბრა გარდაცვლილი ქალის თანამშრომელს:

"ბოლო ხუთი თვე ვიმუშავეთ ერთად. აპარტამენტებს ვალაგებდით და სტუმრების შესასვლელად ვამზადებდით", - ამბობს ის.

როგორც ის გვიყვება, ნათიას ბრალდებულმა (ბექა იმერლიშვილმა) ხელი ორი კვირის წინ სთხოვა.

"ვიდეოც არის. სიურპრიზად მოუწყო ხელის თხოვნის ცერემონია. თავიდან ნასწია უარს ეუბნება, მერე კი თანხმდება.

ვიცოდით, რომ ამ ადამიანთან ჰქონდა ტოქსიკური ურთიერთობა. ასე ამბობდა თვითონ, მაგრამ დეტალებს არასდროს ყვებოდა, ძალადობის შესახებ არ საუბრობდა.

რამდენიმე ხნის წინ ზურგზე შევამჩნიე სილურჯის მსგავსი იარა. ქურთუკი ჰქონდა მხრებზე მოგდებული, ჩამოუვარდა და გამოუჩნდა სილურჯე. რომ ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი, არაფერი, ალერგია მაქვს და გამიმიზეზდაო. იმდენად გულწრფელი გოგო იყო, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სიმართლეს არ ამბობდა.

ორიოდე კვირაა, რაც ამ ადამიანთან საცხოვრებლად გადავიდა, დილაობით შესიებული თვალებით მოდიოდა სამსახურში. თუმცა, მიზეზს არ ამბობდა. ახლა ვაანალიზებთ, რომ სავარაუდოდ, ნამტირალევი იყო ხოლმე. ჩვენ თუ ყველას მიგვეჩქარებოდა ხოლმე სახლში, მას არასდროს", - უყვება ქალი რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, 6 ივნისს, გარდაცვლილი თანამშრომლის სახლთან მისულებს მეზობლები გაესაუბრნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ თავად დაინახეს და გაიგეს, როგორ იხმობდა ქალი დასახმარებლად ხალხს:

"ayúdame - დამეხმარეთო, ბოლოს ეს გაიგეს, პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიციამ ვერ მოასწრო მოსვლა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას გარდაცვლილი ქალის თანამშრომელი, რომელიც მეზობლებზე დაყრდნობით იმასაც ამბობს, რომ ბრალდებული კაცი გაქცევას ცდილობდა, თუმცა მეზობელმა კაცებმა დააკავეს.

თვითმხილველების მონათხრობი

თვითმხილველები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ ნათია ადგილზე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს, ჟურნალისტებს უყვება, რომ დაინახა, როგორ გადმოაგდო ქმარმა ცოლი აივნიდან, მანამდე კი ისინი კამათობდნენ.

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა დაღუპულის დედამთილი, ასევე საქართველოს მოქალაქე ნ.ი. ის უარყოფს შვილის მიმართ წაყენებულ ბრალს და ამბობს, რომ მისი რძალი სუიციდის მსხვერპლია.

“მსხვერპლის გარემოცვა ამბობს, რომ ქმარი ხშირად ესხმოდა თავს ცოლს, აყენებდა შეურაცხყოფას. არაერთხელ მივიდა ადგილზე პოლიცია, თუმცა, ის უარს ამბობდა საჩივრის დაწერაზე”, - წერს ნათიას მეზობლებზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალი SEIZ 100.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, „საკონსულო დაწესებულება საქმის კურსშია და კონტაქტზეა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან“.

7 ივნისს, ბარსელონის იმ რაიონში, სადაც ნათია გულბანი ცხოვრობდა, სახელმწიფო დაწესებულებებმა მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ოჯახი 33 წლის ქალის საქართველოში გადმოსვენებას გეგმავს.

სტატისტიკის საერთაშორისო პორტალის Statista-ს თანახმად, 2023 წელს ესპანეთში 58 ქალი გახდა ფემიციდის მსხვერპლი.

2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში შვიდი ქალი მოკლეს.

ფემიციდი ეს არის ქალების და გოგოების განზრახ მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან. ფემიციდის შემთხვევების უმეტესობა პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერაა ჩადენილი და ხანგრძლივად მიმდინარე ოჯახში ძალადობას, მუქარას ან დაშინებას, ასევე სექსუალურ ძალადობას მოჰყვება.

თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006.

ფორუმი

XS
SM
MD
LG