სიტყვებით „კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმერთისა“, იესომ ევროპას სეკულარიზმი უანდერძა.
ეკლესიას დასაბამითგანვე დუალისტური დამოკიდებულება ჰქონდა ძალაუფლების მიმართ. სახარებისეული ფორმულა - კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმერთისა -(მარკოზი XII, 17; მათე XXI, 22; ლუკა XX, 25) – საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა მოდელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულებისა, სადაც მიწიერი სულიერისგან გამოყოფილი იყო.
შუა საუკუნეებში ეკლესია ფიქრობდა და ლაპარაკობდა სიმბოლოების ენით და ქრისტიანი ავტორები საუბრობდნენ „ორი მახვილის“ თეორიაზე (ლუკა XXII, 38; რომაელთა XIII, 4 და ეფესელთა VI, 17), როცა სურდათ ხაზი გაესვათ განსხვავებაზე მიწიერსა და ზეციურს შორის.
მიუხედავად ამ მემკვიდრეობისა, 2002 წელს ეკლესია ხელს მოაწერს კონკორდატს სახელმწიფოსთან და ამით დაარღვევს იესოს ანდერძს.
დღეს, ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევით და მისი დესეკულარიზაციით, განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებისას, ეკლესია ყოველდღიურად არღვევს იესო ნაზარეველისა და პავლე მოციქულის ანდერძს.
სეკულარული სამყაროთი გარშემორტყმული ეკლესია ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის კომპლექსითაა დაავადებული. და, ხედავს რა მხოლოდ საკუთარი ინსტიტუციის ისტორიას, მის თვალწინ მარცხისა და წარუმატებლობის სურათი იშლება: მრევლი ყოველდღიურად აკლდება (და არა მარტო პროტესტანტული კონფესიების ხარჯზე); ხოლო მისი ავტორიტეტი შაგრენის ტყავივით მცირდება. ეკლესია სავარაუდოდ იმასაც ხვდება, რომ მისი ავტორიტეტის უკანასკნელი ნამცეცები პატრიარქის სუსტ ლურსმანზე კიდია, რომლის ჩამოვარდნაც კაფარნაუმს ბაბილონად გადააქცევს.
და, მიუხედავად ამისა, ერთადერთი, რაც ეკლესიას დღეს აწუხებს, ესაა მისი დამოკიდებულება თანამედროვეობასთან: მას ვერ გადაუწყვეტია, „ტაბურეტის“ თუ სახარების ენით ელაპარაკოს მრევლს. ობსკურანტიზმში ჩავარდნილი, იმის მაგივრად, რომ მორწმუნეებს სახარების და ეპისტოლეების კითხვისკენ უბიძგოს, ეკლესია მორწმუნისგან რიტუალურ (მარხვა, მარხვა და არაფერი გარდა მარხვისა) და პოლიტიკურ (განსაკუთრებით არჩევნების მოახლოებისას) მორჩილებას მოითხოვს. თანამედროვე მდგომარეობა ალბათ წააგავს შუასაუკუნეებისას, როცა მრევლმა წერა-კითხვა არ იცოდა და მისი რელიგიურობა მხოლოდ სასულიერო პირების მორჩილებით შემოიფარგლებოდა. წააგავს და არა იდენტურია, რადგან შუა საუკუნეებში სასულიერო პირები მაინც იღწვოდნენ ინტელექტუალურ სივრცეში...
ღირებულებების მიგრაცია ეკლესიიდან საზოგადოებისკენ, ეკლესიიდან სახელმწიფოსკენ, საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავს საქართველოს ისტორიის დინამიკას. ამ დინამიკას ქართველი მეფეების მონათვლამ ჩაუყარა საფუძველი. ადამიანის უფლებები - აი, ერთ-ერთი გასეკულარიზირებული ქრისტიანული მემკვიდრეობა.
თანამედროვე სეკულარიზაციის კიდევ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ქველმოქმედების სეკულარიზაცია. აი, ერთ-ერთი ფასეული „პროფესიული“ მისია, რომელიც ეკლესიამ დაკარგა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძინა. ასე რომ ქრისტიანული მოდელი ცოცხალია, ოღონდ ეკლესიის გარეთ. ეკლესია კი შეჰყურებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს (რომლებიც ნაწილობრივ მისი ნაშობია) და ვერ ცნობს მათ... განიხილავს რა სახელმწიფოს მეწველ ძროხად, ხოლო საზოგადოებას ცხვრის ფარად, ეკლესია ვერ ხედავს, რომ დღეს მისი ნაშიერნი უფრო ახლოს არიან სახარებისეულ ეთიკასთან, ვიდრე ის თვითონ.
ეკლესია ვერც იმას ხვდება, რომ „სოციოლოგიური ქრისტიანობის“ ეპოქა - როდესაც „რელიგიურობა“ გადაეცემოდა თაობიდან თაობაში სოციალური გარემოს საშუალებით - ნელ-ნელა ქრება საქართველოში. წავიდა ის დრო, როცა ადამიანის რწმენა განპირობებული იყო ოჯახით. მაგრამ „სოციოლოგიური ქრისტიანობის“ გაქრობა არ ნიშნავს რწმენის გაქრობას. ინდივიდუალიზმის ეპოქაში ეკლესიამ მრევლს ინდივიდუალური რწმენა უნდა შესთავაზოს. ეკლესია ვერ ხვდება, რომ დღეს, თანამედროვე საზოგადოებაში, რელიგიური იდენტობა არ უნდა წარმოადგენდეს ყოვლისმომცველ რწმენას, რომელიც მიზნად ისახავს კოლექტიური ცხოვრების რეგულირებას (მარხვა, მარხვა და არაფერი გარდა მარხვისა). ეკლესია ვერ ხვდება, რომ დღეს რწმენა არა დოგმის ან ეკლესიური იერარქის პატივისცემაზე უნდა იყოს დამყარებული, არამედ ინდივიდუალურ სულიერ თანაზიარებაზე. თუ ეკლესია მოახერხებს სახეცვლილებას - მაშინ ის გადარჩება. სხვა შემთხვევაში კი ვერ ასცდება კომატოზურ მდგომარეობას.
„ნუ გეშინიათ“ - ეს სიტყვები თეთრი ძაფივით გასდევს ბიბლიას (თუ არ ვცდები 365-ჯერაა ნახმარი). „ნუ გეშინიათ“ - აი, ის სიტყვები, რომლებითაც ადამიანმა ეკლესიას შეიძლება დღეს მიმართოს და შეახსენოს, რომ ეკლესია მაშინ ძლიერდებოდა, როცა საკუთარ წიაღში იწყებდა სეკულარიზაციას (გავიხსენოთ ფრანცისკე ასიზელის მიერ ჩამოყალიბებული სეკულარული ორდენი, სადაც, კაცების გვერდით, საერო ქალებსაც კი შეეძლოთ გაწევრიანება!). და რაც მთავარია - ეკლესიამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის ქრისტიანულ იდეალს მაშინ მიუახლოვდება, როცა ექსკლუზიურ ეთნო-კონფესიურ დისკურსს დაივიწყებს (რომლის მიხედვითაც ყველა არამართმადიდებელი „მწვალებელია“) და პავლე მოციქულის ნაანდერძებ სიტყვებს გაიხსენებს: „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი (…) რადგანაც ყველანი ერთი ხართ იესოში“.