მას მერე, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროპის კავშირი დატოვა, ევროკავშირი პირველად დაპატარავდა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. და ის მალე ვეღარ განაახლებს ზრდას.
ბრექსიტის შემდეგ სულ რამდენიმე დღეში ევროპის კომისია წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოების ახალ მეთოდოლოგიას, რაც ახალ ქვეყნებს, განსაკუთრებით დასავლეთ ბალკანეთში, გაურთულებს მომავალში კლუბში გაწევრიანებას.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდება და, როგორც ვარაუდობენ, ალიანსი ამის შემდეგ დიდხანს აღარ გაფართოვდება.
2020 წელი ორივე ამ ორგანიზაციისთვის მოასწავებს კონსოლიდაციის ახალ ერას, რომელშიც ყურადღება პირველ რიგში შიგნით იქნება მიმართული თვალსაწიერ მომავალში.
თავიდან შეიძლება ვერც კი შენიშნოთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. ამ შაბათ კვირას ევროკავშირის დაწესებულებებიდან გაქრება დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშა, ბრიტანელი დიპლომატები და მინისტრები აღარ მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის საბჭოს რეგულარულ თათბირებსა და შეხვედრებში და ბრიტანელ დეპუტატებს აღარ ვიხილავთ ევროპარლამენტში.
მაგრამ თავისუფალი ვაჭრობა და მოქალაქეთა თავისუფალი მოძრაობა 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
დიდი ბრიტანეთი კვლავაც შეიტანს ევროკავშირის ბიუჯეტში თავის წილს და ამ პერიოდში ასევე უცვლელი დარჩება დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეთა და ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უფლებები. ფაქტობრივად, ბრექსიტით დაიწყო დროის ახალი ათვლა საიმისოდ, რომ მიღწეულ იქნეს ახალი შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ.
11 თვეში ორმა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს სავაჭრო შეთანხმებას. უკეთეს შემთხვევაში - ყოვლისმომცველ ამბიციურ შეთანხმებას, რომელიც ყველა შესაძლო სფეროს მოიცავს. ევროკავშირის ჩინოვნიკებს ეჭვი ეპარებათ, რომ ეს ამ პერიოდში მოესწრება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი გამორიცხავს ამ საკითხის გადატანას 2020 წლის შემდეგ.
ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იქნება თევზჭერისთვის განკუთვნილი წყლების საკითხი. მოსალოდნელია, სულ მცირე, დიპლომატიური სათევზაო ომის დაწყება, ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სურთ წვდომა ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის თევზით მდიდარ წყლებზე. შესაძლოა ამ პროცესში ისინი შეეცადონ, ლონდონი იმით დაიყოლიონ, რომ შეუნარჩუნონ წვდომა ევროკავშირის მიმზიდველ საფინანსო სექტორზე.
ყოველ შემთხვევაში დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან ბევრ დროს, ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს.
სამაგიეროდ ბრიტანელების წასვლას თითქმის მაშინვე იგრძნობენ ევროკავშირის სამეზობლოში.
ლონდონი ევროკავშირის გაფართოების აქტიური მომხრე იყო და დომინანტურ როლს თამაშობდა კლუბის საგარეო პოლიტიკაში. ბრექსიტის შესახებ რეფერენდუმის წინა პერიოდსა და მის შემდეგ ლონდონის ეს როლი ნელ-ნელა სუსტდებოდა, როცა ბრიტანელი პოლიტიკოსების მთავარ საგარეო პოლიტიკურ საკითხად იქცა ევროკავშირთან ურთიერთობების გარკვევა.
ლონდონის მიერ წარმოქმნილი ვაკუუმი პარიზმა შეავსო.
საფრანგეთი ახლა ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური ძალაა და ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება ევროკავშირის მეზობლებისთვის. პარიზი თითქმის მარტო ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების წარმოებას.
მაგრამ ამ ცალმხრივი სიჯიუტის შედეგები კარგად გამოჩნდება 5 თებერვალს, როცა ევროპის კომისია ევროკავშირის გაფართოების განახლებულ მეთოდოლოგიას გამოაქვეყნებს.
ამას პარიზი მოითხოვდა და ეს მოხდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხარჯზე, რომლებსაც კავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ. ამ წინადადების შინაარსი ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ ორი რამ დღესვე ვიცით: ევროპის კომისია მაქსიმალურად შეეცდება, საფრანგეთს ასიამოვნოს და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთიდან ბევრად უფრო რთული და გრძელი გზა ექნებათ გასავლელი იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროკავშირის წევრები უწოდონ საკუთარ თავს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, საქმე კიდევ უფრო უარესად გამოიყურება. როცა ევროკავშირი მარტში წარმოადგენს თავის იდეებს აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით 2020-იანი წლებისთვის, ის ამ შემთხვევაშიც საფრანგეთს გაუწევს ანგარიშს.
როგორც უკანასკნელ თვეებში პარიზში შექმნილი ორი პოლიტიკური დოკუმენტიდან ჩანს, საფრანგეთი გამორიცხავს, რომ პარტნიორობა ოდესმე შეიძლება იქცეს ევროკავშირში გასაწევრიანებელ გზად.
ამის ნაცვლად მეტი ყურადღება და ფინანსები უნდა მოხმარდეს იმას, რომ პარტნიორები უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული ეკოლოგიაზე. ცხადია, ეს პოლიტიკოსებსაც გაახარებს და მოქალაქეებსაც, მაგრამ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთევროპელი დიპლომატები შიშობენ, რომ ეს მოხდება ევროკავშირის იმ ფონდების ხარჯზე, რაც ხმარდება პარტნიორი ქვეყნების სასამართლო სისტემის გაძლიერებას, უსაფრთხოებას და დიპლომატებს.
ნატოში საქმე ცოტა უკეთ შეიძლება იყოს. გრძელდება ბუზღუნი თურქეთის ქცევის გამო, მაგრამ ამას შედეგად არ მოჰყვება ანკარის გაგდება. თებერვლის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ალიანსის 29 წევრის დროშების გვერდით დაიკავებს ადგილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში. მაგრამ ამას დიდხანს არაფერი მოჰყვება. ნატოს წარმომადგენლებმა შესაძლოა ღიად კომპლიმენტები უთხრან ბოსნიას, საქართველოსა და უკრაინას, მაგრამ პირად საუბრებში ისინი გამორიცხავენ ალიანსში ამ ტრიოს მალე მიღებას.
2020-იან წლებში ნატო 30 წევრის ალიანსად დარჩება ისევე, როგორც ევროკავშირი დარჩება 27-ის კლუბად. და ერთშიც და მეორეშიც მოსახვედრად ბილეთის ფასი კვლავაც ძალზე მაღალი იქნება.