Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურა და დაშავებული მოქალაქეები დევნილთა დასახლებაში


დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება

ნათელა ბერუაშვილი სანიაღვრე არხში ჩავარდა და ხელი დაიზიანა. ის ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ამ დასახლებაში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურა გაკეთდა. მოეწყო სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო ჭები, მაგრამ არხებს არც ცხაური გაუკეთდა და არც გადასასვლელები, ამიტომ ნათელა ბერუაშვილი ასეთ გაუმართავ არხში ჩავარდა. მას დახმარება გორის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

ნათელა ბერუაშვილის გარდა, დაუმთავრებელი სამუშაოების გამო მოზარდები ჭაში ჩაცვივდნენ და ტრავმები მიიღეს, ერთ მოქალაქეს არხში მანქანა ჩაუვარდა და დაუზიანდა. ამ შემთხვევების გახშირების შემდეგ ბერბუკის დევნილთა დასახლების მცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს და მშენებელ კომპანიას საქმის ბოლომდე მიყვანა სთხოვეს. ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ საკანალიზაციო არხი დასახლების მიმდებარე მინდორში გადის და იქ უკვე ჭაობი წარმოიქმნა. გამრავლდა მწერები და დასახლებაში ფეკალიების სუნიც დგას. ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრი, როინ ოქროპირიძე, მივიდა. მას შელაპარაკება მოუვიდა იმ დევნილებთან, რომლებიც სამუშაოს ხარისხიან დასრულებას მოითხოვდნენ. ბერბუკის დევნილთა დასახლებას სწორედ ერედვის დევნილი მუნიციპალიტეტის გამგეობა კურირებს. როინ ოქროპირიძე აცხადებს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად წინადადებით მიმართავს გამგეობასაც და მუნიციპალური განვითარების ფონდსაც.

ბერბუკის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები მოითხოვენ, ინფრასტრუქტურის სამუშაოები ისე დასრულდეს, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. გაუმართავი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა კი მოქალაქეებს საფრთხეს უკვე უქმნის და ეს ახლო მომავალში უნდა გამოსწორდეს. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, საპროტესტო აქციებს მოაწყობენ.

XS
SM
MD
LG