Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს თემატიკა - ინტერვიუ გეი სიყვარულზე გადაღებული ქართული ფილმის პროდიუსერთან


ავტორი: ნინო ჩიმაკაძე

16 მაისს, კანის კინოფესტივალზე სექციაში “Directors’ Fortnight” (რეჟისორის კვირეული)საქართველოში გადაღებული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (“And then we danced”) პრემიერა შედგება. ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი, ლევან აკინია. სიუჟეტი ქართული ხალხური ანსამბლის მოცეკვავეების მერაბისა და ირაკლის წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო კავშირის აღწერს. ფილმი, რომელიც ჯერ არავის უნახავს, უკვე გახდა მწვავე კრიტიკისა და დისკუსიის საგანი საქართველოში.

რადიო თავისუფლება სურათის ქართველ პროდიუსერს ქეთი დანელიას ესაუბრა, რომელიც გადაღებების პროცესში და შემდეგ შექმნილ დაბრკოლებებზე ყვება.

ქეთი, ლევანი არაერთხელ ყოფილა საქართველოში, თუმცა აქ არასდროს უცხოვრია. რამდენად კარგად იცნობს გარემოს, გამოწვევებს, იმ საკითხს, რაზეც ფილმშია აქცენტი?

მიუხედავად, იმისა რომ ლევანი შვედეთში გაიზარდა, საქართველოში ხშირად ჩამოდის, აკვირდება პროცესებს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად იცნობს ჩვენს გარემოს და საზოგადოებას, თავისი პრობლემებით, ფილმიც სწორედ ამ ყველაფრის რეფლექსიაა.

როგორი იყო თავდაპირველი ხედვა და სცენარის მონახაზი, ბევრი რამე შეიცვალა გადაღების პროცესში?

თავდაპირველი ჩანაფიქრით ფილმი უფრო მეტად დოკუმენტური უნდა ყოფილიყო, რეალური გმირებით, სცენებით და ლოკაციებით, თუმცა ფილმის თემატიკის გამო ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა და სტრატეგიაც შეიცვალა. მიუხედავად ამისა, ისევ ბევრი რეალური პერსონაჟია და ბუნებრიობა შენარჩუნებულია.

როგორც ვიცით, გადაღებებისას წინააღმდეგობები შეგხვდათ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებისგან თუ ცალკეული ადამიანებისგან. არც მსახიობების შერჩევის პროცესი იყო ადვილი. მართალია რომ ბევრი ხელოვნური დაბრკოლების გადალახვა მოგიწიათ?

ძალიან ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა შეგვხვდა: მსახიობებმა უარი თქვეს როლზე, კონკრეტულმა პირებმა ლოკაციები დაბლოკეს, და ყველაზე რთული პროცესი რაც გავიარეთ - საავტორო უფლებების მოპოვება ქართულ მუსიკაზე. ძალიან ბევრი ქართული კომპოზიცია თავიდან შევქმენით. ფილმში გამოყენებული ქართული ცეკვის ქორეოგრაფიაც სპეციალურად ამ პროექტისთვის დაიდგა.

ქეთი დანელია, პროდიუსერი
ქეთი დანელია, პროდიუსერი

მოსამზადებელი პერიოდი ძალიან რთული იყო, მაგრამ საინტერესო, იმ მხრივ, რომ დაბრკოლებები, რაც ამ პერიოდში გადაგვხდა, კიდევ უფრო ზრდიდა ფილმის დასრულების სურვილს და მოტივაციას, რადგან კიდევ უფრო გვიმძაფრდებოდა ამ პრობლემებზე წუხილი.

ჩვენი სამუშაო პროცესიც ცოცხალი ფილმი იყო. ფილმშიც შევიდა ის სცენები, რაც მუშაობის პროცესში გადაგვხდა ან შევიტყვეთ.

Indiwire-თან ინტერვიუში ლევანმა თქვა,რომ ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის მოვლენები გახდა. საქართველოში პროფესიული საზოგადოების ნაწილმა მისი ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა - რეჟისორი კომერციულად მომგებიანი თემით დაინტერესდაო. რაიმე სახით ფილმში მოხვდა ეს მოვლენები, თუ მხოლოდ ინსპირაციად დარჩა?

როგორ უნდა აჩვენო ის, რაც არ იცი. არ იცი იმიტომ რომ ვერ ხედავ გეი წყვილის ღია ურთიერთობას.მათი გრძნობები, ემოციები, განცდები არსად ჩანს. საზოგადოებამ იცის, რომ არსებობენ გეი წყვილები, მაგრამ არ იცის როგორ უყვართ მათ. მათი სექსი უფრო წარმოუდგენიათ, ვიდრე სიყვარული. ამიტომაც გონიათ ხან გარყვნილება, ხან დაავადება და ასე შემდეგ.

17 მაისი ფილმში საერთოდ არ არის ნახსენები. ეს ორი ბიჭის პირადი ამბავია, ფილმი მათ ცხოვრებაზეა და იმ გამოწვევებზე, რასაც მუდმივად აწყდებიან.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქართული კინო ჯერ კიდევ საკმაოდ დისტანცირებული ლგბტქ+ თემის საკითხებისგან? გამოხატვის ფორმას ვერ პოულობს, თუ საზოგადოების რეაქციის ეშინია? პრაქტიკულად არ მახსენდება სრულმეტრაჟიანი ფილმი, სადაც არაჰეტერონორმატიული წყვილის გრძნობები და ემოციები იქნებოდა თუნდაც მცირედით ასახული.

არის შიშიც და გამოხატვის ფორმის პრობლემაც. როგორ უნდა აჩვენო ის, რაც არ იცი. არ იცი იმიტომ, რომ ვერ ხედავ გეი წყვილის ღია ურთიერთობას. მათი გრძნობები, ემოციები, განცდები არსად ჩანს. საზოგადოებამ იცის, რომ არსებობენ გეი წყვილები, მაგრამ არ იცის როგორ უყვართ მათ. მათი სექსი უფრო წარმოუდგენიათ, ვიდრე სიყვარული. ამიტომაც ჰგონიათ ხან გარყვნილება, ხან დაავადება და ასე შემდეგ.

მეორე უდიდესი დაბრკოლება არის ფინანსები. წარმოუდგენელია ამ თემატიკის ფილმზე საქართველოში დაფინანსება იშოვო. დაფინანსების შოვნა კი არა, უკვე მოპოვებული დაფინანსებით არის წარმოუდგენლად რთული ასეთი შინაარსის ფილმის გადაღება.

ეს ფილმი ვინ დააფინანსა? საქართველოდან თუ იყო მხარდაჭერა?

ფილმისთვის დაფინანსება შვედეთის კინოინსტიტუტიდან მოვიპოვეთ და დიდი წვალებით ძლივს მოვახერხეთ პროექტის გაკეთება. (საქართველოში) ფინანსების მოპოვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. პროექტი ეროვნული კინოცენტრის კონკურსშიც მონაწილეობდა და, რა თქმა უნდა, არ დაფინანსდა.

საქართველოში ფინანსურად ძალიან დაგვეხმარა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამის მიხედვით, ფილმის გადაღების მიზნით საქართველოში უცხოეთიდან შემოსული/დახარჯული თანხის 20% უკან უბრუნდება კომპანიას.

ფილმი წარმატებული იქნება, თუ იმ პრობლემებს, რაც ფილმშია გაშლილი უფრო მეტი ადამიანი დაინახავს და გაიაზრებს. გადაღებისას და მერეც სულ იმას ვამბობდით, რომ ერთი ქართველი ახალგაზრდის ცხოვრება მაინც თუ შეცვალა ფილმმა, მაშინ ჩვენი საქმე გაკეთებულია.

სამწუხაროა, რომ კულტურის სამინისტროდან კანში ჯგუფის გასამგზავრებელი თანხა ვერ ავიღეთ. ზეპირი შეთანხმება გვქონდა 2500 ლარზე, რაც სასაცილო თანხაა კანისთვის. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ამ თანხას აღარ მაძლევენ, რადგან ვეღარ ასწრებდნენ თანხის გამოყოფასა და ჩარიცხვას.

სანამ უარს მეტყოდნენ, წინა დღეს, ფილმის ტრეილერი რომ დაიდო, დამირეკეს სამინისტროდან და გამომკითხეს ფილმის თემატიკა, ქართულ ანსამბლში ნამდვილად ჩოხებში ცეკავდნენ გეი ბიჭები თუ არა. უბრალო ინტერესად ჩავთვალე. მეორე დღეს კი მითხრეს, რომ იმ 2500 ლარსაც ვეღარ მაძლევენ. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან მწყდება გული. ნახევარი ჯგუფი ჩაიხსნა, ვისაც უნდა წარედგინა ფილმი პრემიერაზე, რადგან საქართველოდან გასამგზავრებელი თანხა ვერ ვიშოვეთ. რომ არა ჩემი პარტნიორების და ჩემი პირადი თანხა, მცირე ჯგუფითაც ვერ წავიდოდით ფესტივალზე.

ეროვნულმა კინოცენტრმა მოგვცა 30% იმ თანხის, რაც რეალურად გვჭირდებოდა. ამიტომ, ამ 2500 ლარსაც დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩვენთვის.

კანის კინოფესტივალზე სულ რამდენიმე ფილმია მოხვედრილი საქართველოდან მთელი 72 წლიანი ისტორიის განმავლობაში. რა პერსპექტივა აქვს ფილმს კომერციული თვალსაზრისით ფესტივალზე ჩვენების შემდეგ?

აუცილებლად წარმატებული იქნება. ფილმი პრემიერამდე საკმაოდ დიდმა ფრანგულმა დისტრიბუტორმა ARP-მა იყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმს საფრანგეთის კინოთეატრებში უჩვენებენ. დისტრიბუციაზე ველაპარაკებით რამდენიმე დიდ პლატფორმასაც. კანშიც გვექნება შეხვედრები და იმედი გვაქვს, კარგი ამბებით დავბრუნდებით.

როგორ ფიქრობთ ფილმი საქართველოშიც წარმატებული იქნება?

საქართველოში ფილმის კომერციულ წარმატებაზე საერთოდ არ ვფიქრობ; საქართველოში კინოს კომერციასთან გაიგივება წარმოუდგენელია - არ არსებობს სადისტრიბუციო არხები. ეს ფილმი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მოვლენა, რომელიც რაღაცას შეცვლის.

ფილმი წარმატებული იქნება, თუ იმ პრობლემებს, რაც ფილმშია გაშლილი, უფრო მეტი ადამიანი დაინახავს და გაიაზრებს. გადაღებისას და მერეც სულ იმას ვამბობდით, რომ ერთი ქართველი ახალგაზრდის ცხოვრება მაინც თუ შეცვალა ფილმმა, მაშინ ჩვენი საქმე გაკეთებულია.

XS
SM
MD
LG