გუდამაყრელები ხეობაში ჰესების მშენებლობის პერსპექტივას აპროტესტებენ. შპს. “სოლო ენერჯი“ მდინარე შავ არაგვსა და მდინარე ბაკურხევზე ორი ჰესის „შავი არაგვისა“ და „შავი არაგვი 1“-ის მშენებლობას გეგმავს.
კომპანიის მფლობელის გიორგი აფციაურის თქმით, გეგმის მიხედვით, ჰესები მცირე ზომისა იქნება, 4.5 და 3 მეგავატიანი სიმძლავრის. მისი თქმით, ადგილობრივების შიშები ჰესების მშენებლობის გარშემო უსაფუძვლოა:
შესაძლოა, შესწავლის შემდეგ გაირკვეს, რომ არაფერი გამოვაგიორგი აფციაური
„ჯერჯერობით არ არის დადგენილი არცერთი ის კომპონენტი, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეფასებული იყოს ჰესებიდან გამომდინარე ან საშიშროება და ან სარგებელი. ჯერ უნდა დაიწეროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, შემდეგ უნდა დადგინდეს ტექნიკური პარამეტრები, პროექტის ეკონომიკური ღირებულება. ყოველივე ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკო კონკრეტულ გეგმაზე, რა იქნება და როგორ იქნება, რას მოიტანს ჰესების მშენებლობა. არსებობს მხოლოდ ჩემი მოლოდინი და ვარაუდი, რომელიც შესაძლებელია, რომ აცილებული იყოს რეალურობას და შესწავლის შემდეგ გაირკვეს, რომ არაფერი გამოვა“.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დამფუძნებელი ამ ეტაპზე, არ საუბრობს პროექტის დეტალებზე, უკვე არსებობს ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი და მისი სკოპინგის ანგარიში, ანუ დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისათვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და არის წინასწარი დოკუმენტი, რომელსაც ამზადებს საქმიანობის განმახორციელებელი ან კონსულტანტი, რომლის საფუძველზეც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს დასკვნებს.
სკოპინკის ანგარიშის განხილვა 11 იანვარს, სოფელ კიტოხში გაიმართა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დოკუმენტის განხილვა ნაჩქარევად დაიგეგმა და მას სულ 7 ადგილობრივი ესწრებოდა, მაშინ, როდესაც ხეობაში 230-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამ განხილვის შემდეგ შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით „დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან“.
არაგვი თავს უშველის, არაგვი არ გაჩერდება მილებში...ეთერ წიკლაური
ეთერ წიკლაური გუდამაყრის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგია. ის შიშობს, რომ ხეობაში ჰესების მშენებლობა და მდინარე არაგვის მილებში მოქცევის პერსპექტივა ხეობას დიდ პრობლემას შეუქმნის:
„აპრილ-მაისში, როცა ჭალებში წყლის დიდი ოდენობა იყრის თავს, როცა არაგვი ძალიან ჩქარია და მაღალი მთებიდან წამოსულ მდინარეს თან მოაქვს ქვა-ღორღი, გზადაგზა დამტვრეული ხეები, რა ნაგებობამ უნდა გაფილტროს ეს მასა, რომ შემდეგ, მილებში გასუფთავებული წყლის მასა შეუშვან? კატასტროფას მოუტანს ეს მთელ ხეობას, ჯერ რა ვართ დარჩენილნი და იმდენს იზამენ, ძალით აგვაყრევინებენ თავს. არაგვი თავს უშველის, არაგვი არ გაჩერდება მილებში, ადგილობრივებმა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ჩვენი იდენტობა არაგვს უკავშირდება. არაგვის სილაღით, მასთან ჭიდილში იბადებიან და იზრდებიან ჩვენი ახალგაზრდები. დღეს კი გვეუბნებიან, რომ არაგვი მილებში უნდა მოექცეს“.
წარმოშობით გუდამაყრის ხეობიდანაა გიორგი ბექაური. ის უახლოეს მომავალში, ხეობაში, სოფელ გამსში, ოჯახთან ერთად გეგმავს დაბრუნებას და იქ ტურისტული საქმიანობის წამოწყებას. გიორგი ვარაუდობს, რომ ჰესების მშენებლობა და შავი არაგვის მილებში მოქცევა ხეობას დაუკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას:
გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გვერდით იგეგმება აუზის გაკეთება...გიორგი ბექაური
„მინდა, რომ ტურისტებს ვანახო ისეთი ხელუხლებელი ბუნება, რომელიც მათ მთაში იზიდავს. ჭალები, ჩქარი მდინარე... ჰესების მშენებლობა კი ხეობაში პირველყოფილ ბუნებას გაანადგურებს. გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის გვერდით, მისი სახლიდან 200 მეტრის დაშორებით იგეგმება აუზის გაკეთება და უკვე იქიდან არაგვი მილებში ექცევა და ასე ჩამოივლის სოფლებს - ჩოხს, გამსს, დიდებანს, კოტორიანს, კიტოხს... ეს სოფლები რჩება არაგვის გარეშე. გარდა ამისა, არაგვში სახლობს წითელკოპლიანი კალმახი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. თუკი არაგვი მილებში მოექცევა, კალმახიც გადაშენდება“...
გარდა ამისა, ჰესების, განსაკუთრებით კი „შავი არაგვის“ ჰესის საპროექტო ტერიტორიას ადგილობრივები გამოიყენებენ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად. გუდამაყრის ხეობის მკვიდრნი ფიქრობენ, რომ მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდეგ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.
ნინო გუჯარაიძე, გარემოს დამცველი ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხეობაში კომპანია საკმაოდ პატარა ჰესების მშენებლობას გეგმავს, სამწუხაროდ, მსგავსი პროექტების განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედება არც ისეთი პატარაა.
გარემოს დამცველი იხსენებს 2014 წლის აგვისტოში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილ მეწყერს, დარიალჰესის მშენებლობის პარალელურად. სწორედ იმ პერიოდში, თერგის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და მდინარე თერგის მილებში მოქცევას აპროტესტებდნენ როგორც ადგილობრივები, ისე გარემოს დამცველები:
„ამ ადამიანების შიში ჩვენთან დაგროვილ ნეგატიურ გამოცდილებას უკავშირდება. გუდამაყრის ხეობის შემთხვევაში, საბედნიეროდ, პროექტი ჯერჯერობით სკოპინგის ეტაპზეა და გამოკვლევები წინ არის, თუმცა, სამწუხარო პრაქტიკა გვაჩვენებს იმასაც, რომ გამოკვლევების ჩატარების ხარისხი საკმაოდ დაბალია ხოლმე. განსაკუთრებით ეს ეხება გეოლოგიურ გამოკვლევებს, რომლებიც ან ზედაპირულად ტარდება და ან საერთოდ არ ტარდება, და მხოლოდ ნებართვის გაცემის შემდგომ ევალება ხოლმე კომპანიას წარმოადგინოს ასეთი ანგარიში“.
ნინო გუჯარაიძე იმასაც ამბობს, რომ განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ცოდნა ადგილობრივი გეოლოგიის შესახებ. მისი თქმით, თუკი საბჭოთა კავშირის პერიოდში ასე თუ ისე ტარდებოდა კვლევები, უკვე რამდენიმე ათწლეულია, სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას მაღალმთიან რეგიონებში შეცვლილი სიტუაციის შესახებ:
გვქონია შემთხვევა, როდესაც 1939 წლის, 1962 წლის დაკვირვების მონაცემებს ეყრდნობიან პროექტის ავტორები...ნინო გუჯარაიძე
„ასევე აუცილებელია მდინარის წყლის ხარჯის შესწავლაც. როდესაც საუბარია მდინარის მილში მოქცევაზე, მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს გათვლილი მდინარის რა ნაწილი რჩება მილს გარეთ. სწორედ წყლის ამ რაოდენობამ უნდა განსაზღვროს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ აბსურდია ლაპარაკი იმაზე, რომ მცირე რაოდენობის წყალი უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მდინარეების წყლის ხარჯთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან არ ხდება მდინარეებზე დაკვირვება. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც 1939 წლის, 1962 წლის დაკვირვების მონაცემებს ეყრდნობიან პროექტის ავტორები, რაც ხშირად აბსოლუტურად აცდენილია რეალობას“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების გარემოს დაცვითი შეფასების დეპარტამენტი ამჟამად მუშაობს სკოპინგის დასკვნაზე, რის შემდეგაც, პროექტის ავტორებმა უნდა წარადგინონ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მიეცემა თუ არა კომპანიას ჰესების მშენებლობის უფლება.
ჰესების „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ ჰესების მშენებლობა გათვალისწინებულია მცხეთა მთიანეთის რეგიონის, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ თორელანის ტერიტორიაზე, მდ. შავ არაგვსა და მის შენაკად ბაკურხევზე. ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ ჰესი ელექტროენერგიას გამოიმუშავებს სათავე ნაგებობებსა და ჰესის შენობას შორის შექმნილი სიმაღლეთა სხვაობის (დაწნევის) გამოყენებით. გამომუშავებული ელექტროენერგია ჩაერთვება სახელმწიფო ელექტროსისტემაში.