Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარი - ახალი ოკუპაციის ორი კვირა


თინა გუგუტიშვილი ორი დღის განმავლობაში საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ჩეხდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მის მიერ დარგულ ვაშლის ხეებს, გაჩეხილი ხეების ადგილას კი ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ძელებს სვამდნენ.

თინა გუგუტიშვილი მათთან კონტაქტშიც შევიდა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა. თინას აინტერესებდა, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს, ახლა კი ახალი ბორდერიზაცია სოფელ გუგუტიაანთკარში პირდაპირ გუგუტიშვილების მიწის ნაკვეთში დაიწყეს.

მაია თუხარელი გუგუტიაანთკარის იმ მონაკვეთზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მუშაობენ, ყოველდღე მიდის და აკვირდება, საით გააგრძელებენ ბოძების ჩასმას და რა რაოდენობის მიწას დაკარგავს სოფელი. მისი აზრით, 50 მეტრით უკვე გადმოიწია ეგრეთ წოდებულმა საზღვარმა და გუგუტიაანთკარელებმა რამდენიმე ჰექტარი უკვე დაკარგეს. მაია თუხარელის აზრით, სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად უსაფრთხოების პრობლემა აწუხებს და ამიტომ პოლიციის საგუშაგოები პირდაპირ ახალ ღობეებთან უნდა განთავსდეს.

საფრთხის მოლოდინს ისიც აძლიერებს, რომ პერიოდულად გუგუტიაანთკარის ცაზე რუსული ვერტმფრენი ჩნდება, ეს კი ადგილობრივ მოსახლეობას ომისდროინდელ მოგონებებს უახლებს. მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლისთვის ახლა უსაფრთხოება, ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებაა.

უფლებადამცველებიც მიიჩნევენ, რომ ახალი ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება ყველა შესაძლო მექანიზმით უნდა მოხერხდეს. ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაზარალებულებს უკვე შეხვდა და მათ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების მომზადებაში დაეხმარება. ნანუაშვილი იზიარებს გუგუტიაანთკარელების მოთხოვნას სოფელში დამატებითი საგუშაგოების მოწყობის თაობაზე.

უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყურადღების გარდა, გუგუტიაანთკარელები სოფელში წყლის სისტემების, გზებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვენ. სოფელში ღამით ჩასული პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უშუალოდ დაზარალებულებს არ შეხვედრია, თუმცა პირობა დადო, რომ მთავრობა არა მარტო დაზარალებულებს დაეხმარება, არამედ მთლიანად სოფლის პრობლემების მოგვარებაზეც იმუშავებენ. მაგრამ ეს ჯერჯერობით სიტყვიერი დაპირებაა. მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთის მესაზღვრეებთან დალაპარაკება გორის მერმაც სცადა, თუმცა მას ზურგი შეაქციეს. კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში მხოლოდ შვებულების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა.

მცოცავი ოკუპაციის ახალი ეტაპი გუგუტიაანთკარში 7 აგვისტოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მათ 300 მეტრამდე ახალი ღობე გაავლეს და ამ ღობის მიღმა მოექცა გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ომის დროს დანგრეული სახლები და მიწის ნაკვეთები.

XS
SM
MD
LG