პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გორის მერიის შენობის წინ, ასფალტზე რუსეთის დროშა დახატეს და КГБ მიაწერეს.
ეს აქცია-პერფორმანსი მიეძღვნა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს, რომელსაც 15 აგვისტოს 63 წელი შეუსრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გორის მერს ასეთი საჩუქარი პრორუსული განცხადებებისა და საბჭოთა ნოსტალგიური განწყობის გამო შეურჩიეს.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რუსეთის დროშის ხატვისას მერიიდან დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოვიდნენ და პროცესის შეჩერება სცადეს, თუმცა პარტიის აქტივისტებმა ნახატის დასრულება მაინც შეძლეს.
გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და ამ საკითხზე მისი პოზიცია უცნობია.
2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თავზარაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა. შარშან კი, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიაანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის კუთვნილი მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს, მერს არ შეუწყვეტია შვებულება და აჭარის ზღვისპირეთში დასვენება. მოგვიანებით მან ახსნა, რომ რუსებთან მაინც ვერაფერს გააწყობდა.
გორის მერის ამ ქმედებებს მუდმივად იხსენებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავისი აქცია-პერფორმანსით „ევროპული საქართველოც“ ამ ფაქტების გახსენებას ისახავდა მიზნად.