Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ვუშველოთ საშუალო სკოლას?


სათაურში დასმული კითხვის წაკითხვისთანავე შეიძლება ვინმემ იკითხოს: „კი, მაგრამ რა აქვს საშველი?“ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ამ სტატიაში გამოვყოფ სამ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც დღესდღეობით აწუხებს ქართული ზოგადი განათლების სისტემას. ეს პრობლემებია: (1) მოსწავლეების თავისუფალ განვითარებაზე ნაკლები აქცენტი და ბავშვთა უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, ხისტი ძალადობრივი მეთოდებით; (2) განათლების დაბალი ხარისხი; და (3) სოციალური უთანასწორობა.

პირველ რიგში, თავისუფალი განვითარებისადმი მტრული დამოკიდებულებით დავიწყებ. საბჭოთა განათლების სისტემა, რომლის მემკვიდრეც არის ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა, ზოგიერთი ადამიანის თვალში დღემდე მიიჩნევა ეტალონად (რამდენად გამართლებულია ასეთი შეხედულება, ამის განხილვას აქ ვერ შევუდგები). ამ სისტემის ყველაზე ბნელი მხარე იყო ის, რომ ის ხელს უშლიდა ადამიანის თავისუფალ განვითარებას. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ის იყო მორგებული საბჭოთა, ტოტალიტარული სახელმწიფოს ინტერესებზე და მის მიზანს წარმოადგენდა სანიმუშო „საბჭოთა მოქალაქის“ აღზრდა, რომელსაც კრიტიკული კითხვების დასმა არ ევალებოდა. საბჭოთა ზოგადი განათლების სისტემა ყველაზე მეტად ორიენტირებული იყო (განსაკუთრებით) საბუნებისმეტყველო დარგებში გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვებისთვის შედარებით უკეთესი პირობების შექმნაზე (მაგალითად, ერთი შეფასებით, საბჭოთა მოსწავლეების დაახლოებით 2-3% სწავლობდა ე.წ. გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში), რაც გამართლებული იყო სწორედ სახელმწიფოს განსაკუთრებული საჭიროებებით. ამავე დროს, ეს სისტემა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა მოსწავლის თავისუფალ განვითარებას, რადგან არადემოკრატიული სახელმწიფო განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამდა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს. საბჭოთა განათლების სისტემის ერთი მკვლევრის შეფასებით, ამ სისტემამ „მისცა [წინანდელზე] მეტი ტექნიკური უნარები პროფესიონალებს ისე, რომ არ უბიძგა მათ, სკეპტიკურად შეეხედათ ოფიციალური დოგმისთვის.“

მართალია თანამედროვე საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება საბჭოთა განათლების სისტემისგან, მაგრამ საბჭოთა მემკვიდრეობა იმაში მაინც ავლენს თავს, რომ დღესდღეობით ქართული სკოლა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეების თავისუფალ განვითარებაზე და მოსწავლეთა უფლებების დაცვაზე. ამაზე განსაკუთრებით მეტყველებს ის ფაქტი, რომ მასწავლებლების ნაწილი ჯერ კიდევ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ბავშვებში ავტორიტეტის მოპოვებას. თანამედროვე ქართულ სკოლებში, როგორც უახლესი კვლევები გვიჩვენებს, ჯერ კიდევ ნორმად არის მიჩნეული მასწავლებლების მხრიდან ბავშვებისთვის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. 2017 წელს გამოქვეყნებულ სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა ნაწილი ძალადობად არ აღიქვამს ძალადობის ისეთ აშკარა ფაქტებს, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა და ა.შ. ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ავტორიტეტული კვლევის დასკვნით, ჩვეულებრივად ამბად არის ქცეული საშუალო სკოლებში მასწავლებლების მიერ ბავშვების დამცირება თანაკლასელების წინაშე.

ცხადია, რომ იქ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის (და არც ასეთი ურთიერთობების დამყარების საჭიროებას ხედავენ), საუბარი ზედმეტია რაიმე სახის თავისუფალ განვითარებაზე, რადგან თავისუფლება პირველ რიგში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აღიარებით და არაძალადობრივი გარემოს შექმნით იწყება. ქართველი მასწავლებლების ნაწილი არ არის მზად, რომ მოსწავლეს შეხედოს, როგორც ფუნდამენტური უფლებების მქონე სუბიექტს, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი აზრი გააჩნია და არა როგორც სათამაშოს, რომელსაც ოფიციალური დოგმები ძალადობრივი გზით უნდა მოახვიონ თავს (რასაკვირველია, არსებობენ გამონაკლისებიც, ანუ მასწავლებლები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეების თავისუფალ განვითარებას და ასეთები ყოველთვის მოსწავლეების განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობენ ხოლმე.)

ქართული საშუალო სკოლების მეორე უდიდესი პრობლემა ის არის, რომ მოსწავლეების კომპეტენციის დონე იმდენად დაბალია, რომ არათუ განვითარებულ, არამედ ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებთან კონკურენციაც კი გაგვიჭირდება. ოთხი წლის წინანდელ ბლოგში ვწერდი, რომ ცნობილი PISA-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციას ზომავს, გამოკითხული 74 ქვეყნიდან საქართველო 65-ე ადგილს იკავებს მათემატიკაში. წაკითხულის გააზრებაში კი 67-ე ადგილზე ვიმყოფებით. ამ ბოლო მონაცემებით, ჩვენზე უკეთესი შედეგები აქვთ ისეთ განვითარებად ქვეყნებს, როგორებიცაა კოსტა-რიკა, მექსიკა, ტაილანდი, ინდონეზია, იორდანია, ჩერნოგორია და ა.შ.

მართალია, ეს ძველი, 2009-2010 წლის მონაცემებია, მაგრამ მას შემდეგ საშუალო განათლების სისტემაში მდგომარეობის რადიკალურად გასაუმჯობესებლად ფუნდამენტური არაფერი შეცვლილა. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ფაქტი იყო ის, რომ 2016 წელს ჩატარებული მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდაში 10 000 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 %-მა გადალახა მინიმალური ზღვარი. 2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლების მხოლოდ 30%-ს ჰქონდათ ჩაბარებული. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი (და მომავალში კიდევ უფრო მეტად გაზრდაა დაგეგმილი). კვლევის დასკვნით, დაფინანსების გაზრდამ ხარისხი სამწუხაროდ, ვერ გააუმჯობესა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 14 სექტემბერს იყალთოში განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაცია მოაწყო. ამ პრეზენტაციაზე ისაუბრეს განათლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს ეს. არადა, ნათელია, რომ არსებული პრობლემების ფონზე, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს: მასწავლებლების მასობრივი გადამზადება და ახალი პერსონალის მომზადება კრიტიკული ჩავარდნების ამოსავსებად (განსაკუთრებით, მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში). ამის გაკეთებას გარკვეული პოლიტიკური გამბედაობა სჭირდება, რითიც „ქართული ოცნების“ მთავრობა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. (პირიქით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ინტერესთა ჯგუფებისთვის კოჭის გაგორებით უფრო არის დაკავებული.)

ბოლოს იმით დავასრულებ, რომ იმ ფონზე, როდესაც საჯარო სკოლებში განათლების ხარისხი ვერ უმჯობესდება, კერძო და საშუალო სკოლებს შორის სხვაობა უფრო და უფრო მეტად იზრდება. დღესდღეობით ზოგიერთი მშობელი, რომელსაც ამის მატერიალური შესაძლებლობა აქვს, ბავშვის კერძო სკოლაში გაგზავნას ამჯობინებს. ზოგიერთ ასეთ კერძო სკოლაში სწავლა წელიწადში 18 000 - 19 000 ლარი ღირს, ანუ იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ქართული უმაღლესი განათლების დაწესებულებების უმეტესობაში. ცხადია, ასეთი სკოლები ახერხებენ საუკეთესო მასწავლებლების მოზიდვას, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის უფსკრულს მათსა და საჯარო სკოლებს შორის. ამ რეალობის გათვალისწინებით, საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდა დღეისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის იმ აზრითაც, რომ შემცირდეს ხარისხობრივი სხვაობა კერძო და საჯარო სკოლებს შორის. ამ გზით სოციალური უთანასწორობის დონეც შედარებით შემცირდება.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემას, სამწუხაროდ, ერთ დღეში ვერაფერი ეშველება. სახელმწიფო იმაში მართალია, რომ რეფორმა მოითხოვს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მაგრამ თუკი ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე ღიად საუბარი თავიდანვე არ დავიწყეთ, სასურველ შედეგს ვერასდროს მივაღწევთ. „ქართულ ოცნებას“ ხშირად აქვს „პრაგმატული“ სტრატეგია, რომ „არც მწვადი დაწვას და არც შამფური“, მაგრამ ამ სტრატეგიით რადიკალური ცვლილებების განხორციელებაზე ამბობს უარს. ზოგჯერ საჭიროა ბევრად თამამი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG